აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ ციხიდან გამოსულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „TV პირველის" ეთერში თქვა, რომ არ დაეთანხმება „ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს.
„პოლიტიკური ამნისტია რომ გამოეცათ, ამასთან მიმართებაში პრობლემა არავის ექნებოდა. ის სივერაგე, მზაკვრულობა, რაც შეიმუშავეს, ხელმომწერ პარტიებს ერთი უთხრეს და სინამდვილეში მეორე დაახვედრეს, აქ ჩანს კიდევ ერთხელ კარგად ამ ხელისუფლების ხასიათი და ბუნება. ბუნებრივია, მე თუ მეკითხებიან და შემეკითხებიან, რომ წინააღმდეგი არ უნდა ვიყო ამ სახის ამნისტიის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შემეხება. ამაზე არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო წინააღმდეგი. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე! ხომ არ დაავიწყდათ, რის გამო ვყავდი ციხეში, პარლამენტის შენობიდან გამომაგდეს გარეთ, თამარ ბაღაშვილს გამოვესარჩლე, როგორც დეპუტატი და ასე აღმოვჩნდი სცენაზე რუსთაველის გამზირზე, მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი პერსონალური თანხმობა სადაც საჭიროა, ახლავე ვეუბნები, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან აკურატულად კოხტად დაახვიოს გრაგნილად და თაროზე შემოდოს. ეს არის წარმოუდგენელი. ყველაფერს გავაკეთებ კოლეგებთან ერთად, თუ იოტისოდენა შანსი არის რომ მეტასტაზირების ეს პროცესი შევაჩეროთ. 20 ივნისი არ არის ჩვეულებრივი კალენდარული დღე - ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს ამ ცხელ უთოზე, ყველა დაიწვება. 20 ივნისის დამახინჯება, გადაწერა არავის შეუძლია. მე რასაც შევძლებ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, აუცილებლად გავაკეთებ“, - თქვა ნიკა მელიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნების" კანონპროექტში ვკითხულობთ: „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე".
ამნისტიის პროექტის თანახმად, პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ 2019 წლის 19-21 ივნისი მოვლენებში მონაწილე ყველა პირი. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ის სრულად გავრცელდება მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე.
ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა და პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა.
მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს. პარალელურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად იყო გადაეხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი.