შეკითხვაზე, როგორი იქნებოდა მესამე მსოფლიო ომი ატომური იარაღის ხანაში, ალბერტ აინშტაინს ასეთი პასუხი გაუცია: მესამეზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ მეოთხე აუცილებლად ჯოხებით და ქვებითო...
შესაძლოა აინშტაინს არ ჰქონოდა ადამიანის რაციონალურობის იმედი (მით უმეტეს, მეორე მსოფლიო ომის გამოცდილების შემდეგ), მაგრამ იმის რწმენა კი მაინც ექნებოდა (თუნდაც ფარდობითი), რომ პატივმოყვარეობის ინსტინქტს თვითგადარჩენის ინსტინქტი დაჯაბნიდა ბირთვულ ეპოქაში, როცა ცივილიზაციური გამარჯვება სრულიად შეუძლებელია ცივილიზაციის განადგურების გარეშე.
მართალია, ის, ვინც ომს იწყებს, უმეტესად შემზარავად პრაგმატულია, მაგრამ, როგორც წესი, რაციონალური საწყისი (ომის მიზეზი) დასასრულს გასაოცარ აბსურდად იქცევა ხოლმე, როცა ომგადატანილებს აღარც კი ახსოვთ, რის გამო იომეს...
აგამემნონი და მისი ძმა, მენელაოსი, რომელსაც ცოლი, მშვენიერი ელენე, წაჰგვარა პარისმა, უთუოდ აუცილებელ და მართებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევდნენ საომრად წასვლას ტროაში, თუმცა ომიდან ათი წლის თავზე ყველაზე არააქტუალური სწორედ ომის დაწყების მიზეზი იყო - ელენეს დაბრუნება ქმრის სახლში.
ცინიკურმა ევრიპიდემ, საერთოდ, ილუზიად აქცია ტროის ომის მთავარი მოტივი: მის პიესაში მშვენიერი ელენე, არც მეტი, არც ნაკლები, აჩრდილი ყოფილა, ხოლო ნამდვილი, უდანაშაულო, ომის არგამომწვევი ელენე პატიოსნად და მშვიდად მჯდარა ეგვიპტეში. ესე იგი, რა გამოსულა: ბერძნებსა და ტროელებს აჩრდილის გამო უომიათ ათი წლის განმავლობაში და თურმე ფანტომის, ილუზიის გამო იხოცებოდნენ მთელი ეს წლები...
თუ, იქნებ, სწორედ ილუზიაა ის, რასაც შეიძლება ადამიანმა თავი შეაკლას?
ტოლსტოის რომანის გმირის, პიერ ბეზუხოვისთვის, ომის შთაბეჭდილებებზე არანაკლებ შემზარავია იმედგაცრუება, რაც უმთავრეს გამოცდილებად რჩება ომის დასასრულს - ღირდა კი ეს ყველაფერი ამდენ სიკვდილად?
ერთგან წამიკითხავს, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გადაწყვეტილება ორმოცამდე გონებადაბინდულმა მამაკაცმა მიიღო.
და მართლაც, მშვენიერი ელენესი არ იყოს, ამ ომის დასასრულს უკვე არათუ აღარავის ახსოვდა ომის დაწყების საბაბი, არამედ უკვირდათ კიდეც, როგორ მოჰყვა სერბი ნაციონალისტი გავრილო პრინციპის მიერ ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მოკვლას ხუთი იმპერიის დაშლა? ნუთუ სამყარო ვერაფრით შეიცვლებოდა ამ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის გარეშე?
თუ ომის ღმერთ არესისთვის სულერთია, ვის მხარეს ან რის გამო იომებს?! მთავარია, გონებადაბინდულთა არმია ჰყავდეს საკმარისად...
ვიომეთ თუ გვაომეს, განა თავისებურად გონებადაბინდული არ იყო ყველა, ვინც რაიმე აუცილებელს ხედავდა ოთხმოცდაათიანების მახინჯ კავკასიურ ომებში? ნუთუ სხვანაირად არ შეიძლებოდა?
თუ, იქნებ, პრობლემა უარგუმენტო მამაკაცურ ამბიციებშია, კაცურ კომპლექსებსა თუ პატივმოყვარულ ეგოცენტრულობაში და ნუგეშს, ანუ ჭეშმარიტ რაციონალურობას, ბრძნულ მარადქალურობაში უნდა ვეძებდეთ, მით უმეტეს, რომ ამისკენ არა მხოლოდ გოეთე და არისტოფანე (თავისი ჭკვიანი ლისისტრატეთი), არამედ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც კი მიგვანიშნებს: მისი თქმით, კაცობრიობის დღევანდელი პრობლემა ძალაუფლებას ვერშელეული ხანდაზმული მამაკაცებია, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული კაცები, რომელთა ქცევას ჯერაც ისტორიულად დამღლელი მამაკაცური არასრულფასოვნების კომპლექსი წარმართავს, რომლის მრავალგვარი კომპენსაციაც ზოგჯერ ტრაგიკულად ძვირად უჯდება მსოფლიოს.
შესაძლო გამოსავალი კი, ჰუმანიზმის ნაკლებობით დაღონებულ ძველ თუ ახალ გონებაგახსნილთა აზრით, ქალების მმართველობა ყოფილა (ოღონდ არა მამაკაცის ჩრდილი ქალების, სადაც ქალი მხოლოდ ფასადი და ფიტულია, არამედ თავისუფალი, არააჩრდილი ქალების), რადგან, მათი რწმენით, ქალი რომ მართავდეს პლანეტის ყველა ქვეყანას, ომების გაჩაღების შესაძლებლობა 80 %-თ მოიკლებდა...
განა სწორედ ეს არ შეძლო ათენელმა ქალმა, ლისისტრატემ, როცა გონება გაუხსნა ომით გონებადაბინდულ კაცებს და პელოპონესის ომი დაასრულა თავისი ორიგინალურად ბრძნული მეთოდით?
ლისისტრატეს იდეა ხომ გენიალურად ლოგიკურია: თუ ომობ, სიყვარულს კარგავ, ხოლო თუ გიყვარს, ომს აზრი ეკარგება.
წესით, რა მარტივი არჩევანია...