Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 მდუმარე დეპუტატი 2018 წლის პარლამენტში


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარლამენტის 2018 წლის მუშაობა შეაფასა. ანგარიშში მოხვდა პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ასევე ცალკეული დეპუტატების საქმიანობის შეფასება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეაფასა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაც, რომელიც 2018 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო. ანგარიშში მოხვდა მმართველი პარტიის წევრი დეპუტატების მხრიდან მესამე სექტორის მისამართით “აგრესიული ტონის” გამოყენების ფაქტები: “სამოქალაქო სექტორზე აგრესიული თავდასხმები და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, - წერია “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ანგარიშში.

ყველაზე აქტიური და პასიური დეპუტატები

● პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი - ეკა ბესელია

● პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან - ზურაბ ჭიაბერაშვილი

● პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან - რომან გოცირიძე

● ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - ხათუნა გოგორიშვილი

● ყველაზე აქტიური კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

● საპარლამენტო ზედამხედველობის ნოვატორი კომიტეტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

შარშან, 93-მა დეპუტატმა გამოიყენა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მათგან ყველაზე აქტიური ანრი ოხანაშვილი იყო. მისი სახელი და გვარი 128-ჯერ დაფიქსირდა საკანონმდებლო ინიციატივაში, მეორე ადგილზე კი ეკა ბესელიაა 110 საკანონმდებლო ინიციატივით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ამ საანგარიშო პერიოდში აღმოჩნდა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 30 დეპუტატს:

● ლევან ბეჟანიძეს (უმრავლესობა)

● რუსლან გაჯიევს (უმრავლესობა)

● ელგუჯა გოცირიძეს (უმრავლესობა)

● მახირ დარზიევს (უმრავლესობა)

● მუხრან ვახტანგაძეს (უმრავლესობა)

● ცოტნე ზურაბიანს (უმრავლესობა)

● გიორგი თოთლაძეს (უმრავლესობა)

● ედიშერ თოლორაიას (უმრავლესობა)

● ზაზა კედელაშვილს (უმცირესობა)

● შალვა კიკნაველიძეს (უმრავლესობა)

● გიორგი კოპაძეს (უმრავლესობა)

● თეიმურაზ კოხრეიძეს (უმრავლესობა)

● იოსებ მაკრახიძეს (უმრავლესობა)

● სამველ მანუკიანს (უმრავლესობა)

● სავალან მირზოევს (უმრავლესობა)

● გელა მიქაძეს (ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“)

● ენზელ მკოიანს (უმრავლესობა)

● რომან მუჩიაშვილს (უმრავლესობა)

● თამაზ ნავერიანს (უმრავლესობა)

● კობა ნაყოფიას (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“)

● რამაზ ნიკოლაიშვილს (უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი)

● დიმიტრი სამხარაძეს (უმრავლესობა)

● აზერ სულეიმანოვს (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“)

● გიორგი ღვინიაშვილს (უმცირესობა)

● გოდერძი ჩანქსელიანს (უმრავლესობა)

● არჩილ ხაბაძეს (უმრავლესობა)

● ფატი ხალვაშს (უმრავლესობა)

● ირაკლი ხახუბიას (უმრავლესობა)

● თენგიზ ხუბულურს (უმრავლესობა)

● ვიქტორ ჯაფარიძეს (უმრავლესობა).

აღსანიშნავია, რომ 16 დეპუტატს, რომლებიც უმრავლესობის წევრები არიან, პარლამენტში არჩევის დღიდან არაფერი უთქვამთ.

გაცდენები პარლამენტში

2018 წლის განმავლობაში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა პარლამენტის 106 წევრი. ამ მივლინებებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი კი 1 644 463 ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი მივლინება 2018 წელს გიორგი წერეთელს ჰქონდა - 29, რაზეც 126 856 ლარი დაიხარჯა. შემდეგ მოდის ეკა ბესელია, რომელიც 2018 წელს 23-ჯერ იყო მივლინებაში და ამაზე 77 742 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა მიზეზით ხშირია სხდომების გაცდენაც. მათ შორის არის როგორც საპატიო ასევე არასაპატიო მიზეზები. საანგარიშო პერიოდში საპატიო მიზეზით 1879 გაცდენა დაფიქსირდა და მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად პირადი პრობლემები სახელდებოდა.

საპატიო მიზეზით გაცდენებში ლიდერობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.

არასაპატიო მიზეზით გამცდენთა სამეულში კი მოხვდა უმრავლესობის სამი დეპუტატი: კახაბერ ოქრიაშვილმა – 12 სხდომა; სამველ მანუკიანმა – 11 სხდომა; თეიმურაზ კოხრეიძემ – 11 სხდომა. არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო არცერთ პარლამენტის წევრს არ დაუკავდა ხელფასის 10% და მათ არც დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებიათ.

რაც შეეხება მაჟორიტარების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრების რაოდენობას, ყველაზე მეტი, 225 საჯარო შეხვედრა ჩაატარა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ. შემდეგ მოდის თენგიზ ხუბულური უმრავლესობიდან – 151 საჯარო შეხვედრით და ენზელ მკოიანი, ასევე უმრავლესობიდან – 128 საჯარო შეხვედრით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ასევე დაინტერესდა როგორია მოსახლეობის აღქმა პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო.

კანონების შეფასება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში დადებითი შეფასებები ერგო პარლამენტის ახალ რეგლამენტს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებებს, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსს, ელექტრონული პეტიციების დანერგვასა და სხვა ცვლილებებს.

2018 წლის ანგარიშში ნეგატიურად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას თუნდაც ერთი მაჟორიტარის გაყვანის შემთხვევაში საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს.

ვრცლად არის მიმოხილული საპენსიო რეფორმა. აი, რას წერს მის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია: ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას, რადგან სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა სამუშაო ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 10.5 პროცენტზე გავრცელდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ არსებული დაბალი ხელფასებიღირსეულ პენსიისაღების საშუალებას არ იძლევა. ამასთანავე, სახელმწიფო შემოთავაზებული საპენსიო სისტემით მოსახლეობაში სოციალური უთანასწორობის გაზრდას უწყობს ხელს.

დოკუმენტში მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებსა და საპარლამენტო გადაწყვეტილებას თან ახლავს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც ორგანიზაციამ CRRC-ს დაუკვეთა. დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მიმართ გამოკითხულთა 75%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა სასამართლო რეფორმის “მეოთხე ტალღის” საკანონმდებლო ინიციატივები. ანგარიშში უარყოფითად არის შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციით დანიშვნა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მოვალეობის განსაზღვრის წესი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ასევე აკრიტიკებს მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

2018 წელს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და მის თანამდევ კანონებში შეიტანა ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს გაუმჭვირვალე შესყიდვების უფლებას, უზრდის სპონსორობისა და კომერციული რეკლამის განთავსების დროს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს. იგი დააზარალებს კერძო მაუწყებლებსა და ქართულ მედიაგარემოს”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა ხორავას ქუჩის საქმეზე

2018 წელს მოხდა პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიციის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ეს ფაქტიც აისახა 2018 წლის ანგარიშში.

გასულ წელს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა სულ 6-ჯერ მოითხოვეს, თუმცა, ერთხელ დაკმაყოფილდა. გამოკითხული მოქალაქეების 79% თვლის, რომ გახმაურებულ მკვლელობებზე ყოველთვის უნდა იქმნებოდეს დროებითი საგამოძიებო კომისიები პარლამენტში.

მოქმედი პარლამენტი 2020 წლამდე გააგრძელებს მუშაობას. მომავალ წელს კი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა პირველად მოხდება პროპორციული წესით.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG