„ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, ვიქნები საფრთხე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ 10 მაისს, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ. ენმ-ის თავმჯდომარის გათავისუფლებას წინ უსწრებდა გირაოს თანხის, 40 ათასი ლარის გადახდა ევროკავშირის შუამავლობით, ორგანიზაციის - "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy) მიერ.
- რა შეიცვალა 23 თებერვლის შემდეგ, როცა საპოლიციო ძალების გაძლიერებულმა შემადგენლობამ, სპეცსაშუალებების გამოყენებით ნიკა მელია გამთენიისას პირდაპირ პარტიის ოფისში დააკავეს?
- რა გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკს, რომლის 30-ზე მეტი დეპუტატი ჯერ ისევ პარლამენტს მიღმა რჩება?
- რის გაკეთება შეუძლია ნიკა მელიას და შესაძლებელია თუ არა მნიშვნელოვნად დაზიანებული ოპოზიციური ერთობის კვლავ განმტკიცება?
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს, 18:00 საათისთვის დატოვა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალა.
მელიამ საპატიმრო დატოვა, მაგრამ არა იმ კარიდან, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ მედიის წარმომადგენლები, თანაგუნდელები და სამოქალაქო აქტივისტები. ის სხვა კარიდან გამოუშვეს. ამ ფაქტს ხმაური და არეულობა მოჰყვა და ეს „დასანანი აურზაური“ ნიკა მელიამ ხელისუფლების წინასწარ განზრახული გეგმის ნაწილად აღიქვა.
რუსთავის ციხიდან ახლად გამოსული ნიკა მელია აცხადებს, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცალსახა პასუხი თითქმის არაფერზე აქვს და გადაწყვეტილებები აუცილებლად თანაგუნდელებსა და ოპოზიციურ პარტიებთან აქტიური კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული, რასაც „არაერთი დღე დასჭირდება“.
მან იცის, რომ პარტიაში და, ზოგადად, ოპოზიციურ სპექტრში მრავალ საკითხთან, და მათ შორის - პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი მიდგომები არსებობს, მაგრამ სამომავლოდ იმედი აქვს, რომ „პრაგმატული და რაციონალური“ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
გამოვიდა შეცვლილ რეალობაში
როცა მელია დააკავეს, პოლიტიკურ ველზე სულ სხვა ვითარება იყო: ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი ჯერ ისევ განაგრძობდა საპარლამენტო ბოიკოტს და ძველი მოკავშირეებიდან პარლამენტში მხოლოდ ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეების“ 2 დეპუტატი იყო შესული.
23 თებერვლის შემდეგ კი, ბევრი რამ შეიცვალა:
- პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, 19 აპრილს ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმებას;
- შეთანხმების ხელმომწერი 15-მდე ოპოზიციონერი დეპუტატი 27 აპრილს შევიდა პარლამენტში;
- შეთანხმებას ხელი მოაწერა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა - სალომე სამადაშვილმა, რომელმაც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლებამდე გადადო;
- შეთანხმებას ხელი მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, თუმცა ამ პარტიის ორი დეპუტატიდან ერთმა (თამარ კორძაიამ) პარლამენტში შესვლის საკითხი ნიკა მელიას გათავისუფლებამდე გადადო;
- დაიწყო მწვავე დავა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე - ხელმომწერი დეპუტატები ამბობენ, რომ ამნისტიას „შარლ მიშელის შეთანხმება“ ითვალისწინებს და ეს საკითხი ვერ მოიხსნება დღის წესრიგიდან, ნიკა მელიას „ევროკავშირის გირაოს“ საშუალებით გათავისუფლების მიუხედავად.
ნიკა მელიას ციხეში ყოფნის დროს, ასევე, ძირეული ცვლილებები მოხდა „ევროპული საქართველოს“ რიგებში - პარტია დატოვა არაერთმა წევრმა და მათ შორის თავმჯდომარემ - დავით ბაქრაძემ. მან, პარტიის სიით გასულ კიდევ ორ დეპუტატთან ერთად, ხელი მოაწერა „შარლ მიშელის შეთანხმებას“; თუმცა ბაქრაძემ, სხვებისგან განსხვავებით, პარლამენტში შესვლის საკითხი ნიკა მელიას გათავისუფლებამდე გადადო.
გამწვავებულია დაპირისპირება „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ ხელმომწერებსა და არახელმომწერებს შორის, რაც მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირებაშიც აისახება. საგანგებო დაპირისპირებას იწვევს ამნისტიის საკითხი.
პარალელურად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „მესამე პოლიტიკური ცენტრის“ ჩამოყალიბებაზე დაიწყო ლაპარაკი და ისიც თქვა, რომ ცენტრი ენმ-ის გარეშე ჩამოყალიბდება.
ამ იდეას ღიად და საჯაროდ ჯერჯერობით არცერთი ოპოზიციური პარტია არ გამოხმაურებია.
10 მაისს, ნიკა მელიას გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აუცილებლად შეხვდება ნიკა მელიას სამომავლო თანამშრომლობის მიზნით - „ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ“.
ვაშაძე იმედოვნებს, რომ წარსულს ჩაბარდება „გინების რიტორიკა“, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო.
მელია „გამაერთიანებელი“
დაძაბული რეალობის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბლოკის დეპუტატების უდიდესი ნაწილი უპირველეს ამოცანად ოპოზიციური ერთობის კვლავაც შეკვრასა და განმტკიცებას მიიჩნევს.
როგორც ბლოკში შემავალი პოლიტიკური ძალის, „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ოპოზიციის გაერთიანების რესურსი და ძალა სწორედ ნიკა მელიას აქვს.
„მელიას ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალასთან და მისი ფაქტორი უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული იმისათვის, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს. მთავარი ჩვენთვის უნდა იყოს იმის გააზრება, რომ ეს არჩევნები (2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები) უნდა იყოს რეფერენდუმი და ამ ამოცანის დაძლევას ერთობლივად უნდა შევეცადოთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაჩუკი ქარდავამ.
ქარდავას სადეპუტატო მანდატი აქვს და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ემხრობა, თუმცა ეს საკითხი, მისი თქმით, მთლიანად გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, რომლისთვისაც ამ საკითხის განხილვა შეჩერებული იყო ნიკა მელიას გათავისუფლებამდე.
ნიკა მელიას ოპოზიციური ერთობის სათავეში ხედავენ პარტიები ენმ-ის ბლოკს მიღმაც.
როდესაც ოპოზიციაში ერთობის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, მუდმივად ახსენებენ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ტესტში ასახულ 43%-იან ზღვარს. თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. შესაბამისად, ამ არჩევნებს ოპოზიცია ერთგვარ რეფერენდუმად განიხილავს.
როგორც „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მის მეგობარს, ნიკა მელიას შეუძლია - ოპოზიცია 43%-იანი ზღვრის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ძალების გაერთიანების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ბიწაძე ამბობს, რომ მელია „გამორჩეული პოლიტიკური ლიდერია“.
„ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ნიკა მელიას ძალიან დიდი როლის თამაში შეუძლია. ის პროცესებს ყოველთვის უყურებდა არა ვიწროდ, საკუთარი პარტიის პოზიციიდან, არამედ უფრო დიდი სურათის გათვალისწინებით ყოველთვის ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი კოორდინაცია ჰქონდეთ ოპოზიციურ ძალებს ერთმანეთთან. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ის გახდა ხელისუფლების უმთავრესი სამიზნე...
მელია მთელი ამ ხნის მანძილზე იყო პოლიტიკური ტყვე. სწორედ მის მიერ გადადგმული ნაბიჯების ლომის წვლილია იმაშიც, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მედიატორებად ჩაერთვნენ ამ პროცესში... მელიამ მიიყვანა პროცესები თავისი მოქმედებებით იქამდე, რომ მიშელი და დანიელსონი ჩამოსულიყვნენ საქართველოში“, - უთხრა ანზორ ბიწაძემ რადიო თავისუფლებას.
მას შეთანხმების ხელმომწერებთან თანამშრომლობა ნაკლებად წარმოუდგენია, მაგრამ იმედი აქვს, რომ „ყველა მოახერხებს პირადი ინტერესების გვერდით გადადებას“.
- როდესაც ოპოზიციაში ერთობაზე ლაპარაკობენ, ოპოზიციონერი დეპუტატები ყოველთვის ერთ ბლოკში გაერთიანებასა და მაგალითად, დიდი ქალაქების მერების პოსტისთვის საერთო კანდიდატების წარდგენას არ გულისხმობენ.
- ისინი ლაპარაკობენ იმგვარ კოორდინაციაზე, რაც ამომრჩეველთა ხმების ერთმანეთისთვის წართმევას გამორიცხავს. მაგალითად, „ევროპული საქართველო“, მინიმუმ, აუცილებლად მიიჩნევს საკრებულოებისთვის სოფლების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შეთანხმებას.
ჯერ ენმ-მა და მისმა ბლოკმა უნდა გადაწყვიტოს
მელიას გათავისუფლებამდე პროცესები შეჩერებული იყო და თუკი ამ მოლოდინის რეჟიმში გაკეთებულ განცხადებებს გადავხედავთ, ენმ-სა და მის ბლოკს ახლო მომავალში ზუსტი პასუხების გაცემა მოუწევს შემდეგ შეკითხვებზე:
- შევა თუ არა ენმ-ის ბლოკის 30-ზე მეტი დეპუტატი პარლამენტში? ამ საკითხს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მაგრამ, წინასწარი განცხადებებით, ეს, დიდი ალბათობით, სწორედ ასე იქნება;
- თუკი შევლენ, სრულფასოვნად ჩაერთვებიან თუ არა ენმ-ის ბლოკის წარმომადგენლები საპარლამენტო ცხოვრებაში? ამ თვალსაზრისით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა;
- მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას 20 ივნისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნაში - „ლელოს“ ამ იდეის განსახორციელებლად? რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გუნდში ამ სვლას აზრსმოკლებულად მიიჩნევენ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ ფართო ამნისტიას დაამტკიცებს.
პასუხია გასაცემი კიდევ ერთ კითხვაზე - მოაწერს ენმ ხელს „შარლ მიშელის შეთანხმებას“, თუ პარტიისა და ბლოკის წევრები პარლამენტში ხელმოწერის გარეშე შევლენ? საკითხი სადავოა.
თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს „შარლ მიშელის შეთანხმებას“, ამჟამად არსებული ლოგიკით, ეს 20 ივნისის ამნისტიის საკითხის განხილვის თანხმობასაც ნიშნავს; რაც პარტიის პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ - ენმ-ის ბლოკის რიგებში პარლამენტში შესვლას ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშეც განიხილავენ. თუმცა, მაგალითად, ბაჩუკი ქარდავას თქმით, შესაძლოა შეთანხმებაზე ხელმოწერაც გახდეს საჭირო, დასავლელი პარტნიორების ფაქტორის გათვალისწინებით.
ნიკა მელია ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნის დროს აცხადებდა, რომ გათავისუფლების შემდეგ აუცილებლად შეხვდებოდა ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და სამომავლო გეგმებს სწორედ ამის შემდეგ დასახავდა, მათ შორის იმასაც - იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე.
ოპოზიციაში არის ის მოსაზრებაც, რომ (43%-იანი ზღვრის საფუძველზე) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შანსის გათვალისწინებით, მელიას, შესაძლოა, არც უღირდეს დედაქალაქის მერობა.