კადიროვი ამტკიცებს, რომ ზაზუ მისი ბრძანებით მოიპარეს უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა. ჩეჩნეთის ლიდერი ამტკიცებს, რომ საბოლოო ჯამში გამტაცებლებს დაპირებული ფული მაინც არ გადაუხადა.
„კავკაზ.რეალიის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები კადიროვის ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებენ, ხოლო ცხენის მოტაცებას - მის მიერ საკუთარი პიარის გაკეთების უსუსურ მცდელობად აფასებენ.
გზადაგზა შეცვლილი ვერსიები
უცნობმა პირებმა ზაზუ მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში ჩეხეთის დასავლეთით, სოფელ კრაბჩიცეში მოიპარეს.
პოლიციის ინფორმაციით, მძარცველები ღამით „დარჰორსის“ საჯინიბოში შეიპარნენ, გადაჭრეს უსაფრთხოების ჯაჭვი და ცხენი წაიყვანეს, - სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. კომენტარზე უარს ამბობენ როგორც ჩეხეთის პოლიცია, ისე ჩეხეთის ფინანსთა სამინისტრო და საცხენოსნო ფერმის მფლობელი.
ჩეხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ზაზუ 18 000 დოლარად შეაფასეს, რამაც აღაშფოთა რამზან კადიროვი, რომელიც თვლის, რომ ცხენის ფასი მინიმუმ 10 მილიონი დოლარია.
თავდაპირველად, პოლიტიკოსმა გააშაყირა ცხენების ფერმის დაცვა და ჩეხეთის პოლიცია და აღნიშნა, რომ ახლა „ვიღაც ძალიან კარგად მოითბობს ხელსო“. ცხენის ქურდებს მან ერთი მხრივ უწოდა სულელები, რადგან სანქცირებული ცხენი მოიპარეს, მეორე მხრივ კი - გაქნილები, რაკი ისინი აქამდე ვერ იპოვეს.
ორი თვის თავზე, 15 მაისს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა აღიარა, რომ ზაზუ მისი ბრძანებით, ვითომცდა უკრაინის სპეცსამსახურების დახმარებით მოიპარეს.
„წლის დასაწყისში მე შუამავლების დახმარებით უკრაინის სპეცსამსახურიდან დამიკავშირდნენ და ზაზუს გამოსყიდვა შემომთავაზეს. მათ იცოდნენ როგორ მიყვარდა ჩემი ცხენ და არც შემცდარან, მე დავთანხმდი... სპეცსამსახურებს ჰქონდათ თამამი გეგმა - ჩეხეთის პოლიციასთან გარიგებით მათ უბრალოდ მოიპარეს ცხენი ჩეხეთის საჯინიბოდან“, - წერს თავის ტელეგრამის არხში კადიროვი.
უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ამ საქმეში, კადიროვის თანახმად, თითქოს სწორედ ის 18 000 დოლარი მოითხოვეს, რასაც პოლიტიკოსმა მანამდე „სასაცილო კაპიკები“ უწოდა. მაგრამ ულაყის გროზნოში დაბრუნების დღეს კადიროვის ვერსია კვლავ შეიცვალა და იგი ამჯერად ამტკიცებს, რომ მის ხალხს არაფერი გადაუხდიათ. ანუ ვიდრე უკრაინის სპეცსამსახურის სავარაუდო წარმომადგენლები „ერთმანეთში ურთიერთობას არკვევდნენ“, კადიროველებმა „ცხენი უბრალოდ წაიყვანეს“.
„კავკაზ.რეალიის“ რედაქციის მხრიდან კომენტარის თხოვნაზე უკრაინის უშიშროების სამსახურს პასუხი არ გაუცია. კადიროვის სიტყვებზე კომენტარს არც ჩეხეთის პოლიციაში აკეთებენ. იქ მხოლოდ დაადასტურეს, რომ აგრძელებენ გამოძიებას ცხენის მოპარვის ფაქტზე.
ჩეხური გამოცემა „მლადა ფრონტა დნეს“ (Mladá fronta DNES) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ გამოძიების ძირითადი ვერსიით ცხენი ჩეჩნეთის ლიდერის მიერ დაქირავებულებმა მოიპარეს.
ამ საქმეში რუსეთის სავარაუდო კვალის დამადასტურებელ არგუმენტს წარმოადგენს 2022 წლის იანვარში იმავე კრაბჩიცეს თავლიდან ზაზუსა და კადიროვის კიდევ ერთი ულაყის, მიხაილ გალკინის მოტაცების მცდელობის შესახებ გავრცელებული ცნობა. მაშინ ჩეხეთის მედია წერდა, რომ რუსულად მოსაუბრე ორი მამაკაცი დაინტერესებული იყო ულაყის პოლონეთში გაყვანით, მაგრამ საჯინიბოს პატრონმა მათ უარი უთხრა.
ჯიშიანი ცხენებისადმი ლტოლვა
2015 წელს კადიროვის ცხენების მწვრთნელმა არსლანგირ შავუევმა რადიო თავისუფლებას ჩეხეთში მყოფ კადიროვის ცხენებზე უამბო. მან მაშინ აღიარა, რომ ჯიშიანი ცხენების მოვლა მათ მიერ მოგებულ ფულად ჯილდოზე ბევრად უფრო მეტი ჯდება. ხოლო ჩეხეთის საჯინიბოში მყოფი ჩეჩნეთის ლიდერის კუთვნილი 4 ულაყის საერთო ღირებულება შავუევმა 15-დან 140 ათას ევროდ შეაფასა. ამასთან, მეხუთე ცხენის, ზაზუს ფასზე საუბრის დროს ის შემოიფარგლა მხოლოდ ამ ფრაზით: „ძალიან დიდი ფული ღირსო“.
შავუევის თანახმად, ცხენების მოვლა-პატრონობაზე ყოველთვიურად 3-4 ათასი ევრო იხარჯებოდა.
2018 წელს Transparency International-ის რუსეთის განყოფილებამ გამოაქვეყნა ანტიკორუფციული გამოძიება „მილიონად ღირებული ცხენები“, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი ფლობს მინიმუმ 128 ძვირადღირებულ მორბენალ ცხენს, რომლებიც რუსეთში, საფრანგეთში, ჩეხეთში, გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ დოღებში მონაწილეობდნენ და ოთხი წლის განმავლობაში რამზან კადიროვს 100 მილიონი რუბლის მოგება მოუტანეს. ეს თანხა კადიროვის მიერ ამავე პერიოდში დეკლარირებულ შემოსავალზე სამჯერ მეტია.
„ფანტასტიკური ისტორია დასავლეთის დასაცინად “
მეცხენეობის პორტალ „იეზდცის“ (Jezdci) ცნობით, ზაზუ გერმანიის საგვარეულო საცხენოსნო ფერმა ფერჰოფში (Fährhof) გამოიყვანეს. ვიდრე მას კადიროვი შეისყიდდა, ზაზუმ 8 ქვეყანაში გამართულ, ჯამში, 36 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, 9-ში გაიმარჯვა და მის მფლობელს ჯილდოს სახით 1,2 მილიონი დოლარი მოუტანა.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 2014 წელს ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა რუს პოლიტიკოსებს, მათ შორის ჩეჩნეთის ლიდერს. ამის გამო 2014 წლის ზაფხულიდან სანქციების ქვეშ მოხვდნენ და ჩეხეთის ტერიტორიას ვეღარ ტოვებდნენ ჩეჩნეთის ლიდერის კუთვნილი სამი დოღის და 2 საგვარეულო ულაყი.
ამ ვითარებაში ჩეხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ „არ შეზღუდავდა საჯინიბოს ნორმალურ ფუნქციონირებას, მაგრამ მისი საქმიანობიდან მიღებული მთელი შემოსავალი მხოლოდ ქონების შენახვას და მის მართვას უნდა მოხმარდებოდა“, - ნათქვამი იყო ჩეხეთის ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის განცხადებაში.
ეს ფაქტობრივად ნიშნავდა ცხენების დაპატიმრებას. შესაბამისად, სანქციებიდან სამი წლის შემდეგ რამზან კადიროვი შეეცადა ცხენებისთვის სანქციების მოხსნას, მაგრამ ვერ მოახერხა.
მაშინ ცხოველების მწვრთნელმა არსლანგირ შავუევმა გამოცემა Hlidacipes.org-ს უამბო, რომ კადიროვის კუთვნილი ცხენების საერთო ფასი 6 მილიონ დოლარს შეადგენსო. მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ცხენების სპორტული კარიერის საუკეთესო წლებმა უკვე ჩაიარა, ხოლო სანქცირებული პატიმრობის წლებში ისინი დაბერდნენ და ფასიც დაეკარგათ.
თეორიულად ცხენების მოპარვა და ყალბი დოკუმენტებით მათი გადაყვანა შესაძლებელია, მაგრამ ზაზუს შემთხვევაში ამის გაკეთებას აზრი არ აქვსო, - უთხრა „კავკაზ.რეალიის“ დოღის და ცხენების საკითხების ცნობილმა ყაბარდო-ბალყარელმა ექსპერტმა, იბრაგიმ იაგანოვმა, რომლის თქმით, ზაზუ საკმაოდ ბებერი ცხენია და არც რაიმე განსაკუთრებული ავტორიტეტი აქვს, რათა მასში ვინმემ 10 მილიონი დოლარი გადაიხადოს, როგორც ამას კადიროვი ამტკიცებს.
იაგანოვის აზრით, კადიროვისათვის მისივე ცხენის მოპარვა ღირსების საქმე იყო, რისთვისაც ის არანაირ თანხას არ მოერიდებოდა.
ამ მოსაზრებას იზიარებს ცნობილი ჩეჩენი უფლებადამცველი, აბუბაკარ იანგულბაევი. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გაჟონვა კადიროვს იმისთვის დასჭირდა რომ ეთქვა- ჩეჩნეთის ლიდერი თავისიანებს განსაცდელში არ ტოვებს, მათ შორის - არც ცხენებს. მეორე მხრივ კი, ამით იგი „ჩირქს სცხებს“ უკრაინის სპეცსამსახურებს.
„ნებისმიერი ადეკვატური ადამიანისთვის ნათელია, რომ ეს სისულელეა. სად ჩეხეთი და სად უკრაინა? რუსეთთან ომის პირობებში, რატომ ჩაერთვებოდა უკრაინის უშიშროების სამსახური ამ ისტორიაში და თანაც ასეთი მცირე თანხის საფასურად? მაგრამ კადიროვს რომც დავუჯეროთ, მაშინ რუსეთის ეფ-ეს-ბემ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას“, - განმარტავს უფლებადამცველი.
იანგულბაევის თქმით, კადიროვისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორი იქნება გამოხმაურება და რამდენად ბრიყვულად გამოჩნდება ის პუბლიკაციებში, ყველაფერი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ეს ცნობა აიტაცონ.
ანონიმურობის დაცვით იგივე თქვა რუსეთში მოღვაწე პოლიტოლოგმა, რომელმაც სოციალურ ქსელში კადიროვის მოქმედების მანერა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ხელწერას მიამსგავსა.
„ირონიულად შედგენილი ტექსტი არ ტოვებს ეჭვს, რომ არ არსებობდა არანაირი შეთანხმება უკრაინის სპეცსამსახურებთან. სავარაუდოდ, პენსიონერი-ულაყი მოპოვებული იქნა სხვა უკანონო მეთოდით, მაგრამ იმისთვის, რომ ეს [მეთოდი] გაამართლოს და მასხრად აიგდოს მისი დამსანქცირებელი დასავლეთი, მან [კადიროვმა] ასეთი ფანტასტიკური ისტორია შეთხზა“, - ამბობს ანონიმი წყარო.
- 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი შეიყვანა „მაგნიტსკის სიაში“. სამინისტრომ ის დაადანაშაულა სასამართლოს გარეშე ადამიანების მკვლელობებში, წამებასა და ადამიანის საერთაშორისო აღიარებული უფლებების სხვა დარღვევებში.
- უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში მონაწილეობის გამო 2022 წელს ხელახლა დაწესდა სანქციები რამზან კადიროვისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ;
- უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, კადიროვი ომის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი გახდა. მშფოთვარე რეგიონის ხელმძღვანელი რეგულარულად იუწყება ფრონტზე დაქირავებულების გაგზავნის შესახებ და ემუქრება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გარდა ამისა, დასაშვებად მიიჩნევს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას.