Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო კახაძე: ვდგევარ ცენტრიდან მარჯვნივ


ლადო კახაძე
ლადო კახაძე

​რადიო თავისუფლებამ მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ ინტერვიუს ჩაწერა დეპუტატობის ორივე კანდიდატს შესთავაზა და თანხმობაც მიიღო, თუმცა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვერ გამონახა დრო ჩვენთან სალაპარაკოდ.

ეს იმ კითხვების ჩამონათვალია, რომლებიც ლადო კახაძესთვის გვინდოდა დაგვესვა:

რადიო თავისუფლებამ ამ კითხვების ნაწილზე პასუხები ირიბად, ლადო კახაძის სხვა მედიასთან საუბრის შედეგად მიიღო. აქ სწორედ ასეთ ამონარიდებს გთავაზობთ. მასალის ძირითადი წყაროა შალვა შავგულიძესა და ლადო კახაძეს შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული სატელევიზიო დებატები.

რატომ გახდა „ქართული ოცნების“ სახე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში?

"იდეოლოგიურად მე არასოდეს არ მიღალატია, ცენტრიდან მარჯვნივ ვდგევარ. ვდგევარ საქართველოს მრწამსიერ, მართლმადიდებელ, წესიერ, ზნემაღალ და ისტორიული მემკვიდრეობითობის შესრულების ყველა ყაიდაზე. ამას არასოდეს არ ვუღალატებ. ვდგევარ ცენტრში, იმიტომ, რომ შეკრება, შენება და კონსტრუქცია უფრო ადვილია ჩემთვის, იმიტომ რომ დაავადებასთან ბრძოლა ცალ-ცალკე არ შეიძლება, ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ დაავადებას. და აქ ვხედავ ზუსტად "ოცნებას"."

რა აქვს საერთო მმართველ პარტიასთან?

"სამივე თაობის წარმომადგენლებს კარგად ვიცნობ. და ვხედავ იმას, როგორ შეუძლიათ მოითმინონ, როგორ შეუძლიათ მიუტევონ, როგორ შეუძლიათ რაღაცა ზემოთ დადგნენ იმ სიძვაზე, რომელსაც თესავს და ძალიან მწარედაც თესავს [ნაციონალური მოძრაობა]. მაგრამ ამას არ წამოეგება [ამომრჩეველი]. ასეთი თავისუფალი სივრცე და ასეთი თავისუფალი ნება აქვს ადამიანს ხმის გამოხატვის, თუ თავისი ქცევის და შარვლის ჩახდის (ბოდიშს ვიხდი) და ქცევაში ყველაფერი ნებადართულია. ამაში ეს ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ ადამიანებს არ შეელახოთ უფლება და ზუსტად ამ იდეოლოგიის გამაგრძელებელი ვარ მათთან ერთად."

ცდილობს თუ არა „ქართული ოცნება“ სასამართლოს უზურპირებას?

„სამასამდე შეხვედრა მაქვს ჩატარებული. უამრავ ადამიანს შევხვდი. არც ერთხელ არ გამიგია სამართლის მიმართ რაიმე უკმაყოფილება. მთაწმინდას ვგულისხმობ. არც ერთი შეკითხვაც კი არ დასმულა, არც პროტესტი გამოუთქვამთ და გულისჩივილი არ გამოუხატავთ ჩემთან.“

რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს?

"აპოკალიფფს რომ ხატავენ ზოგიერეთები, რომ ინგრევა ისპობა ყველაფერი.მაშინ მერწმუნეთ 43 905 ამომრჩეველია მთაწმინდაზე და 43-ვე ათასი გამოვიდოდა და პროტესტის ნიშნად გამოხატავდა ყოველივე იმას, რომ არიქა ვინგრევით და უნდა შევცვალოთ ყველაფერი...[ადამიანები] თვითონ მონაწილეობენ თავიანთი პრობლემების მოგვარებაში, ხვდებიან ერთმანეთს,ზოგჯერ პროტესტი გამოუთქვიათ ხელისუფლის მიმართ, ხელისუფალთან ერთად გაიარეს ბევრი წინააღმდეობები და მიხვდნენ ერთ რამეს, რომ ეს სტატუს ქვო შეიძლება იყოს დამაკმაყოფილებელი რაღაც გარემოებათა გამო. იმიტომ რომ ამ პერიოდის მანძილზე არ ისმის სიტყვები-„დახოცეთ“, არ ისმის სიტყვები- „ტყვიები არ დაიშუროთ“, არ ისმის სიტყვები- „12 წლის ბავშვი ციხეშია“. გესმით? სტაბილურობის შეგრძნების გარანტია არსებობს. მერე არ ესმით ღამ-ღამობით ნოტარიული გადაფორმება ქონების, წარმთმევა არ ესმით, დაყაჩაღება არ ესმით, არ ესმით ეს პოლიტიკური ვაკხანალია... და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავისივე თავს გამოწვევაში იწვევენ, 9-ში მოვლენ გაათმაგებული რაოდენობით და შედეგი დადგება სასურველი.“

გაიზრდება თუ არა ამომრჩევლის აქტივობა და მისი მომხრეების რაოდენობა?

„თვითონ მოსახლეობამ უკვე გააკეთა არჩევანი. 19 მაისის შემდეგ ყოველ ახალ შეხვედრაზე გაათმაგებული რაოდენობის ადამიანები გამოდიან უკვე. თვითონვე გააკეთეს არჩევანი და თვითონვე თქვეს უკვე, რომ ჩვენმა პასიურობამ გარკვეულწილად დაღი დაასვა ამ ყოველივეს...მინდა წინასწარ ვიწინასწარმეტყველო, რომ 9 ივნისი ჩაივლის მშვიდობიანად, ყველა წესების ჩათვლით და ამომრჩეველი თავის სწორ არგუმენტირებულ და მართალ გადაწყვეტილებას მიიღებს საარჩევნო ურნასთან.

მე უბრალოდ ვთხოვ, სახლში ნუ გაჩერდებით, მოდით თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად და თქვენ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.“-განაცხადა ლადო კახაძემ, მანვე პირველი ტურის შემდეგ აღნიშნა, რომ მის მომხრეთაგან ბევრს ეგონა, რომ გამარჯვება არ გაუჭირდებოდა. არჩევნებზე სწორედ ამიტომ არ მივიდნენ, თუმცა ახლა მისი ხანდაზმული მეგობრებიც აღარ აპირებენ შინ გაჩერებას.

კარდაკარ სიარულის შემდეგ რა გაიგო მან ამომრჩევლებზე, მათ ყოფით პრობლემებზე?

„გაუჭირდათ ნამდვილად და შეიძლება კიდევ გაუჭირდეთ კიდევაც“,-განაცხადა ლადო კახაძემ. მისი თქმით, მოსახლეობამ იცის, რომ ქვეყანას კიდევ ემუქრება გაჭირვება, მაგრამ „ ადამიანები ითმენენ და იციან კიდევაც, რომ გამოსავალს ამ გუნდთან ერთად ეძებენ და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. იცით, რატომ არ ეძებენ მათთან?! იმიტომ, რომ როცა მათთან მიდიხარ და ეუბნები, ფეხი მტკივაო, [ისინი ამბობენ] ფეხი მოჭერითო. ჩვენ კიდევ, ვამბობთ, იქნებ, ვუმკურნალოთ-თქო. ეს მკურნალობა კი, გარკვეულ დროს მოითხოვს. დიახ, ლარის კურსიც გაძლიერდება. ბუმი რომ იყო, არიქა, კურსი 2.8-ს გადასცილდა და 2.9-ზე ავიდაო, ჩამოვიდა თუ არა 2.73-ზე?! ბენზინის ფასმა დაიწია, თუ არა?! ეს ყველაფერი მოხდება. ჩვენ ვიცით, რომ დაავადებას თავისი პიკები ახასიათებს, მაგრამ ამ პიკიდან გამოსავალი ყოველთვის არის ლიზისი და ეს ლიზისი სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მხოლოდ იმ ძალასთან ერთად, რომელსაც მე წარმოვადგენ“.

რაზე ესაუბრება ამომრჩეველს პირისპირ შეხვედრების დროს?

"მოსახლეობასთან რომ შევდივარ ვეკითხები, როგორა ხართ ამხანაგობები? ხართ ძლიერები? ვართო. ერთი პირი გაქვთ? გვაქვს. თქვენ იცით, რომ ხელისუფლება თანადაფინანსების პრინციპით გიდგებათ სახლების რეაბილიტაციაში - კი. 10 პროცენტიანი თანადაფინანსების შემთხვევაში თანახმა ხართ? - როგორ არ ვართ. ჩვენ გვაქვს იმის რესურსიც. იძახიან, ხო გაჭირვებაა...

იცოდეთ, ყველა გაჭირვება დაძლევადია,აღმშენებლობა გარდუვალია, იმ პროექტებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული, ეს ყველაფერი გამოსწორებადია და დიდი მადლობა ამ მოთმინებისათვის და ასეთი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის."

რას ჰპირდება ამომრჩეველს?

„მე, როგორც მთაწმინდის, თქვენს მაჟორიტარ დეპუტატს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მაქვს შეთავაზებები, რომელიც უცვლელია. ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება, რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით მისი, როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისთვის, ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ვიცით, რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია, ვიცით დასაქმების პრობლემები, რომლებიც ქვეყანასაც ისევე აწუხებს, როგორც ჩვენს მთაწმინდელებს და ჩემი პარლამენტში მოხვედრის პირობებში გააქტიურდება მუშაობა ამ კუთხით. ეკონომიკური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად, თქვენ მიერ დელეგირებული უფლებებით იქნება გახორციელებული ზუსტად იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი კონსტრუქციები, ახალი ურთიერთობები, რომელიც ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ჩვენთან გაერთიანების სურვილს გააათმაგებს.

დასახულია ბევრი პროექტი, რომელიც ეხება მთაწმინდის რაიონში ცალკეული ქუჩების და კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას, რომელიც გაზრდის ტურისტულ არეალს და პოტენციალს.“ განაცხადა ლადო კახაძემ 21 მაისს ბრიფინგზე.

რა ინიციატივების დაყენებას გეგმავს პარლამენტში?

"იმ პარლამენტში, სადაც ერთი დამატებითი ხმით შევალ, აუცილებლად მოვითხოვ რევიზირებას, იმ სახელისუფლებო [წინა ხელისუფლება] გატარებული დროის მანძილზე დანაშაულებრივი ქმედების მანიფესტაციას და პოლიტიკურ ვერდიქტს. დიახ, ეს საკითხი გასაცოცხლებელია. იმიტომ, ძალიან ბევრი ნაღმი, რომელიც არის დატოვებული ხელისუფლების [წინა ხელისუფლება] მიერ, იმას 7 წელიწადი ვერ მოუვლის.

მე თუ კარგად მკითხავთ, როგორც ექიმს, რომელმაც კარგად იცის რა არის ქრონიკული დაავადების დატოვებული ნაღმები, პოლიტიკაში დატოვებული ნაღმები გაცილებით უფრო რთულია, როგორც შიდა პრობლემებში, ისე ქვეყნის გარეთაც. და ყოველი ახალი წუთი და წამი ამ პოლიტიკური ძალის [ნაციონალური მოძრაობა] ყოფნისა ამ ველზე, სვრის დანარჩენ პოლიტიკურ ძალებსაც და მათი ასოცირება ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ოპონენტთან მათ ულახავს იმიჯს."

XS
SM
MD
LG