ამომრჩეველთა ერთი ნაწილისთვის მიუღებელია ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება - ბოიკოტი გამოუცხადოს ახალ პარლამენტს და ხელახალი არჩევნებისთვის გააგრძელოს ბრძოლა. ოპოზიციური პარტიები კი იმედოვნებენ, რომ ამომრჩეველი მათ გაუგებს, რადგან პარლამენტში შესვლა გაყალბებული არჩევნების შედეგების დადასტურების ტოლფასია. ბოიკოტის იდეას მიუღებლად და საფრთხილოდ მიიჩნევს ანალიტიკოსების ერთი ნაწილი. რა არგუმენტები არსებობს ამომრჩევლების დასარწმუნებლად? რატომ არის საფრთხილო ბოიკოტის იდეა? რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან?
„ვერ ვხვდები, რატომ დაუტოვეს ყველაფერი ხელისუფლებას. მეორე ტურებშიც აღარ გადიან... თუ პარლამენტში არ შევლენ, გამოვა, რომ ჩემი სახელით არავინ იქნება იქ. შევიდნენ და იქ იბრძოლონ, ხომ შეიძლება?! ამისთვის არ მიმიცია ხმა. საშიში იყო თან - კორონავირუსის დროს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 43 წლის ნანა, რომელიც არჩევნების გამო, თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა თავის მშობლიურ ქალაქ ქუთაისში.
მსგავსი მოსაზრებები თვალშისაცემია სოციალურ ქსელ ფეისბუკშიც. ამომრჩევლები სვამენ კითხვებს - რატომ გახდა საჭირო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება და რატომ არ შეიძლებოდა ბრძოლის გაგრძელება პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გარეშე?
ბოიკოტს მხარს უჭერს აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია - განურჩევლად იმისა, გადალახეს თუ ვერა მათ 1%-იანი ბარიერი. 3 ნოემბერს რამდენიმე ათეულმა ოპოზიციურმა პარტიამ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, შესაბამისი შინაარსის ერთობლივ განცხადებასაც მოაწერა ხელი. პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს „პატრიოტთა ალიანსიც“.
როგორ უხსნიან ოპოზიციონერები ამომრჩეველს თავიანთ გადაწყვეტილებას? როგორ ფიქრობენ, გასაგებია თუ არა მათი გადაწყვეტილება ამომრჩევლებისთვის?
ბოიკოტს უალტერნატივო გამოსავლად მიიჩნევს ბლოკში - „სტრატეგია აღმაშენებელი“ შემავალი პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი - თაკო ჩარკვიანი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, დეპუტატობა თვითმიზანი არ არის და თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა, ის „ქართული ოცნების“ გეგმის ნაწილი გახდება.
„პარლამენტში შესვლა იმიტომ მინდოდა, რომ ამომრჩევლის სამსახურში ვყოფილიყავი... მაგრამ ასე არ იქნებოდა. შესვლის შემთხვევაში, გამოვდივართ მარიონეტები ივანიშვილის სამსახურში.
როდესაც ამომრჩევლები შეკითხვებით მოგვმართავენ, ვცდილობთ, რომ ავუხსნათ... მე მჯერა, რომ გაგვიგებს ამომრჩეველი - ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სწორედ ჩვენი ამომრჩევლების ხმები დაიკარგა - ამ ტოტალური გაყალბების პირობებში. იურისტებთან აქტიურად ვიმუშავეთ - თანდათან სულ უფრო მეტი დარღვევა მჟღავნდება. მე ვფიქრობ, ეს არის სახელმწიფოს მიტაცება და საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ამას“.
ამომრჩევლების განწყობა კარგად არის ცნობილი „გირჩისთვის“ და ხშირად უწევთ შეკითხვებზე პასუხების გაცემაც. როგორც ამ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გარეშე, პარლამენტში „გირჩის“ შესვლა სრულიად აზრს მოკლებული იქნებოდა, რადგან - სამომავლო გეგმები ერთობლივ შეთანხმებებზე იყო აწყობილი.
„ახლა პარლამენტში შესვლა ნიშნავს ერთადერთს - ლეგიტიმაციას აძლევ უსამართლო არჩევნებს და ხელისუფლებას, რომელიც დაკომპლექტდება ამ უსამართლო არჩევნების შედეგად. ჩვენ ვერ გავატარებთ ჩვენს ხედვებს. გამოდის, რომ უბრალოდ უნდა ვისხდეთ იქ.
არ ვამბობთ, რომ არჩევნებში „ოცნებამ“, ვთქვათ, 20% და მეტი მოიმატა, საუბარია იმაზე, რომ 48% - რაც მან დაიწერა, არ არის მისი რეალური შედეგი და ეს „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლამაც აჩვენა.
იქ „ქართულ ოცნებას“ 45% აქვს, მაგრამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ისიც მიუთითა, რომ უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დარღვევებია და თუკი მონაცემები თავიდან გადაითვლებოდა, „ქართული ოცნების“ პროცენტს კიდევ უფრო დაბლა ჩამოსწევდა.
ასეთ ვითარებაში მეორე ტურში გასვლასაც არა აქვს აზრი. ბოიკოტი ნიშნავს, რომ არ შედიხარ პარლამენტში და მეორე ტურში რისთვის უნდა იჭიდაო?! ვფიქრობ, რომ ჩვენს ამომრჩეველს ესმის ჩვენი“, - ამბობს ჯაფარიძე.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ის, რასაც დღეს ოპოზიციური პარტიები აკეთებენ, სწორედ ამომრჩევლის დაკვეთაა და გამოწვეულია იმით, რომ ხელისუფლებამ მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვა.
„გუშინდელი მონაცემებით, 3700-მდე საარჩევნო უბნიდან 1175 უბნის შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ ჯდება. ეს კიდევ არ არის სრული მონაცემები. რამდენიმე ასეული ოქმი ხელით არის გადასწორებული... არჩევნები გაყალბდა და როცა ასეთი სიტუაციაა, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ორჯერ ორი არის არა ოთხი, არამედ შვიდი. ეს არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.
პარლამენტში შესვლასა და იქიდან ბრძოლას არანაირი აზრი არა აქვს. გაცილებით ეფექტურია, რაც ახლა ხდება. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ყველა ოპოზიციური ძალა უარს აცხადებს ამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე. 30 წელია ვამბობთ, რომ - აი, არჩევნები გაყალბდა, გაყალბდა გაყალბდა... თუ გაყალბდა, მაშინ მიიღე გადაწყვეტილება და არ შეხვიდე პარლამენტში. აი, ეს ხდება დღეს. ქვიშაზე სახლი არ შენდება“.
ოპოზიციის საერთო აზრია, რომ - ისინი აუცილებლად მიაღწევენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზანს და ბოიკოტიც სწორედ ამ მიზნისკენ მიმართული საშუალებაა. ამ მოსაზრებას, იმავე ფეისბუკის მიხედვით, ასევე საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
ამომრჩევლების გარდა, არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ ანალიტიკოსებსაც.
„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ ოპოზიციას ბოიკოტისთვის საკმაო არგუმენტებს აძლევს მრავლად გამოვლენილი დარღვევები და გარკვეულწილად მისთვისაც გასაგებია - თუ რატომ მოითხოვა ოპოზიციამ პირდაპირ ვადამდელი არჩევნები და არა ხმების ხელახალი გადათვლა - „ყალბი ბიულეტენები თუ ჩაყარეს, შეიძლება გადათვალო თავიდანაც, მაგრამ ამით ვერ დაამტკიცებ, რომ ეს ბიულეტენები გაყალბებულია. გადათვლა არ ასახავს გაყალბების სრულ სურათს“.
თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, კახა გოგოლაშვილის აზრით, დამაზიანებელი იქნება ხელისუფლებისთვის, რადგან პარლამენტში მარტო დარჩენილი „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იმიჯი „ნულს გაუტოლდება“. მაგრამ ეს არც ქვეყნისთვის იქნება სახარბიელო - „შესაძლოა, ამას ქვეყნის დახმარებაზე უარის თქმაც მოჰყვეს, რადგან საქართველოს დემოკრატია ფუნქციურად აღარ ჩაითვლება“.
კახა გოგოლაშვილს არ ესმის იმ ამომრჩევლების, რომლებიც თავიანთ რჩეულ პარტიას საყვედურობენ - „მე, როგორც ამომრჩეველი, არასოდეს ვიფიქრებდი დამემადლებინა არჩევნებზე მისვლა რომელიმე პარტიისთვის - როგორიც არ უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება. ამომრჩეველს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციის ერთიანობაა აქ გადამწყვეტი ფაქტორი. თუმცა პირადად მე მირჩევნია, რომ საბოლოოდ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ოღონდ გარკვეული პირობებით“.
რა არის გამოსავალი? ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების შეთავაზება იქნებოდა.
„ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ გადარჩენის გზაც, რადგან მისი პასუხისმგებლობაა - ბოლომდე ამოწუროს ყველა შესაძლებლობა. მმართველი ძალის დიდი შეცდომა იქნება, თუკი მოლაპარაკებებს არ გამართავს ოპოზიციასთან, მაგრამ მსგავს შეთავაზებას დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ. სანაცვლოდ მხოლოდ ბრალდებები გვესმის.
სხვა საკითხია, რომ ოპოზიციაც არ არის ახლა ამისკენ განწყობილი. მაგრამ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად მოინდომებენ, რომ ასეთი დიალოგი შედგეს.
ოპოზიციას შეუძლია, წამოაყენოს გარკვეული პირობები - ხილული დარღვევების გასწორების გარდა, შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზოს ახალი არჩევნების ჩატარება, მაგალითად, 2021 წელს და ასე შემდეგ“.
კონსტიტუციის თანახმად, ოპოზიციის ბოიკოტი და ნაკლული პარლამენტის მუშაობა თავისთავად ვერ აჩენს ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. სწორედ ეს მოცემულობა წარმოადგენს ბოიკოტის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს. თუმცა არის სხვა არგუმენტებიც.
ბოიკოტს ვერაფრით ამართლებს ყოფილი პოლიტიკოსი, ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი. ის ფიქრობს, რომ მეორე ტურში არმონაწილეობით ოპოზიცია დამატებით 20-მდე მანდატს ჩუქნის „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როცა, მისივე თქმით, ამომრჩევლების მობილიზების შემთხვევაში, კიდევ რამდენიმე მანდატის მოპოვება თავისუფლად შეეძლო - "ბოიკოტის პირობებში კი ოპოზიციის ამომრჩეველი, ცხადია, საერთოდ არ მივა არჩევნებზე“.
ზურაბიშვილისთვის ცხადია, რომ ბოიკოტი უშედეგო იქნება:
„სულ სხვაა, როცა მსოფლიოში არავინ ცნობს შენს არჩევნებს, როგორც ეს ბელარუსის შემთხვევაში მოხდა. მაშინ ეს გაფორმებული დიქტატურაა.
მაგრამ ჩვენთან ასეთი არჩევნები რომ არ იყო, ეს უკვე თქვეს საერთაშორისო პარტნიორებმა.
ჩვენ გვაქვს დარღვევები, მძიმე დარღვევები, კი, ბატონო და ეს საბრძოლოა. მაგრამ როცა საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს არჩევნებს არალეგიტიმურად და 100-200-ათასიანი მიტინგი არ გიმაგრებს ზურგს, ბოიკოტი გამოდის სიმბოლური აქტი, რომელიც სიმბოლურ აქტად რჩება. რამდენიმე თვეში ეს ბოიკოტი საერთოდ დაკარგავს აზრს“.
დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა ნიშნავს უარს, იმუშაო საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგალითად - ევროსაბჭოს, ნატოსა თუ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებში.
ბოიკოტი სრულიად გაუმართლებლად და ძალიან საფრთხილოდ მიაჩნია ანალიტიკოს გია ნოდიას. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, „ქართულ ოცნებაზე“ მეტად ბოიკოტი „დააზარალებს ჩვენს დემოკრატიასა და პარლამენტარიზმს“.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიციას აქვს ვალდებულებები ამომრჩევლების წინაშე, ხოლო ბოიკოტი ამ ვალდებულებებზე უარის თქმასაც ნიშნავს. შესაბამისად, ბრძოლის გაგრძელება პარლამენტიდან არის საჭირო:
„პრეტენზიები და ძალიან სერიოზული პრეტენზიები არსებობს „ქართული ოცნების“ მიმართ და არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით... სწორედ ამისთვის უნდა იქნას გამოყენებული საპარლამენტო ტრიბუნა. ოპოზიციას შეუძლია თქვას, რომ ის ეწინააღმდეგება არჩევნების გაყალბებას და იბრძვის გაყალბების მასშტაბის, როგორც მინიმუმ, შესამცირებლად. მაგრამ, ამავე დროს, მას აქვს გარკვეული მოვალეობები ამომრჩევლების წინაშე და მან ეს მოვალეობები უნდა შეასრულოს მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში“.