Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ეპიდსიტუაცია გაუარესდა - COVID 19-ის შემთხვევებია მატანში, ველისციხესა და ლაგოდეხში


PCR ტესტირების პროცესი
PCR ტესტირების პროცესი

კახეთში კორონავირუსის გავრცელება გორში გამართულ ქორწილს, აჭარაში მოგზაურობის ისტორიას და ე.წ. ველისციხის კლასტერს უკავშრდება. ველისციხის შემთხვევაში ამ დრომდე ვერ დადგინდა წყარო, თუ საიდან დაინფიცირდა თავდაპირველად ასაკოვანი პაციენტი. სპეციალისტები ამბობენ, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ამის გამო სოფელ მატნის ორ სკოლაში სწავლა არ განახლდება.

„ამჟამად კახეთში გვაქვს სამი კლასტერი. ესენია: ლაგოდეხის, ველისციხისა და მატნის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნელი ხიზანიშვილმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა. დღეს ამ მხარეში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი, 11 შემთხვევა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშია. სწორედ ამის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილზე პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურაა მოწყობილი და დროებითი საკონტროლო პუნქტი მუშაობს.

თერმოსკრინინგის პროცესი სოფელ მატანის შესასვლელთან
თერმოსკრინინგის პროცესი სოფელ მატანის შესასვლელთან

მატანში შემსვლელ და სოფლიდან გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი და ტესტირება. კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შიოშვილის თქმით, დღის ბოლოს არსებულ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული, როგორ იმოქმედებენ მატანთან მიმართებაში და გახდება თუ არა საჭირო მატნის მსგავსი ზომების მიღება კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში.

14 სექტემბერს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11  სოფელ მატანში, 8 ველისციხეში და 4 ლაგოდეხში.

„ტესტი უკვე აუღეს 100-ზე მეტ ადამიანს. დღევანდელ მონაცემებზე დაკვირვებით გადავწყვეტთ, კიდევ სად გაიხსნება მსგავსი პუნქტი“.

მატანში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 11 სექტემბერს. ინფიცირებულ კაცს 5 სექტემბერს ქორწილი ჰქონდა გორში, საიდანაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. 12 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა მის მშობლებსაც. აღსანიშნავია, რომ ვირუსი არ აქვს ახალგაზრდა კაცის ცოლს. მატნიდან გორში ქორწილში 30-მდე ადამიანი იყო ჩასული, მათ შორის ადგილობრივი საჯარო სკოლის პედაგოგი ქალი. ის მატანში კორონავირუსით დღეს ინფიცირებულ 11 პირს შორისაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი კახეთში ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ მატანში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ განახლდება:

„პედაგოგი ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იმყოფებოდა გორში, ქორწილში, იქიდან ჩამოსულს კი სხვა კონტაქტებიც ჰქონდა. პედაგოგის ოჯახში ვირუსი დაუდგინდა 10 თვის ბავშვს და ორსულ ქალს. ამ პედაგოგს ჯერ კიდევ სიმპტომები ჰქონდა, როდესაც კოლეგებს შეატყობინა, რომ ისინი თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მატნის ერთი სკოლის პედაგოგები ახლა თვითიზოლაციაში არიან, პარალელურად მათ ბიოლოგიური მასალა აუღეს და საკვლევად გაიგზავნა. მატნის სკოლაში სწავლა ვერ დაიწყება“.

ოფიციალური ინფორმაციით, 14 სექტემბერს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 სოფელ მატანში, 8 ველისციხეში და 4 ლაგოდეხში. ლაგოდეხში კორონავირუსი დაუდგინდა სასაზღვრო პოლიციის ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის 4 წევრს.

COVID 19-ის შემთხვევებია მატანში, ველისციხესა და ლაგოდეხში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:17 0:00

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი გიორგი გოზალიშვილი ამბობს, რომ ლაგოდეხიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 12 ნიმუში იყო გაგზავნილი, კორონავირუსი კი აღმოაჩნდა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ცოლს, ორ შვილსა და ბაბუას.

თავად მესაზღვრეს ვირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო აჭარის რეგიონია.

კახეთის რეგიონმა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან თითქმის 7 თვის შემდეგ დაკარგა.

მანამდე რეგიონში ერთეული შემთხვევები გამოვლინდა, თუმცა ეპიდემიოლოგების მოკვლევით გაირკვა, რომ, ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინ შიდა გავრცელება არ ყოფილა.

დაწესდება თუ არა უშუალოდ მატანსა და რეგიონში რაიმე სახის ამკრძალავი ღონისძიებები, ეს, სავარაუდოდ, ხვალინდელ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული. დღეს კახეთში 200-ზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური მასალა აიღეს, რომელიც კორონავირუსზე გამოსაკვლევად თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG