Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი: მართლმადიდებელი ეკლესია არ გმობს სიკვდილით დასჯას


კირილე I - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
კირილე I - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე I პროგრამა „გმირთა დროს“ მონაწილეებს შეხვდა და უთხრა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ გმობს სიკვდილით დასჯას. შეხვედრა, სადაც ეს სიტყვები ითქვა, მოსკოვის საპატრიარქოში გაიმართა.

კირილეს ნათქვამი სიტყვები საპატრიარქოს პრესსამსახურმა საპატრიარქოს ვებსაიტზე გამოაქვეყნა.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის განცხადებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს გარემოება, რომელშიც იგი გაკეთდა. კირილე I-მა სიკვდილით დასჯის შესახებ ილაპარაკა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებთან შეხვედრისას. პროგრამის „გმირთა დრო“ ბენეფიციარები სწორედაც რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ვეტერანები არიან.

„გმირთა დრო“ - სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა განვითარების სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით შექმნა ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის საპრეზიდენტო აკადემიის საჯარო ადმინისტრირების უმაღლესმა სკოლამ. პროგრამის მიზანია - „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების (ვეტერანების) გადაკვალიფიცირება სახელმწიფო ჩინოვნიკებად.

პატრიარქ კირილეს თქმით, სიკვდილით დასჯა „კაცობრიობის ისტორიის მთელ მანძილზე არსებობს“.

„უფალი იესო ქრისტე არ გმობდა სიკვდილით დასჯას, თუმცა თავად დაუმსახურებლად დაითმინა სიკვდილით დასჯა. რა თქმა უნდა, ჩადენილი დანაშაულისთვის ადამიანის მკვლელობა სასჯელის უკიდურესი ზომაა. ამიტომ იდეალური იქნებოდა, ადამიანებმა არ ჩაიდინონ ისეთი დანაშაული, რომელსაც მოჰყვება სიკვდილით დასჯა. მაგრამ ღვთის სიტყვაში არის ასეთი სიტყვები: „განიშორე ბოროტი შენგან“. ანუ, თუ არის ადამიანი, რომელიც ყველაზე საშიშია საზოგადოებისთვის და თუ მისი რაიმე ფორმით იზოლაცია შეუძლებელია, ის უნდა იქნეს მოშორებული. უფალი კი არ ამბობს: „მოკალი იგი“, არამედ „განიშორე ბოროტი შენგანო“, - თქვა რუსეთის პატრიარქმა და იქვე დასძინა: „აი, ამიტომ არ არის სიკვდილით დასჯა დაგმობილი წმინდა წერილში“.

კირილეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე „უკანონოდ იქნა სიკვდილით დასჯილი“, მოციქულები ასეთ სასჯელს „ცოდვას“ არ უწოდებდნენ. „ეკლესია არასოდეს გმობდა სიკვდილით დასჯას, თუკი სიკვდილით დასჯა კანონის შესაბამისად აღესრულებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის არსად არ მიესალმება სიკვდილით დასჯას“, - თქვა კირილემ, რომელმაც ასევე ახსენა, რომ რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული:

„უნდა დავაკვირდეთ, როგორ იმოქმედებს ეს მორატორიუმი ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელზე“.

კრემლის მხარდამჭერმა რუსმა ბლოგერებმა კირილეს ამ განცხადებებში სიკვდილით დასჯის აღდგენის სურვილი დაინახეს. ბორის როჟინმა დროული უწოდა პატრიარქის ინიციატივას ომის მესამე წლისთავისა და რუსეთის ტერიტორიაზე გახშირებული დივერსიულ-ტერორისტული აქტების ფონზე.

„ომის დაწყებიდან ვწერ, რომ, სულ ცოტა, ომის დამთავრებამდე მაინც, მიზანშეწონილია სიკვდილით დასჯის მორატორიუმის გაუქმება და მისი გამოყენება ტერორისტული თავდასხმების ორგანიზატორებისა და დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური დაზვერვის მითითებით მოქმედებენ. ასევე სიკვდილით უნდა დაისაჯონ ის მოღალატეები და კოლაბორაციონისტები, რომელთა საქმიანობამ სერიოზული ზიანი მიაყენა რუსულ საზოგადოებას და სახელმწიფოს.

ცნობილია, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენას ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. სოციოლოგია მშვენივრად აჩვენებს ამას. ომის შემდეგ შეიძლება კვლავ გამოცხადდეს მორატორიუმი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს სტალინმაც გააუქმა, მაგრამ ომის დროს სიკვდილით დასჯა მიზანშეწონილია“.

კირილეს ნათქვამმა ასევე აღაფრთოვანა სერგეი კარნაუხოვი, რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი აქტივისტი და ყოფილი სახელმწიფო მოხელე, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული ალექსეი ნავალნის დევნაში.

„გასაოცარია, რამდენად ღრმად და ზუსტად ჭვრეტს ჩვენი წმინდა პატრიარქი დროს. მისი ყველა შეფასება და მიმართვა სახელმწიფოსადმი არის მოწოდება მკაცრი და ქმედითი წინააღმდეგობისაკენ, ღვთისა და ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ. ხანდახან მეჩვენება, რომ პატრიარქი სულ უფრო და უფრო ემსგავსება წმინდა ჰერმოგენეს“, - განაცხადა მან.

პატრიარქი ჰერმოგენე - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი (1606-1611), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, რომლის პატრიარქობის წლები დაემთხვა ცრუ-დმიტრის მეფობასა და ე.წ. სმუტის პერიოდს. რუსი ისტორიკოსების მიხედვით, ჰერმოგენე თანამემამულეებთან ერთად აღსდგა ქვეყნის და ეკლესიის დასაცავად. პატრიარქ ჰერმოგენეს მიერ ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ეპისტოლეები ხალხს მოსკოვის განთავისუფლებისა და კანონიერი მეფის არჩევისკენ მოუწოდებდა. მოსკოველებმა ამბოხი დაიწყეს, დამპყრობლებმა კი პასუხად ცეცხლს მისცეს ქალაქი და, მოღალატეების დახმარებით, პატრიარქი ჰერმოგენე ჯერ ტახტიდან ჩამოაგდეს, შემდეგ კი ჩუდოვის მონასტერში გამოამწყვდიეს. ჰერმოგენემ ხალხს უკანასკნელი ეპისტოლე უკვე საპყრობილიდან გაუგზავნა: იგი აკურთხებდა მათ განმათავისუფლებელ ბრძოლას. აჯანყებულებმა შეუთანხმებელი მოქმედების გამო ვერ შეძლეს კრემლის აღება და სულიერი მამის განთავისუფლება. ცხრა თვეზე მეტი ხნის მანძილზე იტანჯებოდა იგი სატუსაღოში, სადაც 1612 წლის 17 თებერვალს შიმშილისგან ძალაგამოცლილი მოწამებრივად აღესრულა.

სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით კირილეს განცხადებები არ გაჰკვირვებია ცნობილ მართლმადიდებელ პუბლიცისტს, პროტოდიაკონ ანდრეი კურაევს, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან ჩეხეთში ცხოვრობს:

„გუნდიაევი [კირილე] ფიქრობს, რომ პუტინი მალე აღადგენს სიკვდილით დასჯას, ამიტომ ცდილობს ასიამოვნოს მას“.

წმინდა წერილის თამამი ინტერპრეტაციის გამოა, ანდრეი კურაევი, მორალთან ერთად, განსწავლულობასაც უწუნებს კირილე გუნდიაევს:

„და კიდევ, მოციქულები არ გმობდნენ მძიმე ნარკოტიკებს. ასევე სიტყვა არ უთქვამთ წამების წინააღმდეგ. არ არსებობს მათი ტექსტები, რომლებიც გმობენ სამხედრო აგრესიას ზოგადად და ბრიტანეთის დაპყრობას კონკრეტულად. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველა ეს მოქმედება თავსებადია მთის ქადაგებასთან?“

ანა ბერსენევას, პუბლიცისტისა და ბლოგერის თქმით, სასულიერო იერარქისგან, რომელიც ამართლებს უკრაინაში შეჭრას და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას, გასაკვირი არ არის სახარების ამგვარი ინტერპრეტაცია:

„ირკვევა, რომ სახარებისეული „განიშორე ბოროტი შენგანო“ ნიშნავს არა ბოროტმოქმედის საზოგადოებისგან იზოლირებას, რაც ცხადი და გასაგებია ყველა წერა-კითხვის მცოდნე ადამიანისათვის, იქნება ის მორწმუნე თუ ათეისტი, არამედ სიკვდილით დასჯის მოწონებას. კარგი ვინმეა ეკლესიის წინამძღვარი: მან ასევე მოიწონა უკრაინაზე თავდასხმა, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა და კიდევ ბევრი სხვა რამ“.

მწერალ ანატოლი ნესმიანის თქმით კი, კირილე ემსახურება რუსეთის მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც მთლიანად გაკოტრებულია.

„სიკვდილით დასჯის შემოღება ეს არის მცდელობა, როგორმე გაძლიერდეს ქვეყანაში გაჩაღებული ტერორი, რომელიც საჭიროებს განუხრელ ზრდას. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებას ეშინია სიკვდილით დასჯის შემოღების, რადგან ძალიან სწრაფად შეიძლება აღმოჩნდნენ თვითგანადგურების პროცესში.

ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ფეხებზე ჰკიდია „ჩვეულებრივი“ ხალხი, მაგრამ რისკი, რომ თვითონ აღმოჩნდებიან დასახვრეტთა რიგებში, სერიოზულად გაიზრდება. ალბათ, სწორედ ეს არის ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი დაბრკოლება“, - წერს მწერალი ანატოლი ნესმიანი.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს რუსეთში სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით განცხადება პირველად არ გაუკეთებია.

2011 წელს პატრიარქმა კირილემ განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგრამ დღევანდელი სასამართლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მის სამართლიან გამოყენებას. „მე წინააღმდეგი ვარ თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯის. დღეს კონკურენტის ჩამოსაშორებლად, მკვლელს („კილერს“) ქირაობენ. თუ ჩვენი სასამართლოების ამჟამინდელ მდგომარეობაში, დაშვებული იქნება სიკვდილით დასჯა, ადამიანები კანონიერად „მოიშორებენ“ ერთმანეთს. ეს საშინელი საფრთხეა“, - აღნიშნა მან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი აკურთხებს რუს სამხედროებს ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში (უკრაინასთან ომში) გამგზავრების წინ. 2024 წ. 3 იანვარი
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი აკურთხებს რუს სამხედროებს ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში (უკრაინასთან ომში) გამგზავრების წინ. 2024 წ. 3 იანვარი

2024 წლის ივნისში სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმის დასრულება მოითხოვა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმაც, რომელმაც თავისი ინიციატივის დასაბუთებისას მაგალითად მოიყვანა 2024 წლის 22 მარტში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც 145 ადამიანი დაიღუპა. „თუ საბჭოთა პერიოდში სიკვდილით დასჯა შეიძლებოდა ორი-სამი ადამიანის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის, ახლა ამ 15-მა ტერორისტმა [„კროკუსის ტერაქტის“ საქმეში] მაქსიმუმ სამუდამო პატიმრობა მიიღოს. რას ნიშნავს ეს? სამჯერადი კვება, ორსაათიანი გასეირნება, რისი საშუალება მეც კი არ მაქვს. ხანდახან სადილობის დროც კი არ მრჩება. სამედიცინო გამოკვლევა, მათ შორის სტომატოლოგიური, რათა დადგინდეს, ხომ არ სტკივათ კბილები“, - თქვა ბასტრიკინმა.

„კროკუსის ტერაქტის“ შემდეგ რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ პირობა დადო, რომ იმუშავებდა სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი განაცხადა, რომ სასამართლოს შეეძლო ამ საკითხის განხილვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა ვალერი ზორკინმა ისიც თქვა, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენა შეუძლებელია „რუსეთის მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG