დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის არმიის შეტევის გამო, რუსეთმა გასცა ხარკოვის ოლქში ოკუპირებული მთელი ტერიტორიიდან თავისი ჯარების გაყვანის ბრძანება. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ამ სექტორში რჩება წინააღმდეგობის მხოლოდ იზოლირებული კერები.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ გასული კვირის ოთხშაბათიდან უკრაინამ დაიბრუნა ტერიტორია, რომელიც მინიმუმ ორჯერ აღემატება დიდი ლონდონის(Greater London) ფართობს. ინგლისის ამ ადმინისტრაციული ოლქის ფართობი 1572 კვადრატული კილომეტრია.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რუსეთის საერთო, ოპერატიულ გეგმაზე და ის, სავარაუდოდ, იძულებული იქნება პრიორიტეტი მიანიჭოს გადაუდებელ თავდაცვით ქმედებებს, უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობისადმი ჯარის ისედაც შეზღუდული ნდობა კი, უფრო მეტად შეირყევა.
უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველი დღეებიდან დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში. 11 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ გათავისუფლებულია 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. უკრაინამ ნახევარი წლის წინ დაკარგული კონტროლი დაიბრუნა სხვადასხვა, მათ შორის, იზიუმის და ბალაკლეის რაიონებზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა "გადაჯგუფება" დონეცკის მიმართულებით "ძალისხმევის გასაძლიერებლად".