Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სარგებელს სადაც ხედავს ქვეყანა, იქით იყურება" - ახლო წარსულის გადახედვა "აგენტების კანონის" მოლოდინში 


აქცია პარლამენტთან "გავლენის აგენტების" კანონის წინააღმდეგ. 2 მარტი, 2023 წელი.
აქცია პარლამენტთან "გავლენის აგენტების" კანონის წინააღმდეგ. 2 მარტი, 2023 წელი.

მას შემდეგ, რაც „უცხოეთის აგენტებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფრთხედ შეაფასეს და „რუსული“ უწოდეს, „ოცნებიდან“ წასულებმა გაიხსენეს ფაქტები და პირველი ნიშნები, რის გამოც გუნდში უცხო გავლენებზე გაუჩნდათ ეჭვები. 

რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „არგაღიზიანების პოლიტიკა“ იმთავითვე ღიად იყო დეკლარირებული; თუმცა რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით გადადგმული ნაბიჯები - მოქმედება თუ უმოქმედობა - ხმაურიანი განსჯის საგანი მაინც არაერთხელ გამხდარა.

ახლო წარსულის ახალი თვალით გადახედვა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადებით დაიწყო - 28 თებერვალს მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, 2014 წელს მომხდარ ფაქტზე ილაპარაკა.

შეთვლილი ბოდიში

ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ხათუნა სამნიძემ გაიხსენა, თუ როგორ შეიტყო, 2014 წელს, თანაგუნდელისგან, იმხანად ასევე დეპუტატისგან - დავით ბერძენიშვილისგან, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის პრეზიდენტს ბოდიში შეუთვალა ევროსაბჭოში, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თინა ხიდაშელისა და ლევან ბერძენიშვილის მწვავე განცხადებების გამო.

„მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, „რესპუბლიკელებს“, ერთ-ერთ ლიდერს „რესპუბლიკური პარტიის“, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, რომ იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო. დავით ბერძენიშვილს უთხრა... მე უფლება ავიღე, რომ ეს მეთქვა“, - თქვა ხათუნა სამნიძემ.

„არასერიოზულია ასეთი საუბრები“, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხათუნა სამნიძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას. განვიხილავთო ამბავს, „რომელზეც ჩვენ უნდა ვთქვათ, მჯერა თუ არ მჯერა“, - თქვა პაპუაშვილმა.

„9 წლის წინ მომხდარ ამბავს, რომ ვითომ ახლა იხსენებს, იოტისოდენა დამაჯერებლობა აქვს?! ვინმემ ახსნას“, - ეს უკვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის სიტყვებია.

ამბავი დავით ბერძენიშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა და დაამატა, რომ ივანიშვილს „რესპუბლიკელებთან“ სხვა იდეებიც აქვს გაზიარებული, მაგალითად - ნატოზე უარზე აფხაზეთის გაცვლა, ანდა აფხაზებისთვის საჯარო დაპირება აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

რატომ ახლა? რატომ არ თქმულა ეს აქამდე? - ბერძენიშვილმა განმარტა, რომ ამ ყველაფერზე, საჯაროდ, ადრეც ულაპარაკია, მაგრამ ასეთი რეზონანსი არ მოჰყოლია.

მთლიანობაში, დავით ბერძენიშვილის პოზიციაა, რომ "ბიძინას ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე", მაგრამ "ოცნებასთან" კოალიციაში ყოფნის დროს, "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" ახერხებდნენ პროდასავლური გადაწყვეტილებების გატანას. "ოცნება" "ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს"; ვითარება 2016 წლის შემდეგ თანდათან მძიმდებოდა და "2022-ის 24 თებერვლიდან [უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღი] კი ეს ხელისუფლება დასავლური არჩევანის წართმევით რეალურად ემუქრება საქართველოს“.

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, თინა ხიდაშელი ფეისბუკზე წერს, რომ ასეთი საუბარი არ ახსოვს; მაგრამ რუსეთის მიმართ ტონი არც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს (2015-2016) შეურბილებია და იხსენებს, რომ მისი გათავისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საჯაროდ მოითხოვა.

სომხეთი, როგორც მისაბაძი მაგალითი

2013 წლის იანვარში, როდესაც ხელისუფლებაში ახლად მოსული პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სომხეთს ესტუმრა, რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა, ინტერვიუს დროს, მას დაუსვა შეკითხვა - შეიცვლება თუ არა თბილისის პრიორიტეტები რუსეთთან, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში? პასუხად ივანიშვილმა ცვლილება არ გამორიცხა და საქართველოსთვის მისაბაძ მაგალითად დაასახელა სომხეთი - დსთ-სა და ОДКБ-ს წევრი, ქვეყანა, რომელსაც არა აქვს ნატოში ინტეგრაციის ამბიცია.

„არ მგონია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. ზოგადად, ქვეყნები ვითარდებიან, ხალხი ვითარდება, საზოგადოება ვითარდება, იცვლება პრიორიტეტები. ჩვენ ბევრი გვილაპარაკია ჩვენი პრიორიტეტების შესახებ, რომ ეს არის ევროპა, ევროატლანტიკური ალიანსი და ჩვენ განუხრელად ვივლით ამ მიმართულებით. პარალელურად, ჩნდება შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა შეთავსება, რომ აღვადგინოთ და მეგობრული გავხადოთ ურთიერთობები რუსეთთან და, ამავე დროს, გვქონდეს კარგი ურთიერთობები ნატოსთან, ვიმოძრაოთ ნატოს მიმართულებით, გვქონდეს კარგი ურთიერთობები აშშ-სთან და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან?

ვფიქრობ, რომ სომხეთი კარგი მაგალითია და სომხეთი კარგ მაგალითს წარმოადგენს საქართველოსთვის. სომხეთს კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთთან და, ამავე დროს, აქვს კარგი ურთიერთობები აშშ-სთან და ნატოს წევრ სხვა ქვეყნებთან. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია და ვთვლი, რომ ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ გავაკეთოთ ეს და მჯერა, რომ გავაკეთებთ“, – ასეთი იყო მისი პასუხი.

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, რომელიც, 2013 წელს, „ქართული ოცნების“ კოალიციის წარმომადგენელი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ივანიშვილის მიერ სომხეთის მოდელის ასეთმა საჯარო მოწონებამ მასზე მკვეთრად უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ამას [ივანიშვილის ამ განცხადებას] ძალიან სერიოზული მსჯელობები და გარჩევები მოჰყვა არა მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატებში“, არამედ მაშინდელ მინისტრთა კაბინეტშიც. ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ყველა მხარდამჭერი მაშინ პრინციპულად უფიქსირებდნენ ივანიშვილს, თუ რატომ იყო მცდარი ამ განცხადების გაკეთება“, - ამბობს პეტრიაშვილი და ამატებს, რომ მაშინ ეს ბიძინა ივანიშვილის გამოუცდელობითა და „სპეციფიკის უცოდინრობით“ აიხსნა; მაგრამ ახლა, პეტრიაშვილი უკვე სხვაგვარად ფიქრობს:

„მას შემდეგ რაც მოხდა, უკვე ეჭვსაც აღარ იწვევს, რომ ეს კონკრეტული გზავნილების გაშვების პირველი მცდელობები იყო“.

იმავე წელს, სექტემბერში, რიგაში, საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფნის დროს, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა განმარტა პოზიცია რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირთან შესაძლო თანამშრომლობაზე, რაც იმ პერიოდში ხმაურიანი განხილვების თემა იყო. მან თქვა, რომ „სარგებელს სადაც ხედავს ქვეყანა, იქით იყურება, იქით მიდის“; „რაც ყველაზე საინტერესოა და სასარგებლოა ქვეყნისათვის, ისაა მისი სტრატეგია“; საქართველოს ისტორიული არჩევანი და გზა ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეშია, მაგრამ „თუ არ მოდის წინააღმდეგობაში ძირითად სარგებელთან, რა თქმა უნდა, სხვა დამატებითი სარგებელი შეიძლება აიღო“.

იმავე ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ „ჩვენ ვუყურებთ, თვალყურს ვადევნებთ და ვსწავლობთ, თუ რა არის ეს [ევრაზიული კავშირი] და რას ნიშნავს ეს ყველაფერი“.

ნატოში არ მიგვიღებენ ოკუპაციის გამო

ალექსი პეტრიაშვილმა გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულად უდგებოდა ევროკავშირსა და ნატოს და „ნატოსთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილე“ შეიმჩნეოდა იმ განმარტებით, რომ - „ამისთვის [ნატოსთვის] მოვა დრო...“. პეტრიაშვილი იქვე ამატებს, რომ 2014 წლის უელსის სამიტზე (როცა უკვე ღარიბაშვილი იყო პრემიერი) საქართველომ ნატოსგან დაახლოების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი - არსებითი პაკეტი მიიღო.

ამავე დროს, ექსპერტები, უკვე წლებია, რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობენ, რომ აღარ ჩანს თბილისის რეალური მონდომება და წინსვლა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ხშირად არის დისკუსიები იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი სამიტებისთვის მზადების პროცესში, აღარ ისმის მკაფიოდ, იმავე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების მოთხოვნები.

2022 წლის ზაფხულში საკამათო გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომ ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა საქართველოს მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ექნება და, რომ პროცესი ახლა „ჩიხშია“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს ჯერ კატარში, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში განაცხადა და შემდეგ დეპუტატების წინაშეც გაიმეორა. ექსპერტები რადიო თავისუფლებას განუმარტავდნენ, რომ საკითხის ამგვარი ფორმულირება საჯაროდ არასოდეს მომხდარა თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ.

„რუსეთმა განათავსა 2 ბაზა აფხაზეთში და ოსეთში, ცხინვალის რეგიონში... რუსეთის მხრიდან მოხდა, რა თქმა უნდა, უკანონოდ აღიარება ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიების... ამან საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში პროცესი, რომელიც უკავშირდება ნატოში ინტეგრაციას - ამ ეტაპზე, ამ მოცემულ მომენტში... ეს ჩვენს ევროპელ და ნატოელ მეგობრებს პირადად უთქვამთ, რომ ვერ გახდება ქვეყანა ნატოს წევრი... სანამ გაქვთ კონფლიქტი, მიმდინარე ოკუპაცია და ეს კონფლიქტი რუსეთთან“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის 22 ივნისს, პარლამენტში, დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით გამოსვლისას.
„თქვენ თუ გინდათ, რომ ილუზიაში იცხოვროთ და ხალხს ატყუოთ, ხალხს ვერ მოატყუებთ, ვეღარ მოატყუებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში”, - ესეც პრემიერის სიტყვებია ამავე თემაზე.

„შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“

საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლის რისკებზე, 2014 წლის ნოემბერში, „თავისუფალი დემოკრატები“ ალაპარაკდნენ, რასაც წინ უსწრებდა ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ერთი მოქმედი და ოთხი ყოფილი თანამშრომლის დაკავება. ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ეს იყო „პოლიტიკური მართლმსაჯულების“ მაგალითი და შურისძიება ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, რომელმაც პრემიერ-მინისტრის მითითების საწინააღმდეგოდ, ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, ხელი მოაწერა მემორანდუმს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ.

საბოლოოდ, „კაბელების საქმეზე“ დაკავებულებს 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდება სააპელაციო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით შეუცვალა. ისინი 2017 წელს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა.
არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველი განაჩენს დაუსაბუთებლად, ხოლო დაკავებულებს - უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. საქმის განხილვის პარალელურად, არ ცხრებოდა მსჯელობები პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ.

2014 წლის 4 ნოემბერს, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პოსტიდან გაათავისუფლებდა, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ მისი თანამშრომლების დაკავების დრო და გარემოებები საქართველოსთვის საგანგაშო სიმპტომებს ავლენდა. მან შემთხვევითობად არ ჩათვალა ის ფაქტი, რომ თავდაცვის უწყების ხუთი მაღალჩინოსანი სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ის საფრანგეთსა და გერმანიაში კოლეგებს ხვდებოდა და „მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“.

„ყველაფერი ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან. და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - თქვა ალასანიამ გათავისუფლებამდე გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს ევროატლანტიკური კურსის საფრთხეებზე მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძეც ლაპარაკობდა, როცა 2014 წლის 5 ნოემბერს, პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ის არ იყო „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

„პოლიტიკოსების და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, პოსტიდან არაერთი თანამდებობის პირი გადადგა; მაგრამ არაერთი უკან დაბრუნდა ან დარჩა „ოცნებასთან“ ერთად. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ამის შემდეგ დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო შემდეგ გახდა საქართველოს ელჩი აშშ-ში. თავიდანვე „ოცნებასთან“ დარჩა, იმხანად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.

საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებულ მესიჯებს მაშინ დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია და ამ მხრივ საყურადღებოდ არც საერთაშორისო პარტნიორებმა ჩათვალეს. მათი კრიტიკა უპირატესად „ოცნების“ მმართველობის სტილს უკავშირდებოდა.

ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან მალევე გადადგა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს იმდროინდელ მოვლენებს და, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებულ მემორანდუმზე ხელმოწერის წინ, საფრანგეთში მყოფ მინისტრს დაურეკა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ და უთხრა, რომ ხელმოწერა არ უნდა შემდგარიყო.

„ეს იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც საქართველოს „ცის ჩაკეტვას“ უზრუნველჰყოფდა... თავისთავად ეს „კაბელების საქმე“ რასაც შეეხებოდა, ის პროექტიც უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოსთვის. ის რეალურად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უზრუნველჰყოფდა უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემით, რომელიც საქართველოს არ ჰქონდა და ერთ-ერთი მძიმე გამოცდილება ამ მხრივ 2008 წლის ომში მიიღო ქვეყანამ... „კაბელების საქმეზე“ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს მიუსაჯეს პოლიტიკური სასჯელი“, - ამბობს პეტრიაშვილი და განმარტავს, რომ „ალასანია უხერხული და არასასურველი ლიდერი იყო როგორც კოალიციის შიგნით, ასევე რუსეთისთვის და იდგმებოდა ნაბიჯები მის ჩამოსაშორებლად“.

2015 წლის აპრილში ალასანიამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ერთ–ერთი ფუნდამენტალური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინა საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა იმიტომ, რომ მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და მათ არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან“.

მინდია ჯანელიძემ, რომელიც ალასანიას შემდეგ, 6 თვით იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს, არ უარყო, რომ მემორანდუმზე ხელმოწერის წინ ალასანიას მართლაც დაურეკა; თუმცა თქვა, რომ მთავრობის მითითება მხოლოდ ხელმოწერის გადავადებას შეეხებოდა, რადგან სავალდებულო წინასწარი პროცედურები არ იყო დაცული.

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმება 2015 წელს, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ მოხერხდა. ამ ფაქტს „რესპუბლიკელები“ მათი იმდროინდელი მიზანმიმართული პროდასავლური ძალისხმევის შედეგად თვლიან.

თავად თინა ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროდასავლური გზიდან გადახვევის საფრთხის ინდიკატორი, პირადად მისთვის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნება იყო. „[ეს იყო] არა მაინცდამაინც დასავლეთზე უარის, არამედ იმ ტიპის მმართველობის ინდიკატორი, თავისთავად მივიდოდა იქამდე. შეუძლებელია ევროკავშირში გინდოდეს და იმავდროულად სიძულვილს ახალისებდე“, - გვითხრა ხიდაშელმა.

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!

2019 წელს, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმის საქმიანობის გაგრძელება და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციით განსაზღვრული პროექტის მშენებლობის საკითხი სათუო გახდა, „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები - „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“

ხაზარაძემ 2019 წელს თქვა, რომ ივანიშვილისგან ეს ფრაზა 2017 წელს გამართულ ერთ შეხვედრაზე მოისმინა, როცა პორტის წინა განვითარების პროგრამაში უკვე დახარჯული იყო 20 მილიონი დოლარი და უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას [ბიძინა ივანიშვილს], შევხვდი მის რეზიდენციაში, საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ, მითხრა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“, - იხსენებს ხაზარაძე.

2020 წელს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაშინდელი სახე, დეპუტატი რომან კაკულია დაინტერესდა - „რატომ დაეტაკა მთავრობა მამუკა ხაზარაძეს?“ და დასკვნაც ჰქონდა, რომ - „მან საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ვერ გააკეთა სწორი ორიენტირი“ და, რომ ეს ორიენტირი განსხვავდებოდა ბიძინა ივანიშვილის ხედვისგან - რუსეთთან ყოფილიყო ფრთხილად.

კაკულია ავითარებდა ლოგიკას: „თუ იყო ეს ამერიკული ინტერესი, ალბათ ამის გამოხატვა მოხდა მოგვიანებით“; ხოლო ივანიშვილი „რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკას” მისდევდა და „ეს სიფრთხილე იყო მის მიმართ მოთხოვნა იმ ადამიანების, ვინც აირჩია“.

პუტინის გინება და ხელისუფლების რეაქცია

2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ „რუსთავი 2“-ის სახე და გადაცემის წამყვანი იყო, პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა პრეზიდენტ პუტინს. ჟურნალისტის საქციელი ქვეყანაში თითქმის არავის და მათ შორის არც კოლეგებს მოეწონათ, მაგრამ მეთვალყურეებისთვის ყველაფერი გადაფარა ჟურნალისტზე ხელისუფლებისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან ორგანიზებულმა შეტევამ.

ფონს ამძაფრებდა ე.წ. გავრილოვის ღამე, რომელიც, თავის მხრივ, მოჰყვა (2019 წლის 20 ივნისს) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის ხილვით გამოწვეულ მღელვარებას.

სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებულ განცხადებებში ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებმა „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმებულ მოქმედებასა და სახელმწიფოს ინტერესების მტრობაში დასდეს ბრალი.

საერთაშორისო განგაში ატეხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებამ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებასა და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, „სათანადო შეფასება მიეცათ ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელისთვის, რომელმაც უხეშად უგულებელყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.

ოპოზიცია მაშინ ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ სწორედ ხელისუფლების განცხადებებმა წაახალისა ადამიანების ჯგუფები, რომლებიც „რუსთავი 2“-ის შენობასთან მიიჭრნენ და ტელეკომპანიის დახურვასთან ერთად, ჟურნალისტის საქართველოდან გაძევებას ან დაჭერას ითხოვდნენ.

ხელისუფლების რეაქციები და მოქმედება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მოიწონა.

ხელისუფლების მაშინდელი სწრაფი პროტესტის ამბავი ოპონენტებმა ბოლო წლებში არაერთხელ გაიხსენეს მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებისგან ამაოდ ელოდებოდნენ მკაცრ პროტესტს რუსეთის მხრიდან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებზე.

რეზოლუცია რუსეთის ხსენების გარეშე

ყოფილი დეპუტატი ანი მიროტაძე, რომელიც „ოცნების“ მმართველ კოალიციაში „ეროვნული ფორუმიდან“ მოხვდა, 2014 წელს - პარლამენტის წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს პირველ ნიშნებს, როცა პირველად დაფიქრდა საგარეო-პოლიტიკური კურსის მიმართ „ოცნების“ დამოკიდებულებაზე.

„პირველი ეჭვი გამიჩნდა მაშინ, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, პარლამენტში რეზოლუციის ტექსტი მზადდებოდა, პუნქტებთან მიმართებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გამოიჩინეს ძალიან ფრთხილი მიდგომა... მაშინ, ასე ვთქვათ, ჭიდაობა იყო რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერაზე და სანქციების ნაწილზე და ჩვენ მაშინ გავიტანეთ, პროდასავლელებმა“, - გვეუბნება მიროტაძე.

რატომ არ ლაპარაკობდნენ ეჭვებისა თუ ფაქტების შესახებ ხმამაღლა?

„როდესაც გამარჯვების ეიფორიაა, ძალიან ძნელია ადამიანებს აუხსნა... თან ფიქრობ, იქნებ რაღაცაზე ზეწოლა მოახდინო, იქნებ რამე შეცვალო... მაშინ მთლიანად მმართველ გუნდში პროდასავლური ბირთვი იმდენად ძლიერი იყო, რომ გზიდან გადახვევის რისკები დაბალი იყო... უმრავლესობა ცალსახად პროდასავლური იყო... მაშინ, რომც ჰქონოდა ასეთი [არჩეული გზიდან გადახვევისა და რუსეთთან კავშირის სურვილები], ბიძინა ივანიშვილი ვერც გაბედავდა, ვერ გარისკავდა, რადგან ჩვენ მაინც დამოუკიდებელი სუბიექტები ვიყავით... ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს იმიტომ აღარ აწყობდა ასეთი პოლიტიკური გუნდი, როგორიც მას მაშინ ჰყავდა, რადგან ასეთი პატრონყმური დამოკიდებულება არ იყო მაშინ, როგორიც ახლაა“, - ამბობს მიროტაძე, რომლის აზრითაც, ამჟამინდელი „ქართული ოცნების“ არჩევანია რუსეთი, რადგან „ისინი თავიანთ ადგილს ვერ ხედავენ პროდასავლურ სივრცეში“.

„ის მეთოდები, რაც მათ კარგად გამოსდით, პრორუსულია“, - ამბობს მიროტაძე.

2022 წლის ზამთარში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პარლამენტში ხმაურის ფონზე დამტკიცდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები. 2022 წლის 1 თებერვალს, დოკუმენტი 74 ხმით დამტკიცდა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ეს პოზიცია „ქართულმა ოცნებამ“ მაშინაც სიფრთხილით ახსნა - „ჩვენი მომავლის წინაშე გვაქვს ის პასუხისმგებლობა, ვიყოთ ფრთხილები, გონივრულები...“, - ამბობდა მაშინ დეპუტატი ბექა დავითულიანი და ოპოზიციას „ომში შანსის დანახვის“ მცდელობაში სდებდა ბრალს, - „თითქოს კონფლიქტის გამწვავებაში გამოსავალს ხედავენ და ჰგონიათ, რომ უკეთ დალაგდება უკრაინის და საქართველოს ინტერესები“.

როდესაც ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ ზღვარგადასულ სიფრთხილეზე ლაპარაკობენ, ოპოზიცია და ექსპერტები ხშირად იხსენებენ ამ რეზოლუციასაც. ბოლო პერიოდში კი, მათთვის შემაშფოთებელი გახდა ქება, რომელიც, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმის მოსკოვიდან.

2023 წელს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე შეაქო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მათ შორის - იმის გამოც, რომ ის „ვაჟკაცურად“ დგას და „დასავლეთის ზეწოლას უმკლავდება“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG