Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვარიათში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა  მოქალაქეების პროტესტს იწვევს


სასტუმროს მშენებლობის ადგილი
სასტუმროს მშენებლობის ადგილი

კვარიათში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. კვარიათის პლაჟზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადად ოთხსართულიანი განაშენიანებაა, ახალი კორპუსის საძირკველი უკვე ჩაყრილია და მშენებლობა მიმდინარეობს, გამოკრულ აბრაზე კი წერია, რომ ამ ადგილას სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს შპს „ტმი“ აშენებს. ფოტოდან ჩანს, რომ ეს კორპუსი 12- სართულიანი იქნება, ნებართვის გამცემი კი ქალაქ ბათუმის მერიაა.

ეს არის დასასვენებელი ადგილი. როდესაც ადამიანი ჩამოდის და ვერ ისვენებს ხმაურის გამო, ბეტონის ხროვის გარდა ვერაფერს ვერ ხედავს, ეს უკვე დასასვენებელი ადგილი აღარ არის...
თემურ კაკაბაძე

სწორედ ბათუმის მერიას მიმართეს საჩივრით კვარიათის დასახლების მცხოვრებლებმა მიმდინარე წლის 6 მარტს და მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობების შეჩერება მოითხოვეს, რადგან, როგორც განცხადებაში წერია, კვარიათის ამ ადგილას ყველაზე მჭიდრო დასახლებაა, მიმდინარე მშენებლობა კი ფარავს ორსართულიან პატარა სახლებს, რომლებიც მთასა და ზღვას შორისაა მოქცეული:

„ბეტონის კედლებით იფარება ზღვის ხედები და წყდება ჰაერის ცირკულაცია, აგრეთვე ზიანი ადგება ბუნებას“, - წერია განცხადებაში, რომელსაც 30-ზე მეტი მოსახლე აწერს ხელს. ამ მიმართვის შემდეგ თითქმის სამი თვე გავიდა, თუმცა, როგორც კვარიათის დასახლებაში მცხოვრები თემურ კაკაბაძე ამბობს, დღემდე პასუხი არ მიუღიათ კითხვაზე, თუ რატომ შენდება მრავალსართულიანი კორპუსი საკურორტო ზონაში:

„ეს არის დასასვენებელი ადგილი. როდესაც ადამიანი ჩამოდის და ვერ ისვენებს ხმაურის გამო, ბეტონის ხროვის გარდა ვერაფერს ვერ ხედავს, ეს უკვე დასასვენებელი ადგილი აღარ არის. ამ მრავალსართულიანმა სახლებმა დაამახინჯა ჩვენი სოფელი კვარიათი, დახურა ყველა ხედი და სილამაზე, რაც უნდა ჩანდეს. თავდაპირველად თქვეს, სანაპიროდან მთის ხედი არ უნდა დაიფაროსო, ამიტომ პირველ ზოლში უნდა ყოფილიყო დაბალსართულიანი შენობები, ხოლო მეორე ზოლში მაქსიმუმ ხუთი სართული. ახლა რა გამოდის? მეორე ზოლში დაბალი შენობებია და პირველში ისეთი შენობები, რომლებიც ამ სილამაზეს ფარავს. ამ უმსგავსობასა და უწესობას ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენ ყველანაირ კანონიერ ზომას მივმართავთ, რომ ამას დავუპირისპირდეთ და შევეწინააღმდეგოთ“.

სასტუმროს მშენებლობა
სასტუმროს მშენებლობა

კვარიათის პლაჟზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას ეწინააღმდეგება ჯუმბერ მემიშიშიც. რომელიც კვარიათის სანაპიროსთან ახლოს, მთის ფერდობზე, კერძო სახლში ცხოვრობს და ზაფხულობით დამსვენებლებზე ოთახებს აქირავებს. ამბობს, რომ მისი სახლის ფანჯრებიდან ზღვა ჩანს, მიმდინარე მშენებლობა კი, ხედის გარდა, მზის სხივებსაც დაუფარავს. მისივე თქმით, პროტესტს ისიც იწვევს, რომ ადგილობრივებს კუთვნილ მიწებზე სამშენებლო ნებართვებს დღემდე არ აძლევენ:

საერთოდ, უგულებელყვეს დამსვენებლებიც და ადგილობრივებიც... წარმოიდგინეთ, პატარა სახლებს ერთ მხარეს მთა აკრავს და ზღვის მხარე ეს ამხელა კორპუსი დაეფარება, ფაქტობრივად, მზე საერთოდ არ მოხვდება იმ დასახლებაში, ასეთი მაღალი კორპუსის გამო...
ნესტან ბოკერია

„გვიკრძალავდნენ და ოთხსართულიან შენობებს გვაშენებინებდნენ, ბევრს კიდევ ნებაც არ მისცეს და ამას რატომ მისცეს 12 სართულის ნება? და პატარა კვარიათში რატომ უნდა იყოს ამხელა შენობა? უნდა გამოინახოს რაღაც გამოსავალი - დაკმაყოფილდეს სამი სართულით! რატომ 12 სართული, მილიონები რომ გააკეთოს? და ხიბლი რომ დაიკარგება?! შევეშვათ თანხას და ყველაფერს, ადამიანი ამტანია, მაგრამ, კვარიათის ხიბლი რომ დაიკარგება და სოფლიდან ზღვას ვერ გადახედავ და ზღვის ნაპირიდან სოფელსა და მთას ვერ ახედავ, უკვე ელფერი ეკარგება ზღვასაც და მთასაც. აი, დამსვენებელიც, წელს რომ ჩამოვა, იგი მომავალ წელს ჩამომსვლელი აღარაა“.

დამსვენებლები კი მიმდინარე მშენებლობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ აჭარაში, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილას, კვარიათის დასახლებაში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, # 9-ში, 1462 კ/მ ფართობზე 45 მ სიმაღლის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები უნდა აშენდეს. ნესტან ბოკერია, რომელიც უკვე რვა წელია ზაფხულობით კვარიათში ისვენებს, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პროტესტი სოციალურ ქსელში გამოთქვა, მსგავსი უკმაყოფილებით ბევრი მოქალაქე დაუკავშირდა. მისივე თქმით, ისინი საჩივარს ამზადებენ, რომლითაც ქალაქ ბათუმის მერიას მიმართავენ:

სასტუმროს მშენებლობის ადგილი
სასტუმროს მშენებლობის ადგილი

„საერთოდ, უგულებელყვეს დამსვენებლებიც და ადგილობრივებიც... წარმოიდგინეთ, პატარა სახლებს ერთ მხარეს მთა აკრავს და ზღვის მხარე ეს ამხელა კორპუსი დაეფარება, ფაქტობრივად, მზე საერთოდ არ მოხვდება იმ დასახლებაში, ასეთი მაღალი კორპუსის გამო. ამხელა ტერიტორია სად არის კვარიათში, რომ ამხელა კორპუსი ჩაიდგას, რაღაცა კოეფიციენტი ხომ უნდა იყოს დაცული? აქ არის პატარა, ვიწრო გზა, ინფრასტრუქტურა და ყველაფერი აქ პატარაა და ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც მთა ასე ახლოსაა პლაჟთან“.

ქალაქ ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კვარიათის დასახლებაში სამშენებლო ნებართვა 2017 წლის დეკემბერში ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა ყველა ნორმის დაცვით გასცა. ამასთან, მენაშენეს კანონმდებლობით დადგენილი ყველა უწყების თანხმობა ჰქონდა:

„ეს არ არის გრანდიოზული მშენებლობა, მაგრამ 12-სართულიანია. მშენებლობა აკმაყოფილებდა ყველა იმ პირობებს, რაც საჭირო იყო ნებართვის გასაცემად. როგორც სახანძრო უსაფრთხოების, ასევე, რადგან ზღვასთან ახლოსაა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიიღო თანხმობა ზღვის პირთან ახლოს შენობის განთავსებაზე და ასევე საგზაო დეპარტამენტის მხრიდან მიიღო დადებითი პასუხი გზის შესაძლო გაფართოების შესახებ. კოეფიციენტს რაც შეეხება, იქ რაც დასაშვებია, იმის მიხედვით გაიცა ნებართვა. K2 კოეფიციენტის გაზრდა, თუ არ ვცდები, არ მომხდარა. იქ დადგენილია ეს კოეფიციენტები“, აცხადებს მირიან მეტრეველი, ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც იმასაც აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლიდან ბათუმის მერიამ პოლიტიკა შეცვალა და კვარიათის დასახლებაში სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცემა, ვიდრე არ შეიქმნება ტერიტორიის ერთიანი დაგეგმარებისა და განვითარების სტრატეგია.

კითხვას, თუ რატომ მისცა თანხმობა კვარიათის სანაპიროზე მრავალსართულიანი შენობის პროექტს სამშენებლო პოლიტიკის შეცვლამდე ორი კვირით ადრე, მირიან მეტრეველი უპასუხებს, რომ მენაშენეს წარმოება დაწყებული ჰქონდა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში და მისი შეფერხება შეუძლებელი იყო.

კვარიათის სანაპიროზე მრავალსართულიან შენობას, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებით, შპს „ტმი“ აშენებს, რომელიც საქართველოში 2017 წელს საფრანგეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. კომპანიის 25 % საფრანგეთის მოქალაქე რობერტ ჭანტურიას ეკუთვნის, დარჩენილი 75 % კი ასევე ფრანგული სააქციო საზოგადოება „სორეპრიმის“ საკუთრებაა.

XS
SM
MD
LG