რატომ იყო მნიშვნელოვანი ის, რაც „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ გააკეთა, როგორც თვითონ უწოდებს, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ აღსაკვეთად და რაც მნიშვნელოვნად უკავშირდებოდა საქართველოსაც? რით განსხვავდებოდა 2019 წლის დეკემბერში განხორციელებული წმენდის საქართველოს ეპიზოდი მიმდინარე წლის აპრილის ეპიზოდისგან? „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) იურისტი ნინო რიჟამაძე რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს:
„ამჟამად არსებული takedown-ი, ანუ ქსელების წაშლა, რომელიც „ფეისბუკმა“ განახორციელა, განსხვავდება 20 დეკემბრის ოპერაციისგან იმით, რომ ამ შემთხვევაში წაიშალა ორი მიმართულებით - 900-ზე მეტი გვერდი, რომელიც ფოკუსირებული იყო შიდაპოლტიკურ საკითხებზე, დაკავშირებული „ეS პერსონასთან“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებთან.
საინტერესო და განსხვავებული აქ ის არის, რომ „ფეისბუკმა“ მათ შორის წაშალა გარე ჩარევის გამოვლინება საქართველოში - News Front-ის „ფეისბუკის“ გვერდის და შესაბამისი ანგარიშების სახით. მართალია, ეს წაშლა იყო გლობალური. რუსეთის ამ სააგენტოს სრული ქსელი წაიშალა სხვა ქვეყნებშიც, რომლებშიც ის ოპერირებდა. „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ, როგორც გარე ჩარევის საფრთხე და არაავთენტური ქმედება, წაშალა ეს რუსული დეზინფორმაციული ქსელი“.
ნინო რიჟამაძე აღნიშნავს, რომ როგორც წაშლილი გვერდების რაოდენობა, აპრილში წაშლილი ყალბი ქსელების წვდომის მასშტაბიც ბევრად მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს წაშლილების. ISFED-ის იურისტი ამას იმითაც ხსნის, რომ ყალბი ქსელების მესვეურები „ფეისბუკის“ ჯგუფების გამოყენების ტაქტიკით სარგებლობდნენ. ასეთი მაგალითი მოჰყავს:
„კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ისინი ავრცელებდნენ ჩვენი ექიმების, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან, საოჯახო ფოტოს პოზიტიური გზავნილებით, რასაც მოჰყვებოდა უამრავი ადამიანის დადებითი რეაქცია. შემდეგ ეს ხელს უწყობს ამ ადამიანის მიერ დადებული პოლიტიკური პოსტების ხშირად ნახვას და წინ წამოწევას ამ ჯგუფში.
...შიდაპოლიტიკურ ან ბიზნესთემებზე კონკრეტული პირები სოციალურ მედიაში აბამენ ქსელებს, რომლითაც მომხმარებელი შეყავთ შეცდომაში და მომხმარებელი იღებს ინფორმაციას ისე, რომ არ იცის ვისგან მოდის ინფორმაცია და ექცევიან ყალბი საინფორმაციო ქსელის ბადეში“.
ნინო რიჟამაძე სინანულს გამოთქვამს, რომ რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში მყოფი სახელმწიფოს რესურსი, რომელიც სერიოზული საფრთხეებისგან დაცვას უნდა მოხმარდეს, საზოგადოების სისუსტეების გამოყენებით ცალკეული ჯგუფის ინტერესებს ხმარდება:
„უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში არის უფრო დიდი საფრთხე, რაც არის რუსული დეზინფორმაცია. ჰიბრიდულ ომში ვიმყოფებით. ამიტომ ჩვენი მოქალაქეების გაძლიერება და ინფორმაციული მედეგობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი ეს რესურსი, ნაცვლაც იმისა, ამ სტრატეგიას მოხმარდეს, ვხედავთ, რომ თავად შიდაპოლიტიკური ჯგუფებიც გადასულები არიან საზოგადოების ამ სუსტი წერტილების ბოროტად გამოყენებაზე. ყველა ჩვენგანი გამხდარა ასეთი დეზინფორმაციული გზავნილის მომხმარებელი“.
რა მიზანს ემსახურება „ფეისბუკის“ მოქმედება და რის საფუძველზე მოქმედებს ის?
„ამ პლატფორმაზე არაკანონიერი მოქმედება, სამწუხაროდ, უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ „ფეისბუკის“ მიერ დადგენილ სტანდარტებს. „ფეისბუკმა“ ბოლო პერიოდში დაიწყო ზრუნვა თავის რეპუტაციაზე და იმაზე, რომ მუდმივად არ ისმოდეს [ბრალდებები] მისი, როგორც პლატფორმის უპასუხისმგებლობაზე და ცუდ როლზე დემოკრატიული პროცესების გაუარესებაში, როგორც ეს არაერთ არჩევნებზე ვნახეთ და რასაც არაერთი სკანდალი უკავშირდება. „ფეისბუკმა“ საკუთარ თავზე აიღო ამის გამოსწორების ვალდებულება, დაარქვა ამას „არაავთენტური კოორდინირებული ქცევა“ ან გარე ჩარევის გამო კონკრეტული ანგარიშების წაშლის ვალდებულების გადაწყვეტილება, რომ მან, როგორც პასუხისმგებლიანმა კომპანიამ, არ ითამაშოს ცუდი როლი დემოკრატიულ პროცესებში“.
ISFED-ის იურისტი ნინო რიჟამაძე კვლავაც გამოხატავს ძლიერ წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში სოციალურ ქსელებზე არ ვრცელდება საარჩევნო კანონმდებლობა და ის შეზღუდვები, რომლებიც პოლიტიკურ ფინანსებსა და პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებებს არეგულირებს:
„როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენაზე და ასევე არჩევნებზე, ყველა სუბიექტს აქვს ვალდებულება, მოახდინოს დეკლარირება პოლიტიკური რეკლამის და ეს ექვემდებარება მონიტორინგს.
ჩვენ ვხედავთ, რომ „ფეისბუკი“ და სოციალური სივრცე საქართველოში ამგვარი სამართლებრივი რეჟიმისგან თავისუფალია და ამას, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური პარტიების ნაწილი ბოროტად იყენებს. განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში ეს არის უკანონო, რადგან ყველა ის თანხა, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის საზოგადოებამდე და ამომრჩევლამდე მისვლასთნ, უნდა დაექვემდებაროს დეკლარირებას და ჩვენ გვაქვს სივრცე, სადაც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა არ ვრცელდება. ეს დაუშვებელია!
ჩვენ ვნახეთ ამის შედეგები 2018 წელს და, სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს გახსნილი პოლიტიკური რეკლამების არქივი საქართველოში, რისი ვალდებულება არის სწორედ „ფეისბუკზე“ და ისინი ვალდებული არიან, ეს სტანდარტი, რაც სხვა ქვეყნებში დანერგეს, განახორციელონ საქართველოში. მივიღეთ დაპირება, რომ იქნება ეს არქივი საქართველოშიც. ამ არქივში გამჭვირვალედ გამოჩნდება ვინ გადაიხადა რეკლამის საფასური.
დისკრედიტაციული პოსტებისთვისაც რომ იხდიდნენ ფულს, ესეც სწორედ პოლიტიკური რეკლამის ხარჯია, რადგან პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. დღეს ამას ვერ ვავლენთ და სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოში უახლოეს მომავალში ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამის არქივი.
ამ იდეის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თავად „ფეისბუკი“, რომელიც თურმე მარტში აპირებდა ამ არქივის გახსნას საქართველოში და კორონავირუსის პანდემიის გამო გადადო. ზუსტი თარიღი არ ვიცით.
მინიმალური კონტროლი ტექნიკური კუთხით ჩვენც უნდა გვქონდეს. როგორც აუდიტის მიერ არის გასაჯაროებული თითოეული შემოწირული თეთრი, ისე უნდა იყოს ეს ინფორმაციაც საჯარო.
არქივი არსებობს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში. 2019 წლის არჩევნებისთვის „ფეისბუკმა“ აიღო ეს პასუხისმგებლობა და გააკეთა“.
„ფეისბუკის“ მიერ რამდენიმე ქვეყანაში გვერდების წაშლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა საქართველოში ამ ქსელების ოპერირებასთან კავშირის უარყოფა იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლების ინტერესებსაც ემსახურებოდა ისინი. ფაქტობრივად, ითქვა, რომ ეს ამ პარტიების მომხრეების აქტივობა იყო და არ ეფუძნებოდა რაიმე ოფიციალურ დავალებას ან ხელშეკრულებას. ამ მსჯელობას მიყოლა სცადა ნინო რიჟამაძემ რადიო თავისუფლების ეთერში და კვლავ პასუხისმგებლობამდე მივიდა:
„თუ კერძო პირმა გადაწყვიტა და [ამა თუ იმ პარტიის სიყვარულით] საქმეს აკეთებს, დილიდან საღამომდე მუშაობს კონკრეტული პოლიტიკური მიზნისთვის, ეს არის შემოწირულება და უნდა იყოს დეკლარირებული. გამჭვირვალება უნდა იყოს, თორემ ადამიანის არჩევანია, რომელი პოლიტიკური ინტერესის და ძალის მხარდასაჭერად თუ საწინააღმდეგოდ იქნება მისი აქტივობა მიმართული, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთე.
წარმოიდგინეთ, 800 ანგარიშის აქტიურობა მოითხოვს ადამიანურ რესურსს და წარმოუდგენელია, რომ ადამიანს შეუძლია იმუშაოს ამაზე ფინანსური რესურსების გარეშე. ადამიანი, ვინც ამაში თავისი სურვილით იხდის თანხას, უნდა აკეთებდეს ამას გამჭვირვალედ და ეს უნდა იყოს დეკლარირებული“.