„მე, რამზან კადიროვი, ოფიციალურად გიცხადებთ, რომ ყველა ეს ქალაქი უკან დაბრუნდება. იქ უკვე იმყოფება ჩვენი ხალხი, ამ სამუშაოსთვის სპეციალურად მომზადებული ბიჭები და გასამგზავრებლად მზად არის დაახლოებით 10 000-მდე მებრძოლი. და უახლეს ხანებში, დონ, ჩვენ ოდესამდე ჩავალთ“, - აცხადებს კადიროვი ტელეგრამის არხით გავრცელებულ მიმართვაში.
ჩეჩენი ბლოგერებისა და ექსპერტების თქმით, კადიროვის ასეთი მუქარა სასაცილოდ ჟღერს რუსეთის არმიის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის ფონზე, რასაც თავად ჩეჩნეთის ლიდერიც არ მალავს.
ტელეგრამის არხით გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებაში კადიროვი აღნიშნავს, რომ რუსეთის სარდლობამ „დაუშვა შეცდომა“ ხარკოვის მიმართულებაზე. ხოლო თუ უახლოეს დღეებში საბრძოლო მოქმედებების წარმოების სტრატეგია არ შეიცვალა, კადიროვის თქმით, ის „იძულებული გახდება“ მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, „რათა მათ აუხსნას ვითარება, რაც რეალურად ხდება ადგილზე“.
„კადიროვის არმია - არის მითი“
არადა ის, რასაც კადიროვი შეცდომას უწოდებს, არის რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო მარცხი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომში.
უკრაინის სარდლობის ცნობით, მტრისგან გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. მათ შორის, უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის, იზიუმისა და ბალაკლეის რაიონებზე.
ბალაკლეის და იზიუმის რაიონებზე კონტროლის დაკარგვას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყება ამას დონეცკის მიმართულებით „ძალისხმევის გაძლიერებისკენ“ მიმართულ „გადაჯგუფებას“ უწოდებს.
შესაბამისად, რამზან კადიროვი, რომელიც ერთი მხრივ უკმაყოფილოა რუსეთის სარდლობის მოქმედებით, ცდილობს ისე წარმოადგინოს საქმე, რომ რუსეთის ჯარის მიერ იზიუმის, კუპიანსკსის და ბალაკლეის დატოვება „აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდეს“ და მოსახლეობას ამ ქალაქების დაბრუნების პირობას აძლევს.
კადიროველები ჩვენ არ გვინახავს ბრძოლის ველზე. იყო [მათი] რამდენიმე კოლონა, რომელიც შემოსვლისთანავე განადგურდა...ლადო გამსახურდია
თავისი პირობის გასამყარებლად რამზან კადიროვი აცხადებს, რომ „დასვენების“ შემდეგ უკრაინაში „მოწინავე ხაზზე“ დაბრუნდნენ ჩეჩნეთის „ელიტური მებრძოლები“ რუსეთის გმირისა და რუსეთის დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის მეთაურობით. ამასთან, კადიროვი „საუკეთესო შედეგების“ პირობას დებს და უკრაინელებს მიმართავს, „თეთრი ქსოვილი“ გაამზადონ.
ჩეჩნეთის ლიდერის ამ მუქარას არასერიოზულს უწოდებს უკრაინაში მებრძოლი „კავკასიური ლეგიონის“ მეთაური, ლადო გამსახურდია, რომელიც დარწმუნებულია, რომ „თეთრი დროშის“ აწევა თავად კადიროველებს მოუწევდათ, წინა ხაზზე ბრძოლას რომ არ გაურბოდნენ.
„კადიროველები ჩვენ არ გვინახავს ბრძოლის ველზე. იყო [მათი] რამდენიმე კოლონა, რომელიც შემოსვლისთანავე განადგურდა. ისინი, პრინციპში, ყოველთვის არიან რუსეთის არმიის ზურგში და მათი სახელები უფრო მეტად რუსეთის არმიის შიდა საქმეებში და შიდა გარჩევებში ჟღერს. და მე არ მსმენია, რომ მათ რაიმე წარმატება ჰქონდეთ უკრაინის ფრონტზე შეტევასა და რაღაც შეტაკებებში. კადიროვის არმია, თავიდან ბოლომდე, არის მითი! არანაირი ძალა მათ არ აქვთ. მათ შეუძლიათ ხალხის დაშინება მხოლოდ რუსეთსა და ჩეჩნეთში, თორემ ფრონტზე, როგორც ასეთი, ისინი დიდ შედეგებს ვერ დებენ. არის რუსეთის სხვა დაჯგუფებები, რომლებიც ათასი თავით სჯობიან კადიროვის ჯარს“, - უთხრა ლადო გამსახურდიამ რადიო თავისუფლებას.
უკრაინის გენშტაბისთვის 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქში, ჩეჩნეთის მმართველ რამზან კადიროვთან დაკავშირებული გასამხედროებული ფორმირებების 1300-მდე მებრძოლი ჩავიდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებების გაძლიერების მიზნით.
თავად რამზან კადიროვი, რომელმაც საკუთარ თავს პუტინის „ქვეითი ჯარისკაცი“ უწოდა, ფრონტის ხაზიდან ხშირად ავრცელებს ტელეგრამის არხებით ცნობებს ჩეჩენი მებრძოლების მიერ წარმატებული ოპერაციების შესახებ, რასაც არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება, არამედ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებიც უარყოფენ.
ასე მაგალითად, 10 მაისს სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილმა ლიდერმა, იგორ სტრელკოვმა (გირკინი) ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი, უკრაინის პატარა ქალაქ პოპასნაიას აღებასთან დაკავშირებით პიარში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კადიროვის ერთგულ ქვედანაყოფებს არავითარი კავშირი არ აქვთ ამ დასახლებული პუნქტის აღებასთან.
მანამდე, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ ქალაქ პოპასნაიას დიდი ნაწილი სპეცდანიშნულების ნაწილ „ახმატ-გროზნის“ მეთაურის, ანზორ ბასაევისა და რუსეთის გვარდიის პოლკ „სევერის“ მეთაურის, მაგომედ ტუშაევის ჩეჩენმა მებრძოლებმა აიღეს.
„კადიროვი ავადაა და ის დიდ დროს მკურნალობას უთმობს“
ამავე რიგის პიარაქტიურობად აფასებენ ჩეჩენი ბლოგერები რამზან კადიროვის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებულ ხმოვან მიმართვას და მოგვიანებით ამავე არხის საშუალებით რუსეთის დუმის დეპუტატისა და უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური დანაყოფების საერთო მეთაურის, ადამ დელიმხანოვის ვიდეომიმართვას.
თავისი პირადი ხელმძღვანელის მსგავსად, დელიმხანოვიც პირობას დებს, რომ გაათავისუფლებენ ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის მიერ დაკავებულ ქალაქებს და „სატანისტებს და შაითნებს“ ახალი მარიუპოლის მოწყობით ემუქრება.
„ნაციზმისგან უკრაინის გათავისუფლების ყველა ამოცანა შესრულებული იქნება. ასე რომ, ელოდეთ სიურპრიზებს. ჩვენ თქვენ გელოდებოდით და თქვენ ახლა უკვე იმყოფებით იქ, სადაც გვინდა, რომ ჩვენმა ქვედანაყოფებმა გაგანადგურონ“, - აცხადებს სამხედრო ფორმაში შემოსილი და ჩეჩნეთის დანაყოფ „ახმატის“ რამდენიმე მებრძოლით გარშემორტყმული ადამ დელიმხანოვი.
მაგრამ უკრაინის ფრონტის ხაზზე შექმნილი ოპერატიული ვითარების ფონზე ჩეჩენთა ხელმძღვანელების განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ ჩეჩენი ბლოგერები და ჟურნალისტები.
ის დიდი ხანია ავადმყოფობს და ეს არ იმალება, ეს არ წარმოადგენს საიდუმლოს. მკურნალობას იგი სწორედ რომ ძალიან დიდ დროს უთმობს. მე ვფიქრობ, რომ ეს მისი ფიზიკური პრობლემებით არის გამოწვეული...ბესლანი
„სოციალური ქსელები და ანალიტიკოსები არც ერთ მის [კადიროვის] მიმართვას არ აღიქვამენ ისეთად, რასაც შემდგომში რაიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს. რადგან სინამდვილეში არ გამართლდა არაფერი, რასაც ის [კადიროვი] მანამდე პროგნოზირებდა. და ახლა, როდესაც ის ლაპარაკობს ოდესის შესაძლო აღებასა და სხვა ასეთ რაღაცებზე, საჭიროა თუნდაც იმის გათვალისწინება, რომ უკრაინის ჯარი ისე სწრაფად მიიწევს ხარკოვის მიმართულებით, რომ რუსეთის ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ არ დაკარგოს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ჩრდილოეთი ნაწილი. ანუ ამ ფონზე, ლაპარაკი სამხრეთის მიმართულებით რაღაც წინსვლაზე, ძალიან არასერიოზულია“, - უთხრა საფრანგეთში მცხოვრებმა ბლოგერმა, ფსევდონიმით ბესლანმა, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
მან ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერის მიერ გავრცელებულ აუდიომიმართვაში რამზან კადიროვის ხმა აღარ ჟღერს ძველებურად ოპტიმისტურად და რიხიანად. ბესლანის თქმით, რუსეთისათვის უკრაინაში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გარდა, ამის მიზეზი შესაძლოა რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც იყოს.
„ის დიდი ხანია ავადმყოფობს და ეს არ იმალება, ეს არ წარმოადგენს საიდუმლოს. მკურნალობას იგი სწორედ რომ ძალიან დიდ დროს უთმობს. მე ვფიქრობ, რომ ეს მისი ფიზიკური პრობლემებით არის გამოწვეული. რაც შეეხება განწყობას, იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, კარგი განწყობა ალბათ ძნელად თუ შეიძლება, რომ რომელიმე რუს მოხელეს ჰქონდეს. რადგან ის, რასაც [რუსეთის ხელისუფლება] უკრაინაში ელოდა და ის, რაც შედეგად მიიღეს, აბსოლუტურად არ შეესაბამება ერთმანეთს. ანუ დღეს რუსეთის ხელისუფლებას აქვს გარკვეული წარმატება დაკავშირებული ხერსონსა და ზაპოროჟიესთან, რომელთა ტერიტორიებიც რუსეთის ჯარს აქვს ოკუპირებული. მაგრამ ისინი გაცილებით უფრო მეტს მოელოდნენ. ისინი ელოდნენ კიევის ოკუპაციას, ელოდნენ ხრეშჩატიკზე მარშით გავლას და სხვა. რაკი ამას ვერ მიაღწიეს, ახლა რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, თუ როგორ გამოვიდეს ლამაზად შექმნილი ვითარებიდან“, - ამბობს ბლოგერი ბესლანი.
მაგრამ ამ ომიდან „ლამაზად“ გამოსვლა რუსეთისთვის უკვე საკმაოდ ძნელია.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ექსპერტთა შეფასებით, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის ბოლოდროინდელმა, წარმატებულმა კონტრშეტევამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი მიაღწევს ადრე გამოცხადებულ მიზნებს - სრულ კონტროლს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო ინფორმაციით, 12 სექტემბერს რუსმა სამხედროებმა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი სვატოვო.
ხოლო ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თანხმად, ფრონტის ზოგიერთ რაიონში უკრაინის დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვარსაც კი მიუახლოვდნენ.