Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაღდ კაცებს საქართველოში არაფერი ესაქმებათ - როგორ არეკლამებენ რუსეთში ომს


"ბიჭები წავიდნენ, მამაკაცები დარჩნენ”, თუ გინდათ ფული იშოვოთ და არ გალოთდეთ, მაშინ უკრაინაში საომრად უნდა წახვიდეთ. ეს მოკლე შინაარსია იმ ათეულობით ვიდეორგოლის, რომლებიც ბოლო კვირებში რუსეთში გაჩნდა.

ვიდეოების უმეტესობა პროკრემლისტური ტელეგრამ-არხებით ვრცელდება. ავტორები მითითებული არაა.

უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში პროპაგანდამ პატრიოტიზმით დაიწყო და მოსახლეობას არწმუნებდა, რომ კრემლი მართალია.

მაგალითად, 1 მარტს კონსერვატიულ ტელეარხ “ცარგრადზე” გამოქვეყნდა ანიმაცია ორ სკოლის მოსწავლეზე, ვანიაზე და მიკოლაზე. ისინი მეგობრობდნენ. ვანია უფროსი იყო და მუდამ იცავდა მიკოლას, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ კოლია ერქვა. სკოლაში რომ წავიდნენ, კოლიამ სახელი შეიცვალა. ახალი მეგობრები გაიჩინა და რუსულენოვანი ბავშვების შევიწროება დაიწყო.

“ახალ მეგობარს” ამერიკის დროშის ფერებშია აცვია. “დაჩაგრული ბავშვების” სამოსი უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დროშის ფერებშია. ვიდეოს ბოლოს მთხრობელი ირწმუნება, რომ რუსეთი უკრაინის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ანადგურებს, რადგან მშვიდობა უნდა.

ჩაშლილი გეგმა

1 მარტის შემდეგ მედიამ და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა რუსი ჯარისკაცების მიერ არაერთი სამხედრო დანაშაული გამოააშკარავეს. მათ შორის, ბუჩაში, მარიუპოლსა და ირპენში.

რუსეთმა კი ვერც კიევი ჩაიგდო ხელში და ვერც უკრაინის წინააღმდეგობა გატეხა. ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების დაზვერვა წერდა, რომ რუსულ ჯარში საბრძოლო სულისკვეთება დაბალია. ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთში “პუტინის მზარეულის” სახელითაც იცნობენ, პირადად დადიოდა ციხეებში და არწმუნებდა პატიმრებს, საომრად წასულიყვნენ.

საკმარისი ხალხი მაინც ვერ მოაგროვა. 23 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში “ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ომში 300 ათასი ადამიანი უნდა წაეყვანათ. მომდევნო დღეებში რუსეთი ასიათასობით ადამიანმა დატოვა. 2 ოქტომბერს რუსული "ფორბსი" წერდა, რომ ქვეყნიდან 700 ათასზე მეტი კაცი წავიდა.

ამავდროულად, დღემდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმაზე, თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში. სხვადასხვა წყაროს თანახმად, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება 100 ათასს აჭარბებდეს.

პრაგმატიზმი პატრიოტიზმის ნაცვლად

ბოლო რამდენიმე კვირაში ათობით ახალი პროპაგანდისტული ვიდეორგოლი გაჩნდა. ისინი, ძირითადად, პატარა ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება. ომის დასაწყისში გამოქვეყნებული რგოლებისგან განსხვავებით, მათი ავტორები უცნობი, მესიჯი კი გაცილებით პრაგმატულია: სამშობლოს დასაცავად წასვლა სარფიანი გარიგებაა.

გმირების უმეტესობა რუსეთის პროვინციულ ქალაქებში ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ დაიღალნენ უღიმღამო ცხოვრებით, დაბალი ხელფასით, და რომ მათთვის ერთადერთი გულის გადასაყოლებელი ალკოჰოლია. ამიტომ გადაწყვეტენ, უკრაინაში საომრად წავიდნენ, “სამშობლოს დასაცავად”.

ვიდეოებს, როგორც წესი, ბედნიერი დასასრული აქვთ. ომიდან დაბრუნებულებს უკვე აქვთ ფული, მანქანა, გარშემომყოფების პატივისცემა. გოგოები, რომლებიც იქამდე უარით ისტუმრებდნენ, ახლა პაემანზე თანხმდებიან. ბოლო კადრში ჩნდება წარწერა: “დაიცავი რუსეთი, გახდი მოხალისე”, ან “მოხალისეობა მამაკაცური გადაწყვეტილებაა”.

ვიდეოების ნაწილი გავრცელდა რუსულ სოციალურ ქსელ "ვკონტაქტეში"
ვიდეოების ნაწილი გავრცელდა რუსულ სოციალურ ქსელ "ვკონტაქტეში"

თუმცა არის შედარებით ორიგინალური ვიდეოებიც. მაგალითად, ერთგან გმირს მევახშეები სახლთან ხვდებიან და ვალის დაბრუნებას სთხოვენ. ის კი მიუგებს, რომ კონტრაქტი გააფორმა და კანონით “საკრედიტო არდადეგები” ეკუთვნის. 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა მართლაც გაათავისუფლა “სპეცოპერაციის” ყველა მონაწილე და მათი ოჯახის წევრები საბანკო პროცენტების გადახდისგან.

“ორი ვარიანტი გაქვს: ან თავი დაიცვა კოლექტორისგან, ანდაც დაიცვა სამშობლო. გახსოვდეთ: სანამ თქვენ იცავთ სამშობლოს, სამშობლო გიცავთ თქვენ”, - ამბობს ხმა კადრს მიღმა.

"მობილიზაციის" შემდეგ დაბრუნებული კატა პროპაგანდისტული ვიდეოდან
"მობილიზაციის" შემდეგ დაბრუნებული კატა პროპაგანდისტული ვიდეოდან

კიდევ ერთი ვიდეოს გმირი კი “პატრიოტი კატაა”. ჯგუფ პროდიჯის სიმღერის თანხლებით ის ჯერ ვარჯიშობს, შემდეგ კი უკრაინაში საომრად მიდის. ბოლოს ფულის შეკვრით აჯილდოებენ, მაყურებელს კი შეახსენებენ, რომ კატას დახმარება სჭირდება.

ბიჭები და კაცები

რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი, ალექსანდრ მაკაშევიჩი ამბობს: ეს ვიდეოები “უვარგისია და შეიძლება ზუსტად ამიტომ, მათ არ ავრცელებენ ოფიციალური წყაროებით”.

თუმცა მათ მაინც ეყოლება მაყურებელი, რადგანაც ისინი რუსულ პროვინციების სოციალურ სიდუხჭირეზე ჰყვება - უთხრა მან იუუბ-არხ “ნასტოიაშჩიაია პოლიტიკას”.

ამავე იუტუბ-არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, სარეკლამო პროდიუსერი ედუარდ გოლუბევი ამბობს, შესაძლოა, ვიდეოს დამკვეთები სახელმწიფო უწყებები იყვნენო. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ავტორებს უბრალოდ სურთ, კრემლმა დაასაქმოს და ისინი უბრალოდ “კარგ” პორტფოლიოს ქმნიან.

სხვათა შორის, ერთ-ერთ ვიდეოში საქართველოში წასულებსაც გაჰკრეს კბილი.

ძვირად ღირებულ პალტოში გამოწყობილი მამაკაცი საქართველოში წასასვლელად ემზადება და არ ეხმარება ქალს, რომელიც მის წინ წაიქცევა. სამაგიეროდ დაეხმარება ორი ბიჭი, რომლებიც რუსეთში რჩებიან. “ბიჭები მიდიან, კაცები კი რჩებიან”, - ამბობს ამ სანახაობით გულაჩუყებული მეზობელი.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG