Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ ილუზიების ტყვეობაშია და მალე უხეშად „შეაღვიძებენ“ - ტომ როგანი


ინტერვიუ ბრიტანელ ჟურნალისტ ტომ როგანთან.
ინტერვიუ ბრიტანელ ჟურნალისტ ტომ როგანთან.

„ეს სანქციები არ დაწესდებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციაში რომ სჯეროდეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ სწრაფადვე მოხსნიდა... ორბანი და "ქართული ოცნება" ჩინეთის "ნაყიდი მარიონეტები" არიან“, - ეუბნება 2024 წელს რუსეთის შავ სიაში შეყვანილი ბრიტანელი ჟურნალისტი, ტომ როგანი რადიო თავისუფლებას.

გასული წლის ბოლოს Washington Examiner-ში გამოქვეყნებული მისი თვალსაზრისი, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ კორუმპირებულ ავაზაკთა ჯგუფი უწოდა და ეჭვი გამოთქვა, რომ მათ პრეზიდენტ ტრამპის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, თბილისში განხილვის საგანი გახდა. რისი იმედი აქვს „ოცნებას“, მას შემდეგ, რაც მის დამფუძნებელ მილიარდერს აშშ-ის ხაზინამ სანქციები დაუწესა? ტომ როგანს ვაჟა თავბერიძე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია - მოდით, დავიწყოთ ამ გადაწყვეტილების მასშტაბის, წონისა თუ გავლენის განსაზღვრით.

ტომ როგანი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ის, რომ ამას ამდენი ხანი დასჭირდა, ცალკე პრობლემაზე მიგვანიშნებს - ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დამახასიათებელ გაუბედაობაზე. სწორედ ამ ფეხისთრევამ აფიქრებინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომ შეერთებული შტატები თვალს დახუჭავდა მათ ქცევაზე. ეს ნაბიჯი პრეცედენტია, ინიციატივა, რომელსაც ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციაც გაჰყვება.

[ინაუგურაციამდე] დარჩენილ დღეებში შესაძლებელია, ველოდოთ შემდგომ ნაბიჯებს, როგორიცაა სანქციები იმ პირებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნებას შეეცდებიან.

რადიო თავისუფლება: პირადად ივანიშვილისთვის რას ნიშნავს ეს ყოველივე? პოლიტიკურ და სოციალურ დამღას? ფინანსურ კეთროვნად იქცა?

ტომ როგანი: დიახ, ვფიქრობ, ასეა. ეს, შესაძლოა, იქცეს წინაპირობად მეორადი სანქციებისთვისაც მის ბიზნესინტერესებზე. ის, ფაქტობრივად, პერსონა ნონ გრატად იქცა დასავლური ფინანსური სისტემისთვის. როგორც ტრამპის, ასევე ბაიდენის ადმინისტრაციისგან - [ინაუგურაციამდე] დარჩენილ დღეებში შესაძლებელია, ველოდოთ შემდგომ ნაბიჯებს, როგორიცაა სანქციები იმ პირებისა თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნებას შეეცდებიან. ვფიქრობ, მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის ასე ჟღერს - წილი ნაყარია: მან თავისი არჩევანი გააკეთა, როდესაც დასავლეთს კარი გამოუხურა. ახლა მიახვედრებენ, რომ ვეღარ გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა და, ამავდროულად, დასავლური ფინანსური სისტემის სიკეთეებით სარგებლობას.

რადიო თავისუფლება: და ამ გზავნილში ისიც უნდა „წავიკითხოთ“, რომ მას უკან დასახევი გზაც აღარ დარჩა?

ტომ როგანი: ვფიქრობ, რომ კი. ვფიქრობ, ამ ნაბიჯით საბოლოოდ, ნათლად გაცხადდა ის, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის კარგა ხნის წინ უნდა ყოფილიყო აშკარა: რომ ეს კაცი არ არის დაინტერესებული დიალოგითა თუ დისკუსიებით. ერთადერთი ჯეროვანი პასუხი შეერთებული შტატების მხრიდან პრინციპული, მტკიცე ქმედებებია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნოთ ერთი ასპექტი - ეს სანქციები არ დაწესდებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციაში რომ სჯეროდეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ სწრაფადვე მოხსნიდა. ეს არა მარტო უხერხულობას გამოიწვევდა - მსგავსი ნაბიჯი დააზიანებდა ზოგადად აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის [საქართველოსადმი] ახალი მიდგომის დასაწყისი აშშ-ის მთავრობის მხრიდან და ტრამპის ადმინისტრაციას, შესაძლოა, მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს, თუ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევენ და განაგრძობენ ქართველი ხალხის ნებისა და მათი საკუთარი საკონსტიტუციო ვალდებულებების უგულებელყოფას.

რადიო თავისუფლება: თქვენს ბოლო სტატიაში საქართველოზე წერთ: „"ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ ტრამპს მათ მიმართაც იგივე დამოკიდებულება ექნება, როგორც ვიქტორ ორბანის მიმართ აქვს: მათ რიტორიკულ ქებასა და ხოტბას შეიფერებს და ყურადღებას არ მიაქცევს მათ იმ ქმედებებს, რომლებიც აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ორბანი „ქართული ოცნების“ ადვოკატობას, მათ თავდებობას და ტრამპთან „დალაგებას“?

ვფიქრობ, „ოცნება“ ილუზიების ტყვეობაშია და მალე საკმაოდ უხეშად „შეაღვიძებენ“.

ტომ როგანი: ვფიქრობ, ტრამპს მოსწონს „მკაცრი (strongman) ორბანი“, მაგრამ მალევე განიხიბლება, მაშინვე, როდესაც თეთრ სახლში დაბრუნებულს უსაფრთხოების სამსახურები სრულ ინფორმაციას მიაწვდიან იმაზე, თუ რა სამსახურს უწევს ორბანი და ორბანის უნგრეთი ჩინეთს, ამერიკის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინტერესების საპირისპიროდ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში - მათ შორის, ჩინეთის ჯაშუშობის, ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის, ტაივანის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების მიმართ განხორციელებული ზეწოლის წინააღმდეგ ევროპული მხარდაჭერის გაზრდის ფონზე.

როდესაც ტრამპი ამ ანგარიშებს გაეცნობა, ვფიქრობ, ორბანს ცოტა „დაცხება“. შესაბამისად, მის ახლო მოკავშირეებსაც „გაუჩნდებათ“ პრობლემები - მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“, თავისი „სტრატეგიული პარტნიორობით“ ჩინეთთან. რისი იმედი აქვს „ოცნებას“ - რომ შიგადაშიგ კარგ რაღაცებს იტყვიან ტრამპზე, ის კი სანაცვლოდ მათ ჩინურ და რუსულ კავშირებზე თვალს დახუჭავს, ამერიკის ინტერესების საპირისპიროდ? განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში ქუჩაში გასული უამრავი ადამიანი პროდასავლური პოზიციით გამოირჩევა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განსხვავებულ პერსპექტივას ემხრობა. ასე რომ, ვფიქრობ, „ოცნება“ ილუზიების ტყვეობაშია და მალე საკმაოდ უხეშად „შეაღვიძებენ“.

რადიო თავისუფლება: ანუ, ორბანის ხათრით საქართველოს არ „შეიწყნარებენ“.

ტომ როგანი: დიახ, არა მგონია. თუ გადახედავთ მთავარ საკითხს, სადაც ორბანს ტრამპთან, ასე ვთქვათ, სიტყვა ეთქმის - ეს უკრაინის ომია. ორბანის „გამოსავალი“ ასე გამოიყურება: მშვიდობამდე მისასვლელად საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. თანდათან უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამას არ გააკეთებს, შესაბამისად, გამოდის, რომ ორბანის რჩევასა თუ აზრს უგულებელყოფენ იმ მთავარ საკითხში, სადაც ის გავლენის მოპოვებას ცდილობდა. რაც ტრამპს ორბანში ახლა მოსწონს, ისაა, რომ ორბანი მასზე ძალიან კეთილგანწყობილად საუბრობს და ადრეც საუბრობდა – განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სხვა მსოფლიო ლიდერებისგან მას საკუთარი ქება-დიდება ხშირად ნამდვილად არ ესმოდა. ტრამპს, როგორც ვიცით, ეგოს სიმწირეს ვერ დასწამებ, შესაბამისად, ეს კომპლიმენტები სიამოვნებდა - ორბანს გაუმართლა, რომ მარ-ა-ლაგოში ჩადიოდა და ტრამპს ხოტბას უძღვნიდა - ეუბნებოდა, სამყაროში ყველაზე კარგი რამ შენ ხარო და მისთანები, მაგრამ როდესაც საქმე პოლიტიკაზე მიდგება, და პრეზიდენტი ტრამპი ორბანისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს, ნახავს, რომ პრაქტიკულად ყველა პუნქტში - მათ შორის უკრაინის საკითხშიც - ორბანი აშშ-ის ინტერესებს უპირისპირდება. პრობლემა აუცილებლად გაჩნდება.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე იქნება ორიენტირებული, ორბანი და ქართული ოცნება კი ჩინეთის „ნაყიდი მარიონეტები“ არიან.

რადიო თავისუფლება: თეთრ სახლში დაბრუნებასთან ერთად, სავარაუდოდ, მკვეთრად მოიმატებს იმ მსოფლიო ლიდერების რაოდენობა, რომლებიც ტრამპს კომპლიმენტებით აავსებენ, არა? ანუ, ორბანს კონკურენტები გამოუჩნდებიან.

ტომ როგანი: რა თქმა უნდა. შეხედეთ ემანუელ მაკრონს - ბოლო ოთხი წელიწადი იმის ძახილში გაატარა, ტრამპი ამერიკული დემოკრატიის აღსასრულის ტოლფასიაო და ნოტრ დამში ერთი ვიზიტიც კი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ტრამპს ეთქვა: მაკრონი მაგარი ბიჭია, ერთად დიდი საქმეები გვიკეთებია და კიდევაც გავაკეთებთო. ასე რომ, დიახ, ტრამპის კეთილგანწყობის მოსაპოვებელი „კონკურსი“ ნამდვილად გამძაფრდება.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე იქნება ორიენტირებული, ორბანი და „ქართული ოცნება“ კი ჩინეთის „ნაყიდი მარიონეტები“ არიან. და აქ ისევ და ისევ ამოსავალ კითხვამდე მივდივართ: მაინც რისი შეთავაზება შეუძლია ორბანს ტრამპისთვის, რიტორიკის მიღმა?

რადიო თავისუფლება: მაშ რისი იმედი აქვთ? რა არის მათი კოზირი?

ტომ როგანი: არანაირი კოზირი არ აქვთ. თვითონ ჰგონიათ, რომ აქვთ, ფიქრობენ, რომ ტრამპის ქება და ხოტბის შესხმა - „მსოფლიოში ყველაზე მაგარია“-ს ძახილი საკმარისი იქნება. მაგრამ როგორც თქვენვე აღნიშნეთ, 20 იანვრიდან მსოფლიო ლიდერების უმეტესობაც სწორედ ტრამპის ქებით იქნება გართული. თანაც, ამ ლიდერებისა და ტრამპისა და ამერიკის საგარეო-პოლიტიკური ინტერესები თანხვედრაშია, განსხვავებით ორბანისა და ივანიშვილისგან, რომლებიც ამ ინტერესებს, ძირითადად, ეწინააღმდეგებიან. მათ თავიანთი სტრატეგია ააგეს დაშვებაზე, რომლის მიხედვითაც ტრამპი უბრალოდ სულელია, აზრზე არ არის. მაგრამ თუ მის პოლიტიკურ დაბრუნებას შევხედავთ, ფაქტია, რომ სულაც არ არის სულელი - რაც არ უნდა თქვა მასზე, როგორც პიროვნებაზე, სულელიაო, ვერ იტყვი.

რადიო თავისუფლება: შესაძლებელია თუ არა, რომ მის გულგრილობაზე დებდნენ ფსონს, რომ მას უბრალოდ არ დააინტერესებს, რა ბედი ეწევა ამ ქვეყანას, და თუ დასჭირდება, რუსეთს გადაულოცავს, ვთქვათ, უკრაინაში ზავზე მოლაპარაკებებისას?

ტომ როგანი: თუ ამას ფიქრობენ, მაშინ ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო არარეალურ ილუზიებში გადავარდნილან. შეხედეთ, რამდენად ჩართული ჩანს ტრამპი საგარეო პოლიტიკის მომზადებაში - ძალიან გაბედული და რისკიანი ქმედებები, მათ შორის, რუსეთთან ესკალაციის დაშვებაც კი, რათა მოსკოვი აიძულონ, უკრაინასთან გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ. ამის პარალელურად, ტარიფებზე მის პოლიტიკას გადახედეთ - მოკავშირეების, მაგალითად, კანადის მიმართაც კი. ვინც თვლის, რომ ტრამპს საგარეო პოლიტიკა არ აინტერესებს, უბრალოდ თავს იტყუებს. კიდევ ერთი მაგალითი: ტრამპი ხშირად და ძალიან პოზიტიურად საუბრობს სი ძინპინთან პირად ურთიერთობაზე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რას ამბობს მომავალ ტარიფებზე ჩინეთის მიმართ. ან პენტაგონში ვინ დანიშნა: მარკო რუბიო, მაიკ უოლცი - ეს ადამიანები ცალსახად „ქორებად“ აღიქმებიან ჩინეთის თემაზე. პეკინში ეს დანიშვნები და პოლიტიკა არავის გაახარებს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი სი ძინპინზე დადებით კონტექსტში საუბრობს.

თუ შევხედავთ ბატონი ყაველაშვილის ღიად ანტი-ამერიკულ განცხადებებს და შეხედულებებს, მეეჭვება, რომ ეს იქნება პიროვნება, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია სიხარულით შეეგებება

რადიო თავისუფლება: მაგრამ თქვენი არგუმენტი გულისხმობს, რომ ტრამპი პუტინთან საერთოდ არანაირ დათმობაზე არ წავა - ეს რამდენად რეალისტურია? თუ დათმობები აუცილებელი გახდება, არის შანსი, რომ საქართველო ტრამპის თვალში საკმარისად უმნიშვნელო აღმოჩნდეს და მან გადაწყვიტოს, რომ უღირს ამ ქვეყანაზე ხელის ჩაქნევა, მოლაპარაკებებში - მისი გადმოსახედიდან - უკეთესი პირობების მისაღებად?

ტომ როგანი: უკრაინას, სავარაუდოდ, დათმობებზე წასვლა მოუწევს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. ეს ფაქტობრივად გარდაუვალია. მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ ანაც რატომ უნდა იქცეს საქართველო ამ მოლაპარაკებების ნაწილად. ვფიქრობ, ყველაფერი, რაც რუსეთსა და უკრაინას შეეხება, სწორედ ამ ორი ქვეყნის გარშემო იქნება კონცენტრირებული, ასევე გარკვეულწილად NATO-სა და ამერიკის ევროპელ მოკავშირეებზეც.

რადიო თავისუფლება: ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ - ერთგვარი ორპრეზიდენტობის ხანა დაგვიდგა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი - მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმურად არ ცნობს. როგორ აღიქმებიან ისინი აშშ-დან? დგას თუ არა ლეგიტიმაციის - ან უფრო, მისი დეფიციტის - საკითხი?

ტომ როგანი: ჯერ არ ვიცით, რა პოზიციას დაიკავებს ამ საკითხზე ტრამპის ადმინისტრაცია, მაგრამ თუ შევხედავთ ბატონი ყაველაშვილის ღიად ანტიამერიკულ განცხადებებს და შეხედულებებს, მეეჭვება, რომ ეს იქნება პიროვნება, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია სიხარულით შეეგებება, მისი ფრაზებიდან - მან პირდაპირ თქვა, ამერიკა საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხეაო - და იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთაც ემსახურება. შეუძლებელია, ტრამპის ადმინისტრაციამ მას დადებითად შეხედოს. რაც აქამდე ვნახეთ, იმით თუ ვიმსჯელებთ, არ მგონია გადაჭარბებული იყოს ვარაუდი, რომ ზურაბიშვილი შეინარჩუნებს ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერას.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG