Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხიარული სიმღერა სევდიანი ტექსტით I – (Nothing But) Flowers


ამ რუბრიკას ერთგვარი ქვერუბრიკა მოვუფიქრე და, დროდადრო, როგორც სათაურიდანაც მიხვდებოდით, ისეთ სიმღერებზე დავწერ ხოლმე, რომლებიც ერთი შეხედვით მხიარული და საცეკვაოა, მაგრამ, ტექსტს რომ დაუგდებ ყურს, აღმოაჩენ, რომ მომღერალს სულაც არ ეცეკვება.

ჯონი მიტჩელის ცნობილი სიმღერაა, Big Yellow Taxi, არანაკლებ ცნობილი ტექსტით -“They paved paradise and put up a parking lot”, ანუ - „წალკოტი ჩააბეტონეს და პარკინგად აქციესო“. Talking Heads-ის (Nothing But) Flowers მაგის საპირისპირო ამბავს ყვება.

ჯერ მუსიკაზე ვთქვათ ორი სიტყვა - თუ სიტყვებს ყურს არ დაუგდებ, გადასარევად აგაცეკვებს. დევიდ ბირნს და მის ყოფილ რაზმს ეგეთები არ ეშლებოდათ. ტროპიკული რიტმი აქვს და ბენდს გიტარაზე ჯონი მარი ეხმარება. თავიდან ბოლომდე ოქროა.

შინაარსსაც თუ მიაქცევ ყურადღებას, მერე მთლად მხიარული სურათი კი არ იხატება.

აი, რაზეა სიმღერა - აპოკალიფსის შემდეგ (And as things fell apart nobody paid much attention - ყველაფერი ინგრეოდა, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია - ალბათ აქედან ყველაზე ცნობილი ფრაზაა) ორი გადარჩენილი დგას და სევდიანად უყურებს, როგორ შლის ბუნება ცივილიზაციის კვალს.

ადრე აქ პარკინგი იყო, ახლა მშვიდი ოაზისია.

აქ „პიცა ჰატი“ იდგა,ახლა კი გვირილების მინდორია.

სად წავიდნენ მანქანები? მათ ნაცვლად მხოლოდ ყვავილები ჩანს.

თითქოს კარგია, არა? ჯონი მიტჩელს გაეხარდებოდა, საძულველი პარკინგი რომ კვლავ წალკოტად გადაქცეულიყო. თუმცა, სიმღერის გმირი სულაც არაა კმაყოფილი და სიმღერების ტექსტებიდან ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფრაზას ამბობს:

If this is paradise, I wish I had a lawnmower.

ნეტა ბალახის საკრეჭი მანქანა მომცაო.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG