Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაიას თქმით, ცესკო-ს ვებსაიტზე ატვირთული ოქმების 17,6%-ზე შედგა შესწორების ოქმი


თამარ კორძაია
თამარ კორძაია

„რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია, რომელიც ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს საარჩევნო ბლოკშია გაერთიანებული, არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე ლაპარაკობს. მისი შეფასებით, არსებული მონაცემები საშუალებას იძლევა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს ეჭვქვეშ. მისი შეფასებით, ოფიციალური მონაცემები არ ასახავს მოქალაქეების ნებას. კორძაიას თქმით, ბევრი ფაქტი შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს.

„არჩევნების დღეს ხელისუფლება ძალადობდა, ზეწოლას ახორციელებდა და იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი და კენჭისყრის შედეგების, შემაჯამებელი ოქმების შედეგების შესწავლამ დაგვანახა, რომ მდგომარეობა არის რეალურად უმძიმესი. ამ წუთის მონაცემებით ჩვენი ბლოკის მიერ მომზადებულია 853 საჩივარი. ეს საჩივრები ეხება უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, ბუნებრივია, ამაში შედის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები.

გარდა ამისა, ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემით შედგენილი შემაჯამებელი ოქმები და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება 3,5%-ს, რაც წარმოუდგენელი რაოდენობაა. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ სადაც ამომრჩეველი ზეწოლის გარეშე აძლევს ხმას, იქ სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ზეწოლის გარეშე ატარებს არჩევნებს სხვაობა ბათილ ბიულეტენებს შორის არსებითია", - აცხადებს კორძაია.

როგორც პოლიტიკოსი დასძენს, ცესკო-ს ვებსაიტზე ატვირთული 3 491 შემაჯამებელი ოქმებიდან, შესწორების ოქმი შედგა 615 შემთხვევაში, რაც შეადგენს 17,6%-ს. მისივე თქმით, 3 445 მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმიდან​ შესწორებულია 590 ოქმი, რაც შეადგენს 17,1%-ს.

„შესწორებული ოქმების გარდა ჩვენს ხელთ არის უამრავი ოქმი, რომელში მონაცემები ერთმანეთს ვერ ედრება. ჩვენ ასევე გვაქვს უმძიმესი ოქმები, რომლებსაც ხვალ საბოლოოდ შევატყობინებთ საზოგადოებას. იმ ვითარებაში, როდესაც არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო, ძალიან რთულია სამართლიანობაზე საუბარი, თუმცა ჩვენ, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო ჩვენი მონაცემები საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე ნაწილის თანახმად გაუქმებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი კენჭისყრა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები და ყველა მათგანი უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

XS
SM
MD
LG