Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა კუპატაძე: ,,მოსახლეობას ჯეროვანი ინფორმაცია არ მიეწოდება“


ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ახალციხეში შეხვედრა გამართა. საჯარო განხილვას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ახალციხის ვიცე-მერმა გურამ მელიქიძემ საზოგადოების დაბალ აქტივობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღია მმართველობის მიუხედავად, მედიისთვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სრული ინფორმაციის დროულად მიღება. სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ელექტრონულად გაგზავნილ წერილებზე პასუხს ძირითადად იღებენ, თუმცა ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილია. გარდა ამისა, საჯარო მოხელეები ყოველთვის იყენებენ მაქსიმალურ ვადას, 10 დღეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პასუხად წერია, რომ ინფორმაცია სხვა უწყებამ უნდა გასცეს. ახალქალაქის საინფორმაციო სააგენტო ,,ჯეინიუსის“ რედაქტორს ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით ძალოვანი სამინისტროებიდან უჭირს. რიმა ღარიბიანი იხსენებს ფაქტს, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ მათგან წერილის გაგზავნა ფოსტით მოითხოვა, პასუხი კი თვეზე მეტია არ მიუღიათ.

მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგილი მექანიზმები არასაკმარისად მიაჩნიათ მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის დირექტორმა მოსახლეობის პასიურობის მიზეზებზე ისაუბრა. მარინა კუპატაძის აზრით, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე სხვა სტრუქტურებთან ერთად ხელისუფლებამაც უნდა იფიქროს.

მოსახლეობისთვის ჯეროვანი ინფორმაციის მიწოდებაზე – დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი ამ მთავარი საკითხის გადაწყვეტაზე - დაინტერესებულმა მხარეებმა თანაბრად უნდა იზრუნონ, განაცხადეს დისკუსიის დასასრულს შეხვედრის ორგანიზატორებმა და აღნიშნეს, რომ პროგრამის მიზანი სწორედ მხარეების ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაზრდაა. NED–ის მიერ დაფინანსებულ პროექტს NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

XS
SM
MD
LG