გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი გიგა შუშანია ქალაქის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებს ამომრჩეველთა დაშინებაში ადანაშაულებს.
შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები კარდაკარ დადიან, თავს ასაღებენ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, წარმომადგენლებად, მის მხარდამჭერებს ინიშნავენ და პირადობის მოწმობებს სთხოვენ. გიგა შუშანიას ინფორმაციით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ ტერიტორიულ ორგანოებში ქუთაისის მერის წარმომადგენლები, ამომრჩევლის იდენტიფიცირების შემდეგ კი მათზე ზეწოლას ახდენენ და პირადობის მოწმობას ართმევენ. გიგა შუშანიასავე განცხადებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში პროცესში ერთვება პირადად ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგა შუშანიას ბრალდებას აბსურდული უწოდა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობს. ჭიღვარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აგონიაში არიან, რადგან მეორე ტურში დამარცხება უკვე გაცნობიერებული აქვთ.
პასუხად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, გიგა შუშანიას, განცხადებებისა, თითქოს მერიის მაღალი თანამდებობის პირები აქტიურად იყვნენ ჩართული ამომრჩევლის დაშინების პროცესში, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა წერილობითი კომენტარი, საარჩევნო პროცესში რაიმე სახით ჩართულობა გამორიცხა და ოპოზიციას მოუწოდა მტკიცებულებები წარმოადგინონ და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ. თავად გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცავებისთვის მიმართვას არ აპირებს, რადგან ამომრჩევლებზე ზეწოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებიც მონაწილეობენ. ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ დღევანდელ ბრიფინგზე დაასახელა სხვა კონკრეტული პირებიც. შუშანიამ წარმოადგინა აუდიოჩანაწერი და მოქალაქეებზე ზეწოლაში ბრალი დასდო მალხაზ აბაშიძეს, რომელიც, მისი განცხადებით, მერიის მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირია და მერიას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ გაერთიანებაში მუშაობს. შუშანიამ საჯაროდ გამოაქვეყნა ამ პირის მობილური ტელეფონის ნომერიც. ამ ნომერზე გვიპასუხა მამაკაცმა, რომელმაც გვითხრა, რომ აბაშიძის მეგობარია, ტელეფონის ნომერი მართლაც მალხაზ აბაშიძისაა, თუმცა ის ადგილზე არ იმყოფება და გვირჩია მოგვიანებით დაგვერეკა. რამდენიმე ხნის შემდეგ სატელეფონო ზარებზე აღარ გვიპასუხეს.
ბრიფინგზე გიგა შუშანიამ გამოაქვეყნა მობილური ტელეფონის კიდევ ერთი ნომერი, რომელიც, მისი ინფორმაციით, ეკუთვნის ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი გახოკიძეს. შუშანიამ განაცხადა, რომ ეს პედაგოგი მოსწავლეების მშობლებს ურეკავს, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას სთხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება, რომ მათ შვილებს სკოლაში პრობლემები შეექმნებათ. შუშანიამ ინფორმაციის წყაროდ მშობლები დაასახელა. ლალი გახოკიძემ, რომელიც მე-7 საჯარო სკოლის მე-8 კლასის დამრიგებელია, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საარჩევნო პროცესში არანაირი ფორმით არ არის ჩართული და მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ოპოზიციის წარმომადგენელს მსგავსი ინფორმაციის გავრცელება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგა შუშანიას მიერ რამდენიმე მოქალაქის სახელისა და გვარის და მობილური ტელეფონის ნომრების საჯაროდ დასახელებას აფასებენ როგორც პირადი მონაცემების გამჟღავნებას და, ამასთანავე, აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მიმართვის შემთხვევაში ფაქტს შეისწავლიან.