Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწარმეები გვირაბის ღამით გახსნას აპროტესტებენ


ქუთაისის ცენტრში, რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ მიწისქვეშა გადასასვლელში, 20 წელზე მეტია არსებობს სავაჭრო ცენტრი „გვირაბი 95“, რომლის მცირე მოცულობის მაღაზიებში 90-მდე მოვაჭრე მუშაობს. მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლითაც ერთმანეთს უკავშირდება ორი ცენტრალური ქუჩის ოთხი მხარე, 2019 წლის 1 აპრილამდე ჭიშკრებით იკეტებოდა.

გადასასვლელის გახსნის საკითხი საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვიტა. ამას წინ უძღოდა თითქმის ერთწლიანი დავა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის მერიამსავაჭრო ცენტრის მფლობელ კომპანიას მოსთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულება და საზოგადოებრივი სივრცის ღამის საათებში გახსნა, მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის კი რამდენიმე თვის წინ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. სავაჭრო ობიექტის მფლობელმა მერიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის მერიის მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია.

ამ გადაწყვეტილებამ სავაჭრო ობიექტების მეპატრონეთა პროტესტი გამოიწვია. მოვაჭრეები შიშობენ, რომღამით მაღაზიებს გაუძარცვავენ. მათივე განცხადებით,„ფეხით მოსიარულეები გადასასვლელით დღისითაც კი ნაკლებად სარგებლობენ, ამიტომგაურკვეველია, რატომ გახდა საჭირო ღამის საათებში მისი გახსნა“. მცირე მეწარმეები ეჭვობენ, რომ ამ გვირაბშიც ისეთივე ანტისანიტარია შეიქმნება, როგორიც ქუთაისში არსებულ ორ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელშია.

მოვაჭრეთა პოზიციას იზიარებს „გვირაბი 95“-ის დირექტორი ბონდო ბრეგაძე. მისიგანცხადებით, რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების ამ მონაკვეთზეზებრა გადასასვლელია და მოქალაქეები დღისითაც კი თითქმის არ სარგებლობენ მიწისქვეშა გვირაბით.ბონდო ბრეგაძე ვარაუდობს, რომ ღამის საათებში გადასასვლელის გახსნა და მოვაჭრეებისთვის დისკომფორტის შექმნა გარკვეულ მიზნებს ემსახურება: „უკვე ეუბნებიან მოვაჭრეებს, რომ სხვა ახლომდებარე სავაჭრო ცენტრებში გადავიდნენ. გარკვეული პირების ინტერესშია გვირაბის ღამით გახსნა და მოვაჭრეების შეშინება, რათა მათ დატოვონ სავაჭრო ცენტრი“.

სავაჭრო ობიექტ „გვირაბი 95“-ის დირექტორი ბონდო ბრეგაძე ამბობს, რომ ამჟამად ობიექტს დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი ემსახურება და მიწისქვეშა გადასასვლელის ღამით ფუნქციონირებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას ითხოვს. ბრეგაძის თქმით, არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის გახშირების გამო აუცილებელია ობიექტთან პატრულირებდეს პოლიცია და დამონტაჟდეს ვიდეოკამერა, რის დაპირებასაც მერია გასულ წელს იძლეოდა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელი საზოგადოებრივი სივრცის ნაწილია და ღამითაც ღია უნდა იყოს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ნუგზარ ხუციბერიძის განმარტებით, „ბიზნესოპერატორთან მოლაპარაკება არ შედგა, რის გამოც საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა“. მისივე განცხადებით, „კერძო საკუთრების დაცვა თავად ობიექტის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს“.

ქუთაისში სულ სამი მიწისქვეშა გადასასვლელია. მათ შორის ყველაზე დიდი ერთმანეთთან აკავშირებს რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩების ოთხ ადგილს. მერიის საკუთრებაშია ნიკეას ქუჩასა და ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებიც.ბოლო წლებია თვითმმართველობა უშედეგოდ ცდილობს მათ გასხვისებას. გადასასვლელები რამდენჯერმე დაასუფთავეს, თუმცა მალევე დანაგვიანდა, რადგან მათ ძირითადად ტუალეტად და ნარჩენების დასაყრელად იყენებენ.

XS
SM
MD
LG