მმართველი პარტიის თავმჯდომარე საჯარო განცხადებებით უჭერს მხარს კანონპროექტებს, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და აშშ-ის შეფასებით, დააზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.
ჰიპოთეტური მაგალითი, რასაც კობახიძე 4 წლის წინ გამოცემულ სახელმძღვანელოში განიხილავს, ნატოში ინტეგრაციას ეხება, თუმცა ავტორი მსგავს მსჯელობას ავითარებს ევროკავშირთან დაკავშირებითაც.
„რადიო თავისუფლებამ“ მმართველი პარტიის თავმჯდომარის წიგნიდან ამ ნაწყვეტებს გადახედა, მისი თანაგუნდელების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მიმართული განცხადებების ფონზე.
კობახიძის კაზუსი
ირაკლი კობახიძემ, რომელსაც სამართლის დოქტორის წოდება აქვს მინიჭებული დიუსელდორფის უნივერსიტეტისგან, 2019 წელს გამოსცა სახელმძღვანელო - „კონსტიტუციური სამართალი“.
წიგნი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხება კონსტიტუციური სამართლის არსს, კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიას და, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს.
ერთ-ერთ ქვეთავში კობახიძე სტუდენტებს ასეთ კაზუსს, - ესე იგი, ერთგვარ ამოცანას, - სთავაზობს:
მოგვიანებით იგი ავითარებს მსჯელობას ამ საკითხზე და მიუთითებს 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად კონსტიტუციის მე-11 თავში, გარდამავალ დებულებებში მოცემულ ჩანაწერზე, რომელიც ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავს.
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
კობახიძე წერს, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი „არ შეიცავს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვის მქონე ნორმას, არამედ მან ქმედითი სამართლებრივი დატვირთვა შეიძლება შეიძინოს“. მაგალითად კი ასეთი რამ მოჰყავს:
„საქართველოს პრეზიდენტის იმგვარი ქმედებები, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მიზანს აშკარად და უშუალოდ ეწინააღმდეგება, მისი იმპიჩმენტის საფუძველიც კი შეიძლება გახდეს“.
კობახიძე იქვე განმარტავს, თუ რა მიზეზებით განისაზღვრა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად:
- „მას მყარად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (ნატოში ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა 2008 წლის პლებისციტითაც დაფიქსირდა, სადაც ნატოში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 77%-მა დაუჭირა მხარი).
- იგი ხალხისა და ქვეყნის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებითი და ცივილიზაციური არჩევანია.
საბოლოოდ, კაზუსის ამოხსნისას, იგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა „ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, ყოველი პოლიტიკური ნაბიჯი ამ კონსტიტუციურ ამოცანს შეუსაბამონ“, და წერს:
„გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოში ინტეგრაციის კონსტიტუციურ ამოცანას, ისინი მათი იმპიჩმენტის ლეგიტიმურ საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ“.
რა ხდება ახლა?
ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტებს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ დარეგისტრირებას დაავალდებულებს. შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი.
კრიტიკოსების თანახმად, კანონპროექტის მიღება ემსახურება ევროპული და ამერიკული დონორებისა და მათი დაფინანსებული სტრუქტურების და ორგანიზაციების მტრად გამოცხადებას და საქართველოს დასავლურ კურსს აზიანებს.
2023 წლის 2 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ ინიცირებული სადავო კანონპროექტები პროტესტის ფონზე განიხილებოდა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა:
„მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს. დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა“.
იმავე დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, - რომელიც პირობას დებს, რომ თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, ვეტოს დაადებს მას, - განაცხადა, რომ „საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება“.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე.
ყაველაშვილის მიერ 2 მარტს გაკეთებული განცხადების შინაარსი ახალი არ არის.
„ხალხის ძალის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილის პირადმა ექიმმა, დიმიტრი ხუნდაძემ 2022 წლის 10 ივნისს, - როდესაც ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, განაცხადა:
„თუკი [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატობაზე უსამართლო ვალდებულებებს მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ“.
ირაკლი კობახიძემ 15 ივნისს თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი „პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს იძლევა“.