Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა სამხედროებმა დატოვეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი სვატოვო


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედრო და ტანკი ლუგანსკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედრო და ტანკი ლუგანსკის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვეს ლუგანსკის ოლქის ქალაქი სვატოვო. გენშტაბის ცნობითვე, ამჟამად ქალაქში რჩება მხოლოდ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „სახალხო მილიცია“, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებთაგან შედგება.

ლუგანსკის ლეგიტიმური საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ჰაიდაის ინფორმაციით, რუსი სამხედროების ნაწილი დამოუკიდებლად გადადის ოლქის ტერიტორიის სიღრმეში, ნაწილი კი, რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება.

ოკუპირებული ლუგანსკის ოლქი ესაზღვრება ხარკოვის ოლქს, რომლის ოკუპირებულ ნაწილში უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან წამოიწყო წარმატებული კონტრშეტევა და ტერიტორია თითქმის მთლიანად გაათავისუფლა.

რუსეთმა, პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რომლის მიზნად გამოცხადდა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ექსპერტთა შეფასებით, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის ბოლოდროინდელმა, წარმატებულმა კონტრშეტევამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი მიაღწევს ადრე გამოცხადებულ მიზნებს - სრულ კონტროლს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.

XS
SM
MD
LG