Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვავე პროტესტი საკრებულოს წევრს არაჰუმანური პოსტისთვის


„დატოვოს ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულო“ - სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 30 მაისს ამ გზავნილით გამართეს აქცია ქუთაისის მერიის წინ.

მათ გააპროტესტეს ქუთაისის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არაჰუმანური პოსტი, რომლითაც მან მიმართა ბლოგერ სალომე ბარკერს, მისი დის, 16 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

აქტივისტების თქმით, აქციები გაგრძელდება, სანამ კოსტავა თანამდებობას არ დატოვებს.

„ჩვენ გვსურს, რომ ამ შენობაში ჰუმანური ადამიანები იღებდნენ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ თუ რა მოხდება ქუთაისში, რა გაკეთდება ქუთაისში. საკრებულოს ყველა ის დეპუტატი, მსგავს მორალურ ჭრილში განიხილება, ვინც გაამართლებს ნანა კოსტავას და იტყვის, რომ მან არ იცოდა რას წერდა. ეს ჩვენთვის მიუღებელი არგუმენტია და არ ვიცით, რატომ მოუვიდათ მათ თავში აზრად, რომ ამ ტყუილს ჩვენ დავიჯერებდით. მის პოსტში გარკვევით წერია, რას გულისხმობდა. ძალიან კარგი იქნება, თუკი საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია, შეგვხვდება და გვეტყვის, თუ რატომ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანი ღირსია იჯდეს საკრებულოში და იღებდეს გადაწყვეტილებებს“, - ამბობენ აქციის ერთ-ერთი მონაწილე აკაკი საღინაძე.

28 მაისს ნანა კოსტავამ ფეისბუკის გვერდზე გააზიარა ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო და ნიშნის მოგებით მიმართა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნინოს ხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაიღუპა.

ნანა კოსტავამ, რომელიც საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრიცაა, პოსტის ვირუსულად გავრცელების შემდეგ ვიდეო-მინაწერი 30 მაისს წაშალა და ფეისბუქის გვერდზე ე.წ. განმარტება გააკეთა:

„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ“.

ნანა კოსტავას განცხადებას იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია და ამბობს, რომ მისმა კოლეგამ მართლაც არ იცოდა ტრაგედიის შესახებ და ის განიცდის მომხდარ ფაქტს.

საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრი, გვანცა თოთაძე აპირებს, რომ უახლოეს სხდომაზე დააყენოს საკითხი ნანა კოსტავას მიერ საბჭოს დაუყოვნებლივ დატოვების თაობაზე. მისი თქმით, მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან მსგავსი შინაარსის შემცველი გზავნილების გავრცელება:

„გარდა იმისა, რომ ნანა კოსტავა საბჭოს წევრია, ის არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ნაცვლად იმისა, რომ მუშაობდეს იმაზე, რომ ნაკლებად ძალადობრივი განცხადებები კეთდებოდეს, საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს სხვადასხვა მიმართულებით, თვითონ აკეთებს იმას, რაზეც თვითონ უნდა ჰქონდეს უარყოფითი რეაქცია. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი როგორც ქუთაისისთვის, ისე ქუთაისის საკრებულოსთვის. მან უნდა დატოვოს გენდერული თანასწორობის საბჭო. ეს პოსტი არ არის მისი აგრესიის გამოვლინების პირველი შემთხვევა. 2017 წელს, როდესაც ჟურნალისტ მაია ასათიანს ქალიშვილი გარდაეცვალა, მაშინაც დაახლოებით მსგავსი შინაარის პოსტი გამოაქვეყნა. ასე რომ ჩემი მოთხოვნის საფუძველი, რომ მან დაუყოვნებლივ დატოვოს გენდერული საბჭო, მხოლოდ ეს ბოლო პოსტი არ იქნება“.

ნანა კოსტავას პირადი გვერდი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

XS
SM
MD
LG