ბათუმში აჭარის მთავრობის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას უთხრეს, რომ ხელისუფლება ვალდებულია საკუთარი მოსახლეობის უფლებები ინვესტორის ინტერესებზე მაღლა დააყენოს. სწორედ ეს გზავნილი ეწერა ტრანსპარანტზე აქციის ერთ-ერთი მონაწილეს, რომელიც სხვა მარადიდელებთან ერთად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. სახელმწიფო უწყებამ კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“-ს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრები 34 მოქალაქის იმ უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა, რომელიც „კირნათი ჰესის“ მშენებლობის არეალშია მოხვედრილი. მარადიდელები ამბობენ, რომ მდინარე ჭოროხზე ჰესის მშენებელი კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“ მათ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 18 ლარსა და 20 თეთრს სთავაზობს. მარადიდელი ჯემალ დიდმანიძე ფიქრობს, რომ შემოთავაზებული თანხა არ არის საკმარისი, რადგან მისი საკუთრების შეფასებისას არ გაითვალისწინეს მიწაზე არსებული ნარგავები და ის საქმიანობა, რომელიც მარადიდელების ძირითადი შემოსავლის წყაროა:
„ჩემი საკარმიდამო ნაკვეთის ორი მესამედი უნდა დატბორონ, მე კი ძალიან ახლოს ვრჩები წყალთან და ყველა პირობა მერთმევა, რომ სოფელში დავრჩე. ფულს რასაც მიხდიან, ამის მეათედს ვერ ვყიდულობ და სოფელში მიწის გარეშე ვრჩები“.
ჩვენი სახლიც მიაქვთ, ბიზნესიც და 5 ათასი კვ/მ მიწაც, კომპანიამ კი 18 ლარად და 40 თეთრად მიანგარიშა მიწა. 20 ლარად მიწა მიიცემა?! ამ მიწაზე მე ყველაფერი მაქვს, მაგრამ კომპანიას შენობა-ნაგებობა არ აქვს ნაანგარიშები, არ აქვს ხეხილი ნააანგარიშები.ახმედ დიასამიძე
მარადიდელებთან მოლაპარაკებას საქარველოს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ორი კვირის წინ სოფლის ათამდე მკვიდრი თბილისში, სამინისტროში იმყოფებოდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. როგორც ალი დიდმანიძე ამბობს, მარადიდში დაბრუნებულებს წერილობით შეატყობინეს საკუთრების ექსპროპრიაციის შესახებ:
„სამინისტროში გვკითხეს, ვერ შეთანხმდითო?... რას გვიხდის კომპანია, რა ხელშეკრულების საფუძველზე, არაფერი არ გვაინტერესებსო, გვითხრეს სამინისტროში. აბა, რატომ ჩამომიყვანეთ-მეთქი, ვუთხარი. მე, გულით ავადმყოფი, თბილისში ჩამოვედი, რომ რაღაცა აგიხსნათ... თუ წესიერად დამელაპარაკებიან და ისე გადამიხდიან, როგორც სხვას აუნაზღაურეს, მივცემ, ბატონო, და ისე მე იქედან ცოცხალი არ გამოვალ. არც ერთი მარადიდელი მაგას არ დაუშვებს“, - გვითხრა მარადიდის მკვიდრმა ალი დიდმანიძემ. მას ექსპროპრიაციით 5 ათასი კვ/მ მიწის ფართობისა და საცხოვრებელი სახლის დათმობა უწევს მშენებლობის გამო. 34 მოქალაქის საკუთრების ექსპროპრიაციის ბრძანებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა 3 დეკემბერს მოაწერა ხელი. მათ შორის არიან მარადიდელები, რომლებსაც მიმდინარე წლის დასაწყისში კუთვნილი მიწის ნაკვეთები ჰესის სამშენებლო სამუშაოების დროს დაეტბორათ. ამ ფაქტს ადგილობრივები მაშინ საპროტესტო აქციებით გამოეხმაურნენ. მათი მოთხოვნით სახელმწიფო კომისიაც კი შეიქმნა, თუმცა, როგორც დღეს ამბობენ, უშედეგოდ. დაზარალებული მოსახლეობიდან ახმედ დიასამიძე ერთადერთია, რომელმაც კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“-ს სასამართლოში უჩივლა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ამბობს, რომ დატბორვის შედეგად საკალმახე მეურნეობა გაუნადგურდა. ექვსი თვეა, სასამართლოს განხილვას უშედეგოდ ელის. საკუთარი ქონების ექსპოპრიაციის შესახებ შეტყობინება წერილით მიიღო. მათ შორის ის მიწის ნაკვეთია, რომლის განადგურების გამო კომპანიასთან სასამართლოში დავობს.
რაც შეეხება ამ პროექტს, იგი უნდა დასრულდეს, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეები. სამწუხაროა, რომ ვერ შეთანხმდნენ და სახელმწიფოს მოუწია ექსპროპრიაციის გზით წასვლა.თორნიკე რიჟვაძე
„ჩვენი სახლიც მიაქვთ, ბიზნესიც და 5 ათასი კვ/მ მიწაც, კომპანიამ კი 18 ლარად და 40 თეთრად მიანგარიშა მიწა. 20 ლარად მიწა მიიცემა?! ამ მიწაზე მე ყველაფერი მაქვს, მაგრამ კომპანიას შენობა-ნაგებობა არ აქვს ნაანგარიშები, არ აქვს ხეხილი ნააანგარიშები. ჩემს ბიზნესზე კი საერთოდ არაა ლაპარაკი“, - ამბობს ახმედ დიასამიძე.
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი მარადიდელები რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასა და ადგილობრივი ხელისუფლების პროცესში ჩართვას მოითხოვდნენ. თორნიკე რიჟვაძემ საპროტესტო აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოქალაქეებთან შეხვედრას აპირებდა, თუმცა საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მთავრობის აპარატის თანამშრომელი მოვიდა და თქვა, რომ მთავრობის თავმჯდომარე მარადიდელებს უახლოეს მომავალში შეხვდება. მანამდე კი თორნიკე რიჟვაძემ „კირნათი ჰესის“ მშენებლობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:
„ჩვენ შეხვედრის პრობლემა არ გვაქვს არასოდეს არც ერთ მოქალაქესთან. რაც შეეხება ამ პროექტს, იგი უნდა დასრულდეს, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეები. სამწუხაროა, რომ ვერ შეთანხმდნენ და სახელმწიფოს მოუწია ექსპროპრიაციის გზით წასვლა, თუმცა ჩვენ ჩავერთვებით და მაქსიმალურად შევეცდებით კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ“.
„კირნათი ჰესს“ კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“ აშენებს. მის მიერვე უკვე აშენებულია „ხელვაჩაური 1“. ჰესების საერთო სიმძლავრე 98 ათას მეგავატზე მეტი უნდა იყოს. საქართველოს მთავრობასთან დადებული მემორანდუმის მიხედვით, ათი წლის განმავლობაში ჰესების კომერციული საქმიანობის შედეგად ყოველი 8 თვის მანძილზე გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოს შიდა მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი.