Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიას 2 ამოცანა და რთული პროცესი


რუსთავის ციხიდან 10 მაისს გამოსულმა ნიკა მელიამ  11 მაისს წამოიწყო კონსულტაციების პროცესი სადავო საკითხების შესაჯერებლად, როგორც ენმ-ის შიგნით, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც. შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, ისიც - მიიღებს თუ არა ენმ-ის თავმჯდომარე მონაწილეობას მომავალ არჩევნებში.  

მელიამ წინასწარვე იცის, რომ მრავალფეროვანი და ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების შეჯერება არც შიდა ფრონტზე იქნება იოლი და არც გარე ფრონტზე. ბლოკში აზრთა სხვადასხვაობაა როგორც უშუალოდ პარლამენტში შესვლასთან, ასევე შესვლის ფორმებთან დაკავშირებითაც; ხოლო ოპოზიციურ სპექტრში სადავოდ რჩება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ძალების შესაძლო გაერთიანების საკითხი. მელიამ ორი ამოცანა დაისახა და ამბობს, რომ ყველას დარწმუნებას შეეცდება.

ამოცანა #1 - შეთანხმება ენმ-ის ბლოკის ფარგლებში

13 მაისს, როდესაც პარლამენტი თითქმის ორკვირიან არდადეგებს დაასრულებს და სამუშაო პროცესს დაუბრუნდება, ძალიან დიდი ალბათობით, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაში ჯერ ისევ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის 30-ზე მეტი დეპუტატი.

პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც ნიკა მელიამ თანაგუნდელებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს და წინასწარვე იცის, რომ ამ პროცესს ერთი კვირა მაინც დასჭირდება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ენმ-ის ბლოკში პარლამენტში შესვლის იდეას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს და ეს კატეგორია თვითმმართველობის არჩევნების წინ, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების აუცილებლობასაც ხედავს. თუმცა აზრი მათ შორისაც იყოფა და კერძოდ, პარლამენტში შესვლის ფორმებთან დაკავშირებით:

  • ერთი პოზიციით, პარლამენტში შესვლამდე ენმ-მა ხელი უნდა მოაწეროს „შარლ მიშელის შეთანხმებას“;
  • მეორე პოზიციით, პარლამენტში შესვლა ამ შეთანხმების გვერდის ავლით უნდა მოხდეს, რადგან შეთანხმების ტექსტი მოიცავს ენმ-ისთვის კატეგორიულად მიუღებელ პუნქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის შესახებ.

ნიკა მელია გადაჭრით არ ლაპარაკობს საკუთარ პოზიციაზე პარლამენტში შესვლასთან და მით უფრო - „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ეს საკითხები ძირეულ განხილვას მოითხოვს, რადგან შეთანხმების ტექსტი „ძალიან ნაკლოვანი“ და ხელმომწერებისთვისაც კი საეჭვოა.

თუმცა მელია დარწმუნებულია, რომ არასოდეს დაეთანხმება „ქართული ოცნების“ ფართო ამნისტიას და არასოდეს იქნება თანახმა, რომ ეს ამნისტია მასაც შეეხოს - „თეორიული შანსი არ არსებობს, რომ მე დავთანხმდე ამ სიგიჟეს... ეს არის "ქართული ოცნების" ბროლის ოცნება“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ენმ-ის ბლოკში სრული თანხმობაა მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომ, როგორიც უნდა იყოს უმრავლესობით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, მას მიიღებს და დაემორჩილება ყველა. დაგეგმილია, რომ შიდა კონსულტაციების შემდეგ, გაიმართოს ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, კენჭისყრის გზით მიიღებს.

ენმ-ში ამ ეტაპზე გამორიცხავენ ცალკეული დეპუტატების მიერ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას.

  • „შარლ მიშელის შეთანხმებისთვის“ ხელი უკვე აქვს მოწერილი „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა ენმ-ის ბლოკის („ძალა ერთობაშია“) შემადგენლობაში.
  • ასევე მოიქცა დეპუტატი სალომე სამადაშვილიც, რომელიც ენმ-ის სახელს უკვე გაემიჯნა და დამოუკიდებლად მოქმედებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ენმ-ისგან დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებას მოელის და არც ის გაუკვირდება, თუკი პარტია არ შევა პარლამენტში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, პარტიები, რომლებსაც „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ არ მოუწერიათ ხელი, პასუხისმგებლობას გაურბიან და მხოლოდ ამ შეთანხმების სიკეთეებით სარგებლობას ცდილობენ.

„მათი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და ზოგადად, ამ ქვეყნის მიმართ არ არის პასუხისმგებლობიანი და არის გაქცევა ვალდებულებებისგან თუ პასუხისმგებლობებისგან, რომელიც პოლიტიკოსს აკისრია. უნდათ, რომ მიიღონ მხოლოდ სიკეთეები ამ დოკუმენტიდან და არ აიღონ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა 11 მაისს შალვა პაპუაშვილმა.

ამოცანა #2 - შეთანხმება სხვა პარტიებთან

შედარებით უფრო რთულად მისაღწევი იქნება შეთანხმება გარე ფრონტზე, სადაც კენჭისყრის შესაძლებლობასაც არავინ განიხილავს. ნიკა მელიამ უნდა დაარწმუნოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ძალების გაერთიანება აუცილებელია. ხოლო თუკი მიზანს ვერ მიაღწევს, შესაძლოა მელიამ საერთოდ აღარ მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში:

„არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ იმ შემთხვევაში, თუკი ეს არ იქნება კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს. თუ ეს უნდა იყოს კამპანია კამპანიისთვის, ეს შედეგს ვერ მოიტანს. არავინ უნდა მოვატყუეთ, რომ მჭიდრო კოორდინაციის გარეშე შესაძლებელია მივაღწიოთ შედეგს არჩევნებში, რომელიც თვისობრივად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან“.

ნიკა მელია ლაპარაკობს ერთობაზე, რომელიც არა პარტიული სიების ერთი ბლოკის შემადგენლობაში წარდგენას, არამედ კონკრეტული კანდიდატურების ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს. ის კოალიციურ შეთანხმებაზე ლაპარაკობს.

„ცალკე თბილისის მერობის კანდიდატის გარშემო კი არ უნდა შედგეს ერთობა; ყველა წამყვანი პოზიციის დასახელება უნდა მოხდეს საზოგადოების წინაშე და მათ გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება. ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარსდგეს, მაგალითად - თბილისში. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ვინ იქნება; ყველა მოადგილე, ყველა წამყვანი რაიონის გამგებელი წინასწარ უნდა იყოს დასახელებული.

ახლავე უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, როგორი იქნება კოალიციური მთავრობა... იმედია, 2022 წელს იქნება (ვადამდელი) საპარლამენტო არჩევნები და მერე ხომ გარდაუვალი იქნება კოალიციური მთავრობა“, - უთხრა ჟურნალისტებს 11 მაისს, 77-დღიანი პატიმრობის შემდეგ ენმ-ის ოფისში პირველად მისულმა ნიკა მელიამ.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიცია ერთგვარ რეფერენდუმად განიხილავს იმის გამო, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“ მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ არჩევნების პროპორციულ ნაწილში 43%-იანი ზღვრის გადალახვას ვერ შეძლებს. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების 57%-ზე მეტის მობილიზება ესაჭიროებათ.

ნიკა მელიას განმარტებით, ეს იოლი ამოცანა არ არის და მიუხედავად იმისა, რომ 43% მხოლოდ პროპორციულის მიხედვით გამოითვლება, კანდიდატების შეთანხმებამ მნიშვნელოვანი ფონი უნდა შექმნას - „იქნება კლიმატი, ატმოსფერო, რომ ძალები გაერთიანებულია და იბრძვის ოპოზიცია“.

11 მაისს უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ენმ-ის თავმჯდომარესა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს შორის. თუმცა ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის შეხვედრა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე დღით კიდევ გადაიდება - ვაშაძის უკრაინაში გამგზავრების გამო.

ვაშაძის პარტიასთან მოლაპარაკებები ნიკა მელიას კონსულტაციების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სეგმენტად განიხილება, რადგან „სტრატეგია აღმაშენებელი“ მესამე ცენტრის შექმნას გეგმავს და წინასწარვე უარს აცხადებს ენმ-ის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების მხარდაჭერაზე, მათ შორის - თბილისის მერის პოსტზეც.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ნიკა მელიასთან კონსულტაციებს წინ არაფერი უდგას, მაგრამ შეუძლებელი იქნება პარტიის გადარწმუნება „მესამე ცენტრის“ შექმნის აუცილებლობასა და მერების ალტერნატიული კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

კოორდინაციის შესაძლებლობებს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ გამორიცხავს მხოლოდ საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატების დონეზე.

„ბოლო 9 წელია, მთელი პოლიტიკური ბრძოლა მიდის ორ პოლისს შორის. პრაგმატულად რომ შევხედოთ საკითხს, სხვადასხვა კვლევის თანახმად, ამომრჩევლების 30-40%-ს არც "ქართული ოცნება" უნდა და არც "ნაციონალური მოძრაობა". აშკარაა, რომ ამომრჩევლების ეს ნაწილი ალტერნატივის ძიებაშია. მესამე ცენტრის შექმნის იდეაც ამას ეფუძნება... დიდი ქალაქების მერების კანდიდატურებთან მიმართებით, ვფიქრობთ ამომრჩეველს ალტერნატიული კანდიდატები შევთავაზოთ. სხვა პარტიებთან თანამშრომლობა წარმოგვიდგენია, მაგალითად, საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატების გარშემო. არ ვართ წინააღმდეგი, რომ კოორდინირებულად უფრო ძლიერი კანდიდატები დავაყენოთ“, - გვეუბნება ჩიხლაძე.

  • ოპოზიციურმა ერთობამ, რომელშიც ძირითადი პარტიები შედიოდნენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატების შეთანხმება მხოლოდ თბილისის 8 ოლქში მოახერხა და ისიც ორ შემთხვევაში - არასრულად.
  • 2020 წლის არჩევნებზე ერთიან კანდიდატად დასახელებული იყო თავად გიორგი ვაშაძეც, თუმცა, საბოლოოდ, ისნის ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატურაც დააყენა - ხატია დეკანოიძის სახით, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის შემდეგ, შედეგით მეორე ადგილზე გავიდა.

2020 წლის არჩევნებზე ერთიანი, სრულად შეთანხმებული კანდიდატების წარდგენის გამოკვეთილი მომხრე იყო „ევროპული საქართველო“ და ახლაც, თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარტია იმავე პოზიციაზე რჩება.

„აუცილებელია შეთანხმება სოფლების მაჟორიტარი კანდიდატურების გარშემო, რადგან მათ შემთხვევაში არ არის დაწესებული ბარიერი და ერთი ხმით გამარჯვებულიც უკვე მოგებულად ითვლება. თუ ოპოზიციას ბევრი კანდიდატი ეყოლება წარდგენილი, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება გაუადვილდება. ასევე მნიშვნელოვანია შეთანხმება მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით - თუ ყველგან არა, საკმარისად დიდი რაოდენობის მუნიციპალიტეტებში მაინც. ამ შემთხვევაში შეიძლება არ შედგეს შეთანხმება პირველსავე ტურში, რადგან 50%-იანი ბარიერია გადასალახი და იძლევა საშუალებას, რომ მეორე ტურზე აიღო აქცენტი, მაგრამ აუცილებელია პირველსავე ტურში გამარჯვება რამდენიმე რაიონში მაინც, რადგან დავანახვოთ ამომრჩეველს "ქართული ოცნების" დამარცხების შესაძლებლობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ.

მისი თქმით, ამგვარი შეთანხმების წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი იქნება მხარდამჭერი პარტიების შემადგენლობა.

ძალების გაერთიანების იდეის ღია მომხრედ რჩება „ლეიბორისტული პარტია“ და ასევე არაერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც, ცესკოს მონაცემებით, პარლამენტს მიღმა დარჩა. „ლელოს“ პოზიცია ამ ეტაპზე ცალსახა და გარკვეული არ არის. თუმცა 2020 წლის არჩევნებზე პარტიამ საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატები წამოაყენა.

შევა თუ არა „ევროპული საქართველო“ პარლამენტში?

თუკი ენმ-ის ბლოკი პარლამენტში შევა, 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს სიითი შემადგენლობა 147-ზე მეტი არ იქნება. ამ სამიდან ერთ მანდატს „ლეიბორისტული პარტია“ არ გამოიყენებს, ხოლო ორი მანდატის გამოყენებაზე უარს აცხადებს „ევროპული საქართველო“.

  • „ევროპულმა საქართველომ“ არჩევნებში სულ 5 მანდატი მიიღო, მაგრამ პარტიული სიით გასულმა სამმა დეპუტატმა „შარლ მიშელის შეთანხმებასაც“ მოაწერა ხელი და თანხმობაც განაცხადა პარლამენტში შესვლაზე. მათ შორისაა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე;
  • დარჩენილი ორი მანდატიდან ერთის გამოყენებაზე უარი თქვა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ასევე დატოვა „ევროპული საქართველო“ და დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „დროა“. ხოშტარიას მანდატის გამოყენებას პარტიის სხვა წარმომადგენელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი გამართლდება ჯერ ისევ დაუზუსტებელი ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული პარტიული სიების კვლავ გააქტიურებასთან დაკავშირებით;
  • ხუთიდან კიდევ ერთი მანდატი „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრს, ტარიელ ნაკაიძეს ეკუთვნის და ის მის გამოყენებას პარტიასთან შეუთანხმებლად არ გეგმავს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პარტია პარლამენტში შესვლის აზრს ვერ ხედავს და ეს პოზიცია, დიდი ალბათობით, არც სამომავლოდ გადაიხედება. ბობოხიძე ასევე გვეუბნება, რომ პარლამენტში შესვლა მიუღებელია შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშეც.

„როცა პარლამენტში შედიხარ შეთანხმებასთან შეერთებით, ასეთ შემთხვევაში მიღებულ კანონებზე პასუხისმგებლობას იღებ. ჩვენ კი არ გვჯერა, რომ მიღებული დოკუმენტები იქნება სასურველთან და საჭიროსთან ახლოს... რატომ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რისი შესრულებისაც არ გვჯერა?! თუ არ შევუერთდები შეთანხმებას და მაშინ მხოლოდ დამკვირვებელი გამოდიხარ და მარტო დამკვირვებლის ფუნქციის შესრულებისთვის რატომ უნდა მივცეთ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაცია?! დამკვირვებლის როლის შესრულება შეიძლება პარლამენტს გარედანაც“, - გვეუბნება აკაკი ბობოხიძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG