საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმის არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბრიდან, შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობით დოკუმენტი და მტკიცებულება:
"მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს წარედგინა 700-მდე მტკიცებულება - ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტების დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა".
რადიო თავისუფლება იმ მტკიცებულებების ნაწილს იხსენებს, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ წარადგინა. 2008 წლის 12 აგვისტო. გორის ცენტრალურ მოედანზე კასეტური ბომბი ჩამოაგდეს. გოჩა სეხნიაშვილი ამ დროს მოედანზე იმყოფებოდა, ის ადგილზევე დაიღუპა. მისი ძმა, დეკანოზი ხვთისო (სეხნიაშვილი), იხსნებს, რომ გოჩა მეზობელს გადაეფარა.
„მიჭირს ხოლმე ამის გახსენება... რომ აფეთქდა, მეზობელთან იყო გასული. ჩამოსხდნენ. წამოდგა და წინ დაუდგა, მაშინ მოხდა ზუსტად აფეთქება და მთელი დარტყმა მან მიიღო. მეზობელი მსუბუქად დაიჭრა - ფაქტიურად, გადაარჩინა, სიცოცხლე შეუნარჩუნა, ისე წავიდა. გორში ვერც დავმარხეთ. თბილისში გადავასვენეთ, დავმარხეთ და ეგრევე დავბრუნდით“.
ამავე მოედანზე ნიდერლანდელი ოპერატორი სტან სტორიმანსი კასეტური ბომბის ნასხლეტისგან დაიღუპა. გორელი ალეკო როშნიაშვილი ერთ-ერთი პირველი მივიდა მის დასახმარებლად. თვითმხილველის თქმით, ეს იყო უმძიმესი დღე მის ცხოვრებაში, რადგან მოედანზე ერთბაშად დაღუპული 10 სამოქალაქო პირი ნახა.
„მიცვალებულები, რაც მე დავინახე, 10 კაცამდე იყო. სანამ ხალხი მოგროვდებოდა, ერთი უცხოელი ჟურნალისტი იყო. გადმოვიყვანეთ მანქანიდან, ხრიალებდა. ფაქტიურად, უკვე გარდაცვლილი იყო. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. დავდეთ საკაცეზე და შევასვენეთ სასწრაფოს მანქანაში“.
ისკანდერის ტიპის რაკეტის ნარჩენებიც სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. კასეტური ბომბის გადამტანი რაკეტის ნაწილი ნინო მურადელმა საკუთარ ჩანგრეულ სახლში აღმოაჩინა. მისი ოთახის ფოტომ მაშინ მთელი მსოფლიო მოიარა.
„რომ შემოვიდა ჩემი მეუღლე თავის სახლში, მეგობარი ახლდა თან, უკან გაიქცნენ შიშისგან, იმიტომ რომ დანგრეულ სახლში შემოვიდა და ამხელა ბომბი დაინახა. მერე ყველა იღებდა ამ კადრებს, ინტერვიუებს იღებდნენ. ამწე მოიყვანეს და ისევ ჩამონგრეული სახურავიდან გაიტანეს ეს ბომბი, იმიტომ რომ არც კარიდან და არც ფანჯრიდან არ გაეტია. ამ ნერვიულობაზე და შიშზე ჯანმრთელობა ძალიან შეგვერყა მეც და ოჯახის წევრებსაც“.
საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაში:
- სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
- წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის, ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი):
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
- საკუთრების დაცვა (პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი);
- განათლების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლი);
- მიმოსვლის თავისუფლება (მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლი).
ომიდან 13 წლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ აკავებენ ადამიანებს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიცოცხლის მოსპობის ფაქტებს. ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქეები კვლავ განიცდიან წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და ეს შემთხვევები რადიო თავისუფლების რესპონდენტებს არაერთხელ დაუდასტურებიათ. მავთულხლართებმა გაყო და დააშორა ოჯახის წევრები ერთმანეთს. ბოლო შემთხვევა კი სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, როცა საოკუპაციო ძალები ორსულ ქალს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მავთულხლართებზე აქეთ-იქით გადასვლას აიძულებდნენ. დათა ვანიშვილის შვილიშვილმა, მალხაზ კურტაევმა, ეს ისტორია რადიო თავისუფლებას უამბო. ის ცოლთან ერთად პაპის სახლში დააკავეს და აიძულებდნენ მათი ბრძანებები შეესრულებინა.
„აქა რუსების უფროსის მოადგილე არის ერთი დაღესტნელი. 9 დეკემბერს მოვიდა, მე და თათია წაგვიყვანა მავთულებთან, ღობეზე ჩემი ორსული ქალი გადავსვი, საქართველოს მხარეს გადაგვიყვანა, ისევ გადმოგვიყვანა და ფოტოებს და ვიდეოებს მიღებდნენ - აი, საზღვარი დაარღვიეო. ასე რამდენჯერმე ორსული ქალი ღობეზე გადავსვი, გადმოვსვი. ამ ვიდეოზე და ფოტოებზე კიდევ აფიქსირებდნენ, რომ ვითომ მაშინ შემოვდივარ საზღვარზე. მერე სახლში მუქარებზე გადავიდა: მიდი, ახლა ქართველებს შეაგინეო, ოსურად შეაგინეო. მე ქართველებმა კარგის მეტი არაფერი გამიკეთეს, მაგრამ იძულებული გამხადეს და შემაგინებინეს. არ დავმალავ ამას. ეს მოხდა მუქარის და შანტაჟის გამო“.
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 400-ზე მეტი სამოქალაქო და სამხედრო პირი. ცხინვალის რეგიონიდან დევნილად იქცა 30 000-მდე ადამიანი. ომის შემდგომი ოკუპაციის პირობებში, დღემდე ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, განათლების, საკუთრებისა და თავისუფლად გადაადგილების უფლებები.