Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონკრეტული დარღვევები და უჩვეულო სიმშვიდე - არჩევნების მეორე ტური კახეთში


ერთ-ერთი საარჩევნო უბანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაბალი. 21 ნოემბერი, 2020 წ.
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაბალი. 21 ნოემბერი, 2020 წ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური კახეთის ერთ საარჩევნო ოლქში ჩატარდა, რომელშიც 4 მუნიციპალიტეტია (ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი) გაერთიანებული. ამომრჩეველთა აქტივობა  დაბალი იყო. საარჩევნო უბნებზე ისეთი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა, როგორიც პირველი ტურის არჩევნების დროს არ ყოფილა.

რადიო თავისუფლებამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 22-ე საარჩევნო უბანზე გადაიღო ამომრჩეველი, რომელსაც უბანზე შესვლის დროს მარკირება არც შეუმოწმეს და არც ხმის მიცემამდე გაუკეთეს. რადიო თავისუფლებამ ასეთი რამდენიმე შემთხვევა გადაიღო. ამის შემდეგ უბანზე მარკირების ჩატარება დაიწყეს.

ამავე უბანზე ე.წ. კარუსელი დააფიქსირა არჩევნებზე მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“.

დამკვირვებლის თანახმად, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. კარუსელი).

ასევე ISFED-ის დამკვირვებელმა უბნების გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების ფაქტები დააფიქსირა.

„საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა იყო, თუმცა ამ ფონზე უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში ისხდნენ ან საარჩევნო უბნების წინ იყვნენ შეკრებილნი და ამომრჩეველს აღრიცხავდნენ“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.

კოორდინატორების მობილიზება რადიო თავისუფლებამაც გადაიღო. ისინი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ მუშაობდნენ და უბანზე მისული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. მათ თან ჰქონდათ ფოტოსურათიანი სიები, თუმცა თავად კოორდინატორები ირწმუნებოდნენ, რომ არანაირ სამუშაოს არ ასრულებდნენ და არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საარჩევნო უბნებზე ორგანიზაცია „მრავალეროვანმა საქართველომ” ოთხი დარღვევა დააფიქსირა.

მათი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის კაბინაში ფოტოს გადაღების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნისა და არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა. ორგანიზაციის საარჩევნო ექსპერტი ლელა ტალიური ამბობს, რომ, მიუხედავად დარღვევებისა, არჩევნები კახეთში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დარღვევები ძირითადად ლაგოდეხის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში დააფიქსირეს.

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

კახეთის რეგიონში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ერთ ოლქში ჩატარდა. მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობდა ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის სულ 154 საარჩევნო უბანზე.

მეორე ტურში გავიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. ოპოზიციური ბლოკის მიერ მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, მისი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში იყო, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნას.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG