Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე და არა სახელმწიფო!


"სახელმწიფოსაც სჭირდება თანადგომა და ვინაიდან მაქვს
საშუალება და სურვილი, ვცდილობ შევუმსუბუქო მას ტვირთი".

სიმპტომატური აქ ეს სიტყვებია და სახელმწიფოსადმი თითქოსდა
მზრუნველურ-სათნო, რეალურად კი ქედმაღლურ-დამაკნინებელი დამოკიდებულება, რაც, როგორც ჩანს, ჩვენი მმართველი ოლიგარქოსის გააზრებული მრწამსია: სახელმწიფოს უჭირს, ამიტომ საკუთარ ფულს დავდებ, ბიუჯეტს უჭირს, ამიტომ მე დაგეხმარებით, ქვეყანა ღარიბია, ამიტომ პირადად გავიღებ...

ამ ჰუმანურ სიტყვებსა და თუ განწყობაში, ვეჭვობ, გადამწყვეტი
ყოველთვის წინადადების დასაწყისია, სადაც ქვეყნის მთავარმა ქველმოქმედმა და მბრძანებელმა სახელმწიფოს სისუსტეს, სიღარიბესა და უძლურებას უნდა გაუსვას ხაზი, რადგან ეს ხედვა ბანალურად ეფექტურ შედეგს იძლევა: სახელმწიფოს იმედად ნუ ხართ, სახელმწიფოს არაფრის თავი აქვს, ჩემ იმედად უნდა იყოთ!

მე - და არა სახელმწიფო! | ლაშა ბუღაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
გადმოწერა


სად აქვს ამ საწყალ სახელმწიფოს იმის თავი, რომ
წყალტუბო\აბასთუმანს მიხედოს, ანკი იმის თავი, რომ საწყალ ხალხს
გაუმართოს ხელი?! სად შეუძლია ჩვენს ბეჩავ სახელმწიფოს, რომ ამ
გაუსუსურებულ სახელმწიფოებრიობაზე იზრუნოს, ზოგადად? და რა სახელმწიფო ესაა, ბოლოს და ბოლოს, რომ რამე მოვთხოვოთ, საერთოდ?! ამიტომ აგერ არის "სურვილი და შესაძლებლობა" და მიხედავს (მოგვხედავს) ეს კაცი...

მოგვხედავს, რადგან ახლა ის კი არაა სახელმწიფო (როგორც ლუი
მეთოთხმეტეს ეგონა ოდესღაც), არამედ მხოლოდ ისაა და არა სახელმწიფო.

რადგან ეს სახელმწიფო დიდი უხერხული და შემაწუხებელი რამეა
და თუკი უკონკურენტო ოლიგარქოსის კონკურენტად ჩაითვლება ვინმე, ეს სწორედ (და ჯერაც) სახელმწიფოს ნიშნების მატარებელი საქართველოა - შეიძლება ითქვას, მისი უკანასკნელი კონკურენტი, რადგან ამ ეტაპისთვის მან ყველა სხვა კონკურენტს აჯობა.

თუკი კონკურენტი ვერ განადგურდება, იქნებ გაუსახურდეს მაინც,
რაც სახელმწიფოებრივი ნიშნების გასაცოდავება-გაპარტახებად უნდა
გამოვლინდეს: სარეველა ბალახი ამოვიდეს ქუთაისის პარლამენტის შენობაზე, უშინაარსობისგან გამოყრუვდეს პრეზიდენტის სასახლე, გაწყალდეს პოლიტიკური პროცესი, უწყლოდ ჩალპეს "ლაგუნა-ვერე", ადამიანს აქედან წასვლა ექცეს უმთავრეს ღირებულებით მიზნად და საარჩევნოდ გადმოგდებულ კარტოფილს დასჯერდეს დეგრადაციის გზაზე შემდგარი დამფრთხალი მოქალაქე...

ანკი, როგორც ამბობენ, ოდესღაც კრიტიკულ "კურიერს" "რუსთავი
2"-ის არსებობის მანძილზე პირველად აჯობოს თავად ცოცხალმკვდარი პირველი არხის "მოამბემ", რადგან ეს პრინციპად ქცეულა დღევანდელი ოლიგარქიისთვის: ხელში ჩაიგდო რაღაცა, რაც ასე თუ ისე ფუნქციურია და შემდეგ თანმიმდევრულად გააპარტახო.

ბოლოს კი დიდსულოვნად ბრძანო: რა შეუძლია ამ საწყალ საქართველოს, ისევ მე თუ მოგიხერხებთ რამეს...

ჰოდა, საინტერესოც ესაა: ნეტა მართლაც აღარაფრის ძალა
შესწევს "ამ საწყალ" საქართველოს, თუ ჯერ კიდევ შერჩა განვითარებისთვის - ესე იგი, არსებობისათვის - საჭირო ნება?!

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG