3-დან 6 მაისის ჩათვლით, სპეციალური საშვის მქონე მოქალაქეები, რომლებსაც ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთის უფლება აქვთ, იმოძრავებენ როგორც ახალგორის, ასევე თბილისის მიმართულებით. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ახალგორის ლეგიტიმურმა გამგებელმა, გელა შერმადინმა მიაწოდა.
გამგებლის თქმით, გზა გახსნილია ორივე მიმართულებით.
წეროვანში მცხოვრებ დევნილებს უფლება ექნებათ, რომ ოკუპირებულ ახალგორში, სააღდგომოდ, ეკლესიები და ნათესავების საფლავები მოინახულონ. შერმადინის ინფორმაციით, ოძისი-წეროვანი--თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმოძრავებს. ოძისი ბოლო ქართული სოფელია ოკუპაციის ხაზთან.
მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე პერიოდში იხსნება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უფლება ეძლევათ, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები მოინახულონ, აიღონ პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისით. წეროვანში მცხოვრები ახალგორელი დევნილები კი, პირიქით, ოკუპირებულ დაბაში ბრუნდებიან ხოლმე ნათესავების მოსანახულებლად. თუმცა გადაადგილების უფლება ყველას არა აქვს, რადგან სპეციალური საშვები ნელი ტემპით გაიცემა.
20-დან 30 აპრილამდე გადაადგილების უფლებით, ახალგორელებმა უკვე ისარგებლეს, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რელიგიური დღესასწაულების გამო, გზა კიდევ სამი დღით გაიხსნა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახლა წინასაარჩევნო კამპანიაც მიმდინარეობს. 9 ივნისს იქ დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტიის - „ნიხასის“ და ახალგორის ე.წ. დეპუტატობის კანდიდატის - ზაზა დრიაევის ინტერესშია, რომ იქ მცხოვრებთა გული მოიგონ.
ახალგორელების თქმით, დრიაევი საარჩევნო კამპანიას სწორედ გზის გახსნის დაპირებაზე აგებს, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, რომელიც იმავე საარჩევნო დაპირებით ჩადიოდა ახალგორელებთან, პირობა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და გზას ყოველთვიურად მხოლოდ 10 დღით ხსნის, რაც ადგილობრივებისთვის საკმარისი არ არის და დრიაევის ამ დაპირების ნაკლებად სჯერათ.
ახალგორელებისგან განსხვავებით, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებლები და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, სააღდგომოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ტაძრების მონახულებასა და ნათესავების საფლავებზე გასვლას ისევ ვერ მოახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ყოველწლიურად აყენებს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საკითხს, რუსეთის საოკუპაციო ძალა ქართველების უსაფრთხოების საკითხზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს და მე-15 წელია, ეს საკითხი გადაუჭრელია.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე განსაკუთრებული შემთხვევის გამო გაიხსნა. ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა.
ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 2022 წლის 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს - დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს ჰპირდებოდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გზას გახსნიდა. ჯერჯერობით მისი პირობა თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება.
ფორუმი