Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ლარად გასაცემი წამლების ნაწილი კახეთის აფთიაქებში არ აქვთ


საქართველოში, უკვე მესამე წელია, მუშაობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც „უფასო მედიკამენტების“ სახელით არის ცნობილი. წესით, ამ პროგრამით უნდა ისარგებლონ სოციალურად დაუცველებმა, საპენსიო ასაკის მოქალაქეებმა და მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებმა. პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარები მედიკამენტების ნაწილს იღებენ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, თუმცა ბოლო ხანებში კახეთის რეგიონში სულ უფრო მეტი ადამიანი ჩივის, რომ რეალურად უფასო მედიკამენტებს ვერ იღებენ, რადგან იმ აფთიაქებში, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული, წამლის მარაგი, ფაქტობრივად, არ აქვთ. მაგალითად, ჟუჟუნა მაჭარაშვილი ამბობს, რომ მუდმივად სჭირდება არტერიული წნევის სარეგულირო მედიკამენტები, პროგრამის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს, მაგრამ აფთიაქში უთხრეს, რომ მარაგი ამოწურულია და ფიზიკურად წამალს ვერ გასცემენ. ჟუჟუნა მაჭარაშვილი იმასაც გვეუბნება, რომ იგივე წამალი აფთიაქში იყიდება.

აფთიაქებში ამბობენ, რომ უფასო მედიკამენტების პროგრამით წამალი არა გვაქვსო, თუმცა ფულზე ყიდიან. ცხელ ხაზზე დარეკეთო, მითხეს. მეც ბევრჯერ დავრეკე, მაგრამ არც ცხელ ხაზზე გვცემენ პასუხს“, - განაცხადა ჟუჟუნა მაჭარაშვილმა.

რასაც გვპირდებიან და, წესით, უნდა იყოს უფასო მედიკამენტების სიაში, ადგილზე რომ მივდივარ, არ გვხვდება. რამდენჯერაც ვიყავი, არ იყო. ბოლოს მომწყინდა და გავანებე თავი.

ჟუჟუნა მაჭარაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც უფასო წამლების პროგრამით ვერ სარგებლობს. ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, 1 ლარად გასაცემი წამლები აფთიაქებში რეალურად არასდროს არ აქვთ. უფრო მეტიც, ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, კონკრეტული წამლის მისაღებად აფთიაქში 3 თვე იარა, ამასობაში კი მის რეცეპტს ვადა გაუვიდა.

„რომელი წამალიც მე მჭირდებოდა, როცა ვიკითხე, აფთიაქში არ იყო. სხვა მედიკამენტები არისო, მაგრამ ისინი მე არ მჭირდება. უფასო წამლების პროგრამით ზოგი მედიკამენტები აქვთ, თუმცა ყველა არა“.

„პროგრამით ვერ ვსარგებლობ, იმიტომ რომ ის წამლები, რომელიც მჭირდება და რომელიც მართლა არის საჭირო, აფთიაქში არ არის“.

ვერ გეტყვით, როდის შეივსება მარაგები, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ზუსტი თარიღის მითითებით არც ჩვენ არ გვაქვს. აუცილებლად უნდა შეივსოს მედიკამენტების მარაგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ის სამსახური, ვისაც ევალება, დეტალურ მონაცემს ვერ გვაწვდის.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი


„რასაც გვპირდებიან და, წესით, უნდა იყოს უფასო მედიკამენტების სიაში, ადგილზე რომ მივდივარ, არ გვხვდება. რამდენჯერაც ვიყავი, არ იყო. ბოლოს მომწყინდა და გავანებე თავი. იძახიან, სამედიცინო პროგრამები შეიცვალაო. არადა, არაფერი არ შეცვლილა ადამიანის საკეთილდღეოდ. ეს ტვირთი მხრებზე იმდენად გვაწევს, რომ ხალხს გვძირავს უკვე.

ჩვენ რესპონდენტების ნათქვამი გადავამოწმეთ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კახეთის ერთ-ერთ აფთიაქში და ვიკითხეთ, მაგალითად, იყო თუ არა მარაგში არტერიული წნევის მედიკამენტი ამრადიპინი. ფარმაცევტებმა გვითხრეს, რომ აღნიშნული მედიკამენტი, დიდი ხანია, არ ჰქონიათ და არც ის იციან, თუ როდის შეივსება მარაგი. მათ მიგვითითეს, რომ ინფორმაციის მოსაძიებლად ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხააზე დაგვერეკა, უწყების ცხელი ხაზის ოპერატორმა კი გვითხრა, რომ ეს პრობლემა მათი მოსაგვარებელი არ არის:

„ვერ გეტყვით, როდის შეივსება მარაგები, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ზუსტი თარიღის მითითებით არც ჩვენ არ გვაქვს. აუცილებლად უნდა შეივსოს მედიკამენტების მარაგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ის სამსახური, ვისაც ევალება, დეტალურ მონაცემს ვერ გვაწვდის. აქედან გამომდინარე, მე ვერ შეგიყვანთ შეცდომაში და ვერ გეტყვით დროს. თქვენ არ ხართ პირველი, ძალიან ბევრი გვირეკავს ამ პრობლემის თაობაზე. პროგრამულად უნდა მოხდეს მედიკამენტების შეძენა. ეს ცხელი ხაზის მოსაგვარებელი პრობლემა რომ იყოს, ჩვენ ამას მოვაგვარებდით. ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაგვარებელი და თქვენ შეგიძლიათ სააგენტოს სახელზე დაწეროთ განცხადება და მიუთითოთ პრობლემა“.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგნლები მთელი დღის განმავლობაში გვპირდებოდნენ, რომ უწყების კომპეტენტური წარმომადგენელი განგვიმარტავდა, თუ რატომ არის უფასო მედიკამენტების პროგრამაში შემავალი წამლების დეფიციტი აფთიაქებში, თუმცა მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს ასეთი ინტერვიუს ორგანიზება.

ველაზე ფართოდ გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების სიმბოლურ ფასად გაცემის პროგრამა 2017 წლიდან მუშაობს. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ეს პროგრამა რეალურად ჩავარდა.

„უფასო მედიკამენტების“ პროგრამით 2018 წელს დაგეგმილზე ათჯერ ნაკლებმა პირმა რომ ისარგებლა, ამის შესახებ მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმაც განაცხადა. დავით სერგეენკომ სავარაუდო მიზეზებად დაასახელა ტექნიკური და საინფორმაციო ბარიერები. როგორ გეგმავს ამჟამინდელი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, პრობლემის მოგვარებას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG