Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მივესალმებით ივანიშვილის სანქცირებას, დამატებითი სანქციებია საჭირო - კონგრესმენები, კონოლი და ტერნერი


კონგრესმენები, დემოკრატი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი. ტერნერი დონალდ ტრამპის მოკავშირე და მხარდამჭერია
კონგრესმენები, დემოკრატი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი. ტერნერი დონალდ ტრამპის მოკავშირე და მხარდამჭერია

კონგრესმენები, დემოკრატი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი მიესალმებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს. 

„მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის“, - წერენ კონგრესმენები 3 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჯერი კონოლი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტია, მაიკ ტერნერი კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამავე დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი. ტერნერი არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირე და მხარდამჭერია.

მაიკ ტერნერი ოჰაიოელებს მიმართავს ჯეი დი ვანსის მხარდასაჭერად. 2022 წლის 7 ნოემბერი. ტერნერის ამ გამოსვლის შემდეგ სიტყვით დონალდ ტრამპი გამოვიდა. ჯეი დი ვანსი კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იქნება
მაიკ ტერნერი ოჰაიოელებს მიმართავს ჯეი დი ვანსის მხარდასაჭერად. 2022 წლის 7 ნოემბერი. ტერნერის ამ გამოსვლის შემდეგ სიტყვით დონალდ ტრამპი გამოვიდა. ჯეი დი ვანსი კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი იქნება

„ივანიშვილის დირექტივებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დააახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან, - „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებითა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით“, - აცხადებენ კონგრესმენები.

მათი განცხადებით, „შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“.

2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა - უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) - სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.

შტატების გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში, ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

28 დეკემბერს ამ გადაწყვეტილებას მიესალმა მაიკლ მაკკოლი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან.

„მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიაში ჩათრევისა და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - განაცხადა მაიკლ მაკკოლმა.

3 იანვარსვე, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კიდევ ორმა წევრმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკელი) და სტივ კოენმა (დემოკრატი) განაცხადეს, რომ 119-ე მოწვევის კონგრესის პირველ სამუშაო დღესვე ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“ და პირველად წარადგენენ „ქართული კოშმარის მთავრობის არაღიარების აქტს“.

ჯო უილსონი „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარეა, კოენი კი - ამავე კომისიის მაღალი რანგის წევრი.

სტივ კოენმა გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად“. მისი კანონპროექტის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აღიაროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG