Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნეთანიაჰუ ჩვენი პუტინი ხდება“ - არჩევნების შედეგები ისრაელში


ისრაელის ხელისუფლების სათავეში 73 წლის ბენიამინ „ბიბი“ ნეთანიაჰუ ბრუნდება - ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელზეც საქმე კორუფციის ბრალდებით არის აღძრული და დღემდე იძიებენ. ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ სიმპათიებითაც არის ცნობილი. ისრაელში ვადამდელი არჩევნები 1 ნოემბერს ჩატარდა.

მოწინააღმდეგეები ნეთანიაჰუს დიდი ხანია ავტორიტარიზმში სდებენ ბრალს და მიაჩნიათ, რომ მას რელიგიური სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურს. რამდენად შეცვლის ახალი ხელისუფლება ისრაელის შიდა და საგარეო პოლიტიკას?

ისრაელს ახლაც უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას შორის მოუხდა არჩევა? ახლანდელ არჩევნებს თან ახლდა: მძიმე ეკონომიკური კრიზისი, კორუფციული გარიგებები, ახალი კონფლიქტები პალესტინის ტერიტორიაზე და ყველა ის გლობალური ცვლილება, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვხედავთ (რუსეთს ისრაელის მთავარი მტერი ირანი სულ უფრო აშკარად უჭერს მხარს).

ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქნესეთში არჩევის შემდეგ - რა დროსაც კენჭისყრა პარტიული სიებით ხდება - ქვეყნის პრეზიდენტი (დღეს ის იცხაკ ჰერცოგია) ყველა იმ პარტიისა და ფრაქციის ხელმძღვანელს შეხვდება, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. მათგან „ყველაზე მოხერხებულს“ ანუ მომავალ პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის შედგენას დაავალებს.

საარჩევნო ბარიერი ისრაელში ძალიან დაბალია - ხმების 3,25 პროცენტი. ეს 120-ადგილიან ქნესეთში 4 მანდატს უდრის. ამის გამო ისრაელის პარლამენტში 10 პარტიაზე ნაკლები არასდროს ხვდება. უკვე წლებია, რაც აბსოლუტური უმრავლესობის, ანუ 60 მანდატზე მეტის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო. ამის გამო ყველა მთავრობა კოალიციაზე დაყრდნობით ყალიბდებოდა. მაგრამ ახლა ახალმა პარტია ლიკუდმა, რომლის ხელმძღვანელი ყოფილი პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუა, როგორც ჩანს, 65 მანდატი მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში ბოლო მონაცემები ასეთია.

ნეთანიაჰუ ქვეყნის მმართველის სავარძელში ბრუნდება. ისრაელის ხელისუფლებას ის უკვე ორჯერ ჩაუდგა სათავეში, 1996-1999 და 2009-2021 წლებში. მას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდხანს ეჭირა ეს თანამდებობა - 15 წელი. ნეთანიაჰუ იმითაც არის ცნობილი, რომ მაშინ როცა მეორედ იყო პრემიერ-მინისტრი, რუსეთში ოცჯერ ჩაფრინდა ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მასთან „შესანიშნავი საქმიანი ურთიერთობა“ ჩამოაყალიბა. პუტინთან ერთად ის „უკვდავი პოლკის“ მარშებზეც კი დადის.

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ვლადიმირ პუტინი „უკვდავი პოლკის“ მარშზე, 2018 წელი.
ბენიამინ ნეთანიაჰუ და ვლადიმირ პუტინი „უკვდავი პოლკის“ მარშზე, 2018 წელი.

ლიკუდისძირითად მოწინააღმდეგედ პარტია ეშ ატიდი რჩება, რომლის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდია. ამ პარტიას ახლა 24 მანდატი აქვს. ვადამდელი არჩევნების ჩატარება მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ გახდა საჭირო. კოალიციაში ულტრამემარცხენეებიც შედიოდნენ, ულტრამემარჯვენეებიც, ცენტრისტებიც, რელიგიური პარტიებიც და არაბული კრებულებიც. ოდესღაც მათ მოახერხეს და ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. 30 ივნისს ქნესეთმა თავი დაშლილად გამოაცხადა, რის შემდეგაც კაბინეტის ხელმძღვანელი დროებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი გახდა.

არცთუ უმნიშვნელოა ისიც, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანა საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოექცა. 28 ოქტომბერს გაეროში კენჭი უყარეს რეზოლუციას „ბირთვული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გავრცელების საფრთხეებზე“, რომლის თანახმადაც, ისრაელმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას (თუმცა, მას არასდროს უღიარებია, რომ ასეთი იარაღი საერთოდ გააჩნია) და თავისი ბირთვული ობიექტები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადასცეს. ამ რეზოლუციას მხარი 152-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის ისეთმა ქვეყნებმაც, რომლებიც ერთმანეთში ომობენ: რუსეთმა და უკრაინამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა. წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ხუთი - თავად ისრაელი, კანადა, აშშ, მიკრონეზია და პალაუ. კიდევ 24-მა სახელმწიფომ, ძირითადად ევროპული ქვეყნებმა, თავი შეიკავეს.

ისრაელში ბევრი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ კიევმა მოსკოვისა და თეირანის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, თან მაშინ, როცა კიევი მუდმივად ცდილობს ისრაელისგან ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების მიღებას. თუმცა, ისრაელს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება აქვს - უფრო იცდის, ვიდრე მოქმედებს.

„ბი-ბი-სი“ წერს, რომ ახლანდელი ხელისუფლების სურვილი, ღიად არ დაუპირისპირდეს პუტინს და რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს (რასაც ისრაელში ბევრი საკმაოდ ბრძნულ გადაწყვეტილებად მიიჩნევდა), ახლა აზრს კარგავს. ბოლო კვირებში ბევრი რამ შეიცვალა: ირანი, რომელსაც ისრაელი მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა, რუსეთს იარაღს აწვდის. პალესტინის რადიკალური დაჯგუფების ჰამასის დელეგაცია სირიაში ბაშარ ასადთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. ასადის უკანაც მოსკოვი და თეირანი დგანან. როგორც ცნობილი გახდა, სირიაშიც არის საწარმოები, სადაც ირანი უპილოტო საფრენ აპარატებს აწყობს და რუსეთს უგზავნის.

ულტრაორთოდოქსები იბრძვიან, რომ მათმა ბავშვებმა რელიგიურ სკოლებში ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო საგნები არ ისწავლონ.

ისრაელის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ისრაელში რუსეთიდან 20 ათასი ადამიანი ჩავიდა, უკრაინიდან - 12 ათასი. კვლევებმა აჩვენა, რომ ისრაელის რუსულენოვანი მოქალაქეების უმრავლესობა - 76 პროცენტი - კიევს უჭერს მხარს და სურს მომავალმა ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე მკაფიოდ გამოთქვას პოზიცია.

რა ელის ისრაელს და რას უნდა ელოდოს მსოფლიო ახალი ხელმძღვანელობისგან? რადიო თავისუფლება ესაუბრება პოლიტოლოგს და ჟურნალისტს ისრაელიდან ემილ შლეიმოვიჩს.

- სამ წელიწადში ეს უკვე რიგით მეხუთე არჩევნებია. კატასტროფა! როგორი იქნება ახალი პარლამენტის და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა?

- მთავარია, რომ „ლიკუდმა და ნეთანიაჰუს ბლოკმა უკვე 65 მანდატი მოაგროვეს ანუ ადრინდელი სუსტი წინააღმდეგობა - 61 მანდატი 85-ის წინააღმდეგ - აღარ იქნება. მემარჯვენე რელიგიური ბლოკი, რომელსაც ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, ძალზედ მონოლითურია. მასში შედიან სიონისტები და ასევე სხვადასხვა ულტრაორთოდოქსები ორი პარტიიდან, აქედან ერთი უფრო სეფარდ ებრაელებს იზიდავს, მეორე კი - აშკენაზებს. ეს ნიშნავს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის სტაბილური კოალიციის შესაქმნელად გზა ხსნილია. შესაძლოა, შემდეგი ოთხი წელი ვადამდელი არჩევნების ჩატარება აღარ მოგვიხდეს.

- ბენიამინ ნეთანიაჰუს საქმეს ჯერაც იძიებენ. ამ წლების განმავლობაში ის ერთგვარისრაელის პუტინადხომ არ იქცა, რომელიც თავის გადასარჩენად ცხოვრების ბოლომდე ხელისუფლებაში დარჩენას ფიქრობს?

- რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ მანამდე იქცა „ისრაელის პუტინად“, სანამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. ყველაფერს აკეთებს, რომ გადარჩეს.

მაგალითად, ულტრაორთოდოქსები იბრძვიან, რომ მათმა ბავშვებმა რელიგიურ სკოლებში ზოგადი განათლებისთვის სავალდებულო საგნები არ ისწავლონ. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავრობა მათ აღარ დააფინანსებთ. სახელმწიფოს პოზიცია ასეთია: „ჩვენ სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამა გვაქვს და ნებისმიერი სკოლა, რომელიც მას იზიარებს, ბიუჯეტიდან დაფინანსდება. თუ არ გინდათ, არ მიიღოთ ეს პროგრამა, რაც მოგესურვებათ, ის ისწავლეთ, თუნდაც მხოლოდ ყვავილების გაფერადება, მაგრამ უკვე საკუთარი ფულით“. ამის გამო ნეთანიაჰუს მოკავშირე ერთ-ერთ ორთოდოქს პარტიაში განხეთქილების რისკი გაჩნდა. ნაწილი მზად იყო, ეთქვა, მოდით, ჩვენს ბავშვებს მხოლოდ თორა და თალმუდი კი არა, ინგლისური და მათემატიკაც ვასწავლოთო. ნეთანიაჰუს შეეშინდა, რომ ამ განხეთქილების გამო მხარდამჭერები მოაკლდებოდა, ქვეყნის სათავეში მოსვლას ვერ შეძლებდა და პირობა დადო - ბავშვებს სულ რომ არაფერი ასწავლონ, დაფინანსებას მაინც მიიღებენ. ამის გამოისობით ამ პარტიას ახლა 8 მანდატი აქვს, ნეთანიაჰუ კი პრემიერ-მინისტრად ინიშნება.

ისრაელში პოპულისტებმა გაიმარჯვეს. ისრაელიც მსოფლიო ტენდენციის ქვეშ მოექცა, როცა პოპულიზმი დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მაღლა დგება. ფილოსოფოსმა იან-ვერნერ მიულერმა ზუსტად განსაზღვრა პოპულიზმის ნიშნები. ერთ-ერთი სწორედ ანტიპლურალიზმია“, რაც მშვენივრად ჯდება ნეთანიაჰუს ყველა სარეკლამო კამპანიაში „ან ჩვენ, ან ისინი“. ყველა, ვინც „ჩვენ“ არ არის, მაშინვე სახელმწიფოს მტრად მიიჩნევა, სახელმწიფო კი ბენიამინ ნეთანიაჰუა.

ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც ნეთანიაჰუ ან ვინმე, ვინც მის კვალდაკვალ მოვა, დადგება ისეთ კანონიერ პლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც სწორედ „ისრაელის პუტინს“ მივიღებთ.

პოპულიზმის მეორე ნიშანი ისაა, რომ თუ ლიდერს, რომელიმე დემოკრატიული ინსტიტუტი უშლის ხელს, ის განზე უნდა გასწიოს ან საერთოდ გაანადგუროს. ნეთანიაჰუს პარტიის წევრები და მისი ახალი მოკავშირე პარტია „რელიგიური სიონიზმი“ დიდი ხანია ამას „ქადაგებენ“. ამ მოძრაობის აღორძინება მართლა მაშინებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა გადასაწყობია. ისრაელს კონსტიტუცია არ გააჩნია, ამიტომ სასამართლო სისტემა უკანასკნელ შემაკავებელ ზღუდეს წარმოადგენს. შესაძლოა ჩვენს სასამართლოში მართლაც არის რაღაცები შესაცვლელი, მაგრამ მათ მიერ გატარებული რეფორმა ყველა დემოკრატიულ სქემას მოშლის. ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც ნეთანიაჰუ ან ვინმე, ვინც მის კვალდაკვალ მოვა, დადგება ისეთ კანონიერ პლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც სწორედ „ისრაელის პუტინს“ მივიღებთ.

- ახალი მინისტრთა კაბინეტი რა საშინაო პოლიტიკას გაატარებს? ან რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების კუთხით რას გააკეთებს? ამის გარდა მოსკოვის, თეირანის, დამასკოს ურთიერთობები... ნეთანიაჰუ ყოველთვის ბევრს საუბრობდა უსაფრთხოებაზე. მაგრამ რა დგას ყველაფერ ამის უკან? მისი და პუტინის მეგობრობა რთულად დასავიწყებელი ამბავია.

- არც არავინ დაივიწყებს. პუტინს ექნება სურვილი, აჩვენოს, რომ ნეთანიაჰუ მისი ერთ-ერთ მოკავშირეა და ამას აჩვენებს კიდეც. უეჭველია, რომ უახლოეს მომავალში ისრაელი გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს. იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ისრაელი რუსეთთან ურთიერთობას გაირთულებს. შესაძლოა აშშ-მა თავისი ზეწოლა გააძლიეროს ისრაელზე. თუმცა, ამასაც ნაკლებად ველი. სხვა მხრივ, საშინაო პოლიტიკას ნეთანიაჰუ ყოველთვის ამ პრინციპზე აგებდა: „ვინც ძლიერია, მართალიც ის არის“. მისთვის საშინაო პოლიტიკა ახლა სულაც არაა პრიორიტეტული, მთავარი - უსაფრთხოებაა. ამ მხრივ კი მდგომარეობა ბოლო დროს მართლაც ძალიან გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჯარი ტერორისტებს აქტიურად ებრძვის, თითქმის ყოველდღე ტერაქტი ხდება. ეკონომიკური მდგომარეობაც უარესობისკენ მიდის.

- რა შეგვიძლია ვთქვათ ირანის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე მას შემდეგ, რაც მოსკოვი და თეირანი უკრაინის წინააღმდეგ ერთად მოქმედებენ?

- ისრაელის ჯარში არის დანაყოფი, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე ყველა საბრძოლო მოქმედებას ადევნებს თვალს, რა იარაღია ამ ბრძოლებში, რა მეთოდებს და სტრატეგიებს იყენებენ. როდესაც რუსეთს თავისი ჟანგიანი იარაღი გამოელია, ისრაელის უშიშროებაში ამბობდნენ, სულ იმას ვუფრთხოდით, ზედმეტად არსად გაგვეხედა, რუსეთთან ურთიერთობა არ გაგვეფუჭებინა (სირიის კონტექსტში), მაგრამ თუ მეტი არაფერი შეუძლიათ, გამოდის, ტყუილად გვეშინოდაო.

ახლა ირანმა რუსეთის დრონებით მომარაგება დაიწყო. ეს არ არის ისეთი დრონები, როგორიც თურქული „ბაირაქთარებია“, ან ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატები. ეს რაღაც ხის და ლითონისგან გაკეთებული ჯართია. თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც შეიძლება ხალხის დახოცვა და სახლების დანგრევა. უკრაინაში ხომ ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა არ აქვთ, როგორიც ისრაელის „რკინის გუმბათია“. რუსეთი ასეთ პრიმიტიულ იარაღს იყენებს. ეს ჩვენთვის საფრთხე არაა.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირანულ უპილოტო საფრენ აპარატთან, რომელიც უკრაინამ ჩამოაგდო.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირანულ უპილოტო საფრენ აპარატთან, რომელიც უკრაინამ ჩამოაგდო.

- რუსეთში ანტისემიტიზმის ზრდა შეინიშნება.

- ისრაელის პოლიტიკური ეშელონები ამას არ განიხილავენ, მაგრამ ზოგადად საუბრობენ. გავიხსენოთ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავს უფლება მისცა ეთქვა, რომ ებრაელები ყველაზე დიდი ანტისემიტები არიან და ჰიტლერშიც იყო ცოტაოდენი ებრაული სისხლი - ამისთვის ბოდიში არავის მოუხდია. აქ ყველას გვიყვებოდნენ, რომ თითქოს ჩვენი პრემიერ-მინისტრი პუტინს ესაუბრა და პუტინმა მოიბოდიშა. სისულელეა! უბრალოდ ისრაელის მთავრობა ხალხის წინაშე თავს ასე იმართლებს. რატომ ითმენენ სახეში შეფურთხებას, ჩემთვის გაუგებარია.

რა თქმა უნდა, რუსეთის ანტისემიტიზმი ისრაელის მედიის ყურადღებას იქცევს. თუ რამე მსგავსი ხდება, აშუქებენ - პირველ რიგში რუსულენოვან მედიაში. მაგრამ მაინც საკმაოდ მშვიდად უდგებიან ამ საკითხს.

ებრაელი ლიდერები ღიად ამბობენ: „ბიჭებო, მოკიდეთ ხელი ჩემოდნებს და გაიქეცით. თუ ისრაელში არ გინდათ, სადმე სხვაგან წადით, მაგრამ რუსეთში ნუ დარჩებით, სახიფათოა“.

ერთი, რაც შეუძლია ისრაელს, არის ის, რომ არა პოლიტიკოსების, არამედ საზოგადო მოღვაწეების მეშვეობით რუსეთში მცხოვრებ ებრაელებს უთხრას, რომ მათ რუსეთი უნდა დატოვონ, „ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!“ ამაზე ლაპარაკობს ფინჰას გოლდშმიტი, რომელიც ფაქტობრივად გამოაგდეს მოსკოვის სინაგოგიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას მხარი არ დაუჭირა. ამაზე არაერთხელ განაცხადა ლეონიდ ნევზლინმა, რომელიც რუსეთის ებრაული კონგრესის ხელმძღვანელი იყო. ებრაელი ლიდერები ღიად ამბობენ: „ბიჭებო, მოკიდეთ ხელი ჩემოდნებს და გაიქეცით. თუ ისრაელში არ გინდათ, სადმე სხვაგან წადით, მაგრამ რუსეთში ნუ დარჩებით, სახიფათოა“. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ერთი შეხედვით უმცირესობების მიმართ ლოიალურია, რუსეთში წამში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

ახლა, სამწუხაროდ, ისრაელი რეპატრიანტების ნაკადს ისედაც ვერ აუდის. ბიურონატივმა“, რომელიც რეპატრიანტების კოორდინაციას აკეთებს, კონსულების რაოდენობა მთელ მსოფლიოში გააორმაგა, მათ შორის თავად ისრაელშიც, რათა განცხადებები მიიღონ, საბუთები მოამზადონ. მაინც არ ჰყოფნის. უფრო მეტი ფულია საჭირო, რომ მეტად კოორდინირებულად იმოქმედონ. მიუხედავად ამისა, ისრაელი მზადაა მიიღოს ყველა, ვინც მიხვდება, რომ რუსეთიდან უნდა წამოვიდეს.

XS
SM
MD
LG