Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იწყებს მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას


მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი სტეპანაკერტი
მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი სტეპანაკერტი

დღეს დილიდან რუსეთი იწყებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას, სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იუწყებიან თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროები განთავსდებიან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეთანხმების საფუძველზე.

9 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, რუსეთი მთიან ყარაბაღში აგზავნის 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას.

ალიევის, ფაშინიანის და პუტინის შეთანხმებით:

1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე;

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე;

3. გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი;

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად განთავსდება, 5 წლის ვადით და ავტომატურად 5-5 წლით გაგრძელებული პერიოდით, თუ რომელიმე მხარე უარს არ განაცხადებს ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე;

5. კონფლიქტის მხარეთა მიერ შეთანხმების შესრულების კონტროლის ეფექტურობის გასაზრდელად იხსნება სამშვიდობო ცენტრი;

6. 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5 კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება ლაჩინის დერეფნით მოძრაობის ახალი მარშრუტის მშენებლობის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის და შემდგომში ამ მარშრუტს დაიცავს რუსული სამშვიდობო კონტინგენტი; აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ლაჩინის დერეფნით მოქალაქეების, ტრანსპორტის და ტვირთების უსაფრთხოდ მოძრაობას ორივე მიმართულებით;

7. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით;

8. ხდება სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებული პირების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლა;

9. ბლოკადა ეხსნება ეკონომიკურ და სატრანსპორტი კავშირებს. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, ორივე მიმართულებით მოქალაქეების, ტრანსპორტის და ტვირთის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით. კონტროლს ახორციელებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილი.

აზერბაიჯანში დილამდე ზეიმობდნენ მთიანი ყარაბაღის დაბრუნებას, სომხეთში კი მასობრივი არეულობები დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აზერბაიჯანთან კაპიტულანტურ შეთანხმებაში დაადანაშაულეს. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მთავრობის და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს ქალაქ შუშაზე.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

კონფლიქტის მოსაგვარებლად წლებია არსებობს ეუთოს ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და აშშ.

XS
SM
MD
LG