Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები


საოკუპაციო ხაზი.
საოკუპაციო ხაზი.

9 ნოემბერს სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის სრულმასშტაბიან შეწყვეტაზე, რასაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა,  „წარმოუდგენლად მტკივნეული“ შეთანხმება უწოდა.

ცეცხლის შეწყვეტის გარდა, ფაშინიანი ვალდებულებას იღებს 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლქვეშ მყოფი აგდამისა და გაზახის რაიონები. 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ, სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლის შესაძლებლობას მთიან ყარაბაღთან.

სამმხრივ შეთანხმებაში ნათქვამია ასევე, რომ ამ არეალში უსაფრთხოებას დაიცავს, დაახლოებით, 2 000-კაციანი რუსეთის სამშვიდობო ქვედანაყოფი.

ამ ცნობას მოჰყვა მასობრივი გამოსვლები სომხეთში, სადაც 10 ნოემბერს რამდენიმე ოპოზიციურმა გაერთიანებამ მოითხოვა ნიკოლ ფაშინიანისა და მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მას შემდეგ, რაც ერევანმა მთიანი ყარაბაღის სტრატეგიულ ქალაქ შუშაზე კონტროლის დაკარგვა აღიარა.

მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში. ოკუპირებული რეგიონები ძირითადად მთიან ყარაბაღს (როგორც სომხები უწოდებენ, არცახს) გულშემატკივრობდნენ. არაღიარებულ მთიან ყარაბაღს არაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ინტერესი ამ რეგიონისა და კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებულია. თბილისში ამ მოვლენას ძირითადად აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენად მიიჩნევდნენ და ეს გარკვეულ ოპტიმიზმს აღძრავდა. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი უფრო ფრთხილი იყო, რადგან ცვლილება რეგიონში ჯერ ვერ აჩენს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის კონტურებს.

გიორგი კანაშვილი
გიორგი კანაშვილი

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ მოვლენებისადმი ემოციურ მიდგომას განსაზღვრავდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, თუმცა ანალიზის თვალსაზრისით საინტერესო იქნება აზერბაიჯანის მეტად დაახლოება რუსეთთან, სომხეთის დამოკიდებულებები და ამ კონტექსტში საქართველოს ადგილის განსაზღვრა. რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, კანაშვილის აზრით, იქ შიში იმისა, რომ მოსკოვმა შესაძლოა რაღაც კონფიგურაციებით მათი ინტერესები საერთოდ აღარ გაიზიაროს, უფრო იზრდება და, შესაბამისად გაიზრდება მათი მიზიდულობაც რუსეთის ფედერაციისკენ. თუმცა გიორგი კანაშვილი იქვე განმარტავს, რომ რუსეთმა ამ სამმხრივი შეთანხმებით ბოლომდე მაინც არ გაწირა პარტნიორი სომხეთი.

ლევან გერაძე
ლევან გერაძე

ლევან გერაძე აფხაზეთის საკითხების სპეციალისტია. მისი აზრით, სოხუმში უნდა ესმოდეთ, რომ პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები არ არსებობენ და გეოპოლიტიკური ვითარება ხშირად ინტერესების მიხედვით იცვლება. მისი თქმით, რუსეთი კავკასიაში პოზიციებს იმყარებს, ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში კრემლი აზერბაიჯანთან შეთანხმებით მოქმედებდა. გერაძის აზრით, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები საქართველოსთვისაც საყურადღებო მესიჯი უნდა გახდეს და აქტიურად ჩაერთოს იმ გლობალურ პროცესებში, რომლებიც საქართველოს ინტერესების გარანტირებას შეუწყობს ხელს.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე, სულ ბოლოს, 9 ნოემბერს, - ქალაქ შუშაზე.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი, ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად, წლებია, არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

XS
SM
MD
LG