Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი და ზოგიერთი ლიდერის უცნაური რჩევები


ერთჯერადი ჭიქებისა და ერთჯერადი რეზინის ხელთათმანების გამოყენების გარდა, ლაპარაკია ხატებზე ამბორის გავრცელებული პრაქტიკისგან თავის შეკავებაზეც.
ერთჯერადი ჭიქებისა და ერთჯერადი რეზინის ხელთათმანების გამოყენების გარდა, ლაპარაკია ხატებზე ამბორის გავრცელებული პრაქტიკისგან თავის შეკავებაზეც.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მედიკოსების რეკომენდაციების გარდა, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები მოსახლეობას სხვადასხვა უცნაურ რჩევას აძლევენ - იქნება ეს მინდორში მუშაობა, საუნაში სიარული თუ არყის დალევა.

ფეისბუკსა და სხვა, მეტწილად რუსულ, სოციალურ ქსელებში წაიკითხავთ, რომ სასარგებლოა ნიორი, ვიტამინი С, სტეროიდები და სხვადასხვა სახის ეთერზეთები, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულად არ არის დასაბუთებული, თუ როგორ შეუძლია ამ საშუალებებს კორონავირუსთან შებრძოლება.

დეზინფექცია თურქმენულად

ავტორიტარული თურქმენეთის ლიდერი, მაგალითად, დარწმუნებულია, რომ ჰამალას სახელწოდებით ცნობილი ბალახის დაწვა კორონავირუსისგან დაცვის უძველესი საშუალებაა.

თურქმენეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, საფარმურად ნიაზოვმა, რომელიც საკუთარ თავს ყოველთა თურქმენთა სასულიერო ლიდერადაც მიიჩნევდა და მოსახლეობას რეგულარულად აძლევდა რჩევებს საყოფაცხოვრებო და რელიგიურ თემებზე, 2005 წელს ექიმებს მოუწოდა უარი ეთქვათ მსოფლიოს სამედიცინო სამყაროში მიღებულ ჰიპოკრატეს ფიცზე და მისთვის, განათლებით ინჟინერ-ელექტრიკოსისათვის, შეეფიცათ.

მისმა მემკვიდრემ, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, განათლებით სტომატოლოგმა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ახლახან მინისტრებს მოუწოდა, ფართოდ დანერგონ წინაპრების აპრობირებული სახალხო მეთოდი, შენობებში ჰამალას სახელწოდებით ცნობილი ბალახის დაწვა, რასაც თურქმენულად „იუზარლიკის გაკეთებას“ უწოდებენ.

„ათასწლეულების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს დამღუპველ ჩვეულებათა წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის ეფექტიან სახალხო მეთოდებს“, - განაცხადა 13 მარტს თურქმენეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სამთავრობო სხდომაზე.

ჰარმალა, რომელსაც ტოქსიკური თვისება აქვს, მართლაც ფართოდ გამოიყენება ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც მას აკმევენ შენობებში და ასევე გამოიყენებენ ავი სულების გასადევნად შამანური რიტუალების დროს, მაგრამ მეცნიერულად დასაბუთებული არ არის, რომ ამ მცენარის კვამლი ვირუსებს სპობდეს.

თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი
თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ ხალხი სულ უფრო ხშირად მიმართავს სახალხო მედიცინას. სიტუაცია იმდენად გროტესკულია, რომ სახალხო მკურნალებმა თავიანთ პრაქტიკაში პრეზიდენტის წიგნებით სარგებლობას მიჰყვეს ხელი.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ თურქმენეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდნენ ვეტერინარები, რომლებიც ხალხს ურჩევდნენ შინაური ცხოველებისთვის პრეზიდენტის წიგნში აღწერილი სამკურნალო ბალახებით ემკურნალათ.

თურქმენეთში კორონავირუსის შემთხვევების შესახებ არაფერს იტყობინებიან, მაგრამ აშხაბადმა კრიზისის გამო საზღვრები ჩაკეტა.

საუნა, ტრაქტორი და მინდორში მუშაობა

ოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ბელარუსს ერთპიროვნულად მართავს, ალექსანდრ ლუკაშენკოც ასევე რეგულარულად არიგებს რჩევებს მოსახლეობაში.

17 მარტს, როდესაც კორონავირუსზე ლაპარაკობდა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანას უარესი ვირუსებისთვის გაუძლია და ამასაც გადაიტანს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო

მოსახლეობას კი ალექსანდრ ლუკაშენკომ ურჩია, რომ ხშირად დაიბანონ ხელები, თავის დროზე მიიღონ საკვები და იმუშაონ მინდორში.

„სასიამოვნოა ტელევიზორით იმის ყურება, თუ როგორ მუშაობს ხალხი ტრაქტორზე. ტრაქტორი ყველას განკურნავს, მინდორში მუშაობა ყველას მოარჩენს“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

თავის მინისტრებს კი ბელარუსის პრეზიდენტმა ჯანმრთელობა უსურვა და ურჩია, რომ ოფლის მოსადენად იარონ მშრალ საუნაში, რადგან, მისი აზრით, 60 გრადუს ცელსიუსზე კორონავირუსი კვდება.

მაგრამ, სინამდვილეში, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ტრაქტორები, საუნა და მინდორში მუშაობა რაიმე გავლენას ახდენდეს კორონავირუსზე.

19 მარტის მონაცემებით, ბელარუსში 51 კაცს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მაგრამ, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ბელარუსის ხელისუფლებამ არ დახურა საზღვრები და არ შემოუღია კარანტინი სასწავლო დაწესებულებებში.

არაყი, როგორც ელექსირი

ამჟამად სერბეთში კორონავირუსით დაავადების 90-მდე შემთხვევაა დარეგისტრირებული.

მაგრამ სამი დღით ადრე, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებზე ფიქრობდა, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებთან სპეციალური თათბირის შემდეგ სცადა ეხუმრა:

„როგორც მათ მითხრეს, - და როგორც ვხედაც, ამერიკელებიც აცხადებენ, რომ ეს მართალია, - კორონავირუსი ვერ ეკარება იმას, რაც სპირტით იწმინდება. ასე რომ, დამატებითი მიზეზი მაქვს ყოველდღე თითო ჭიქა დავლიო“.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ბელგრადში ჟურნალისტებთან ერთად განიხილავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ბელგრადში ჟურნალისტებთან ერთად განიხილავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

მალე სერბეთის პრეზიდენტის ხუმრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ალკოჰოლის გამოყენების ეფექტურობაზე, ბელარუსის პრეზიდენტმა გაიმეორა.

„მე მსმელი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ბოლო ხანს ხუმრობით ვამბობ ხილმე, არყით, ალბათ, მხოლოდ ხელები კი არ უნდა დაიბანოთ, არამედ დღეში 40-50 გრამი სუფთა სპირტი ამ ვირუსს მოსპობს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

სინამდვილეში, ალკოჰოლის მიღება ორგანიზმის შიგნით არ სპობს კორონავირუსს ან სხვა სახის რომელიმე ვირუსს. ალკოჰოლს მართლაც შეუძლია დაეხმაროს სხეულს გარედან მიკრობების ან ვირუსების მოსპობაში, მაგრამ არა ხელების არყით დაბანას.

წმინდა ზიარება და საშიში ვირუსი

პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას თავგზას უბნევენ კორონავირუსის სამკურნალო სახალხო მეთოდებზე საუბრით, არც სასულიერო ლიდერები ჩამორჩებიან.

რამდენიმე მართლმადიდებელ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, სასულიერო პირები კვლავაც უგულებელყოფენ კორონავირუსისგან თავის დასაცავად ექიმების მიერ შემუშავებულ ინსტრუქციას, რომლის თანახმად, საშიში ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს მრავალრიცხოვან თავყრილობებსა და შეკრებებზე მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის შედეგად, ჰაერ-წვეთოვანი გზით, მათ შორის, ჭურჭელზე დარჩენილი ნერწყვით.

მაგრამ როცა საქმე ტაძრების დახურვაზე მიდგა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა, განაცხადა, რომ რუსეთის საპატრიარქო არ აპირებს ტაძრების დახურვას დიდმარხვის დროს, როდესაც მართლმადიდებლები ემზადებიან აღდგომისთვის, რომელიც წელს 19 აპრილს აღინიშნება.

რაც შეეხება ერთი კოვზით ზიარების შემთხვევაში ვირუსის გავრცელების საშიშროებას, ილარიონმა განაცხადა, რომ წმინდა ზიარების დროს შეუძლებელია ადამიანს ჭირი შეეყაროს. ამასთან, სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ სარისკო იყოს ყველა მლოცველის ზიარება ერთი ჯამიდან და ერთი კოვზით.

„ამიტომ იყიდება ხისგან დამზადებული ჩაის კოვზები, რომლებიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ უნდა დაიწვას. მაგრამ ასეთი ზომების მიღებას სჭირდება ეპარქიების ხელმძღვანელთა ლოცვა-კურთხევა. დღესდღეობით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს ჩვეულებრივი კოვზის გამოყენება, რომელიც ყოველი ზიარების დროს სპირტით გაიწმინდება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა და დასძინა, რომ რუსეთის საპატრიარქო ღვთისმსახურების დროს სხვა არაორდინარული ნაბიჯების გადადგმაზეც ფიქრობს. ერთჯერადი ჭიქებისა და ერთჯერადი რეზინის ხელთათმანების გამოყენების გარდა, ლაპარაკია ხატებზე ამბორის გავრცელებული პრაქტიკისგან თავის შეკავებაზეც.

Amid Coronavirus Pandemic, Kazan Congregation Shares Communion Spoon
please wait

No media source currently available

0:00 0:01:10 0:00

მაგრამ რუსეთში, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, ცოტა ხნის წინ ქალაქ ყაზანის ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი, როგორც აღმოჩნდა, მრევლს კვლავ ერთი კოვზით ასმევდა საზიარებელ ღვინოს.

ასევე საქართველოშიც, სადაც კორონავირუსის შედეგად დაავადების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული, მართლმადიდებელ ეკლესიებში კვლავაც გრძელდება ერთი კოვზით მლოცველების ზიარების პრაქტიკა.

საბერძნეთის ეკლესიამაც გაიმეორა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ილარიონის, დაუსაბუთებელი მტკიცება, რომ ვირუსი არ ვრცელდება ზიარების წმინდა რიტუალის დროს.

ხოლო 17 მარტს საქართველოში მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს. როგორც ჩანს, ეკლესია ამ ფორმით სთხოვდა უფალს, ქვეყანა და ხალხი მსოფლიოში გავრცელებული სენისგან დაეცვა.

XS
SM
MD
LG