ეს ინფორმაცია 3 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს ჟურნალისტებს კონგრესმენებმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა.
ჯო უილსონი „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარეა, კოენი კი - ამავე კომისიის მაღალი რანგის წევრი.
სტივ კოენმა გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად“. მისი კანონპროექტის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აღიაროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები.
რა არის „მეგობარი აქტი“?
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა შეერთებული შტატების კონგრესში ხელახლა ინიციირებული „მეგობარი აქტი“ - პროექტი, რომლის ავტორიც არის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
„მეგობარი აქტი“, რომლის განახლებული ვერსიაც დღეს ხელახლა რეგისტრირდება შეერთებული შტატების განახლებულ წარმომადგენელთა პალატაში, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას.
კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და მათრახს“ - ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო კურსის შენარჩუნების შემთხვევაში - კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს.
ოჯახის წევრებს სანქციები შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების შესახებ შემოწმებისას - რასაც ამ კანონპროექტით კონგრესი ავალდებულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას - დადასტურდება, რომ ისინი მონაწილეობდნენ კორუფციასა თუ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს - საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე - დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მსგავსი შინაარსის აქტი - „ქართველი ხალხის აქტი“ - შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.
11 ივლისს აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას. თუმცა კონგრესის იმ მოწვევის ბოლო სესიის დასრულებამდე აქტი სრულ პალატაში კენჭისყრაზე არ დაუყენებიათ.
2025 წლის 3 იანვარს კი ახალი მოწვევის კონგრესი ფიცს დებს და მოვალეობის შესრულებას შეუდგება. ამავე დღეს რეგისტრირდება პალატაში განახლებული „მეგობარი აქტი“.
კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
ფორუმი