ახლო აღმოსავლეთში გაიზარდა ყოვლისმომცველი ომის საშიშროება უკვე არსებული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანმა 1 ოქტომბერს ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის გამოც ისრაელი თეირანს შურისძიებით დაემუქრა.
ირანი თვითონ მიიჩნევს, რომ ისრაელზე სარაკეტო იერიში იყო რეაქცია თეირანში ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება), ლიბანში თავისი კიდევ ერთი მოკავშირე დაჯგუფების - ჰეზბოლას (აშშ-ში ტერორისტების სიაში. ევროკავშირში ჰეზბოლას მხოლოდ სამხედრო ფრთაა ტერორისტულად შერაცხილი) მეთაურების მოკვლაზე, ასევე ვითარებაზე ღაზის სექტორსა და ლიბანში.
ეს მზარდი აქტიური კონფრონტაცია აჩენს შიშს, რომ ენერგიით მდიდარი რეგიონიდან ნავთობისა და გაზის მიწოდება შეფერხდება.
ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 9 პროცენტით გაიზარდა ირან-ისრაელის ინციდენტის შემდეგ, რომელიც მოხდა ღაზის სექტორში ისრაელის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე ომისა და ამ თვის დასაწყისში სამხრეთ ლიბანში მისი შეჭრის ფონზე.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სრულმასშტაბიანმა კონფლიქტმა ისრაელსა და ირანს შორის შეიძლება შეაფერხოს საერთაშორისო ენერგომომარაგება და მსოფლიო ეკონომიკის შოკი გამოიწვიოს.
„ნავთობისა და გაზის რეგიონული ექსპორტის სერიოზულმა შეფერხებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკაზე“, - ამბობს ფარზან საბეთი, ჟენევის საერთაშორისო კვლევებისა და განვითარების უმაღლესი სკოლის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
„აგრესიის აქტი“
ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყანას შეუძლია იერიში მიიტანოს ირანის ბირთვულ ან ნავთობისა და გაზის ობიექტებზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ისრაელი, არ დაარტყას ნავთობის ობიექტებს ირანში, რომელიც საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ირანმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ნებისმიერი თავდასხმა მის ინფრასტრუქტურაზე „გამოიწვევს კიდევ უფრო ძლიერ საპასუხო შეტევას“ თეირანის მხრიდან.
თუ ისრაელი განახორციელებს მასიურ თავდასხმას ირანის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე, თეირანმა შესაძლოა თავისი გავლენა გამოიყენოს საწვავის „მნიშვნელოვან სატრანზიტო გზაზე, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე (ირანსა და ომანს შორის)”, - გვიხსნის საბეთი.
ირანი წლებია იმუქრება ჰორმუზის სტრატეგიული სრუტის ჩაკეტვით, რომლის საშუალებითაც გადის ნავთობის მსოფლიო მარაგების მეხუთედი.
„ჰორმუზის სრუტე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის“, ამბობს ნილ ქილიამი, ლონდონის Chatham House-ის ანალიტიკური ცენტრის ენერგოპოლიტიკისა და გეოპოლიტიკის ექსპერტი.
კატარი ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის ისიც ჰორმუზის სრუტეს იყენებს.
არსებობს შიში იმის თაობაზეც, რომ თეირანმა შესაძლოა დაარტყას ნავთობის ობიექტებს მეზობელ ქვეყნებშიც, თუ ისრაელი მას თავს დაესხა. ერაყი, კუვეიტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და მათთან ერთად ირანი, მსოფლიოში ნავთობის მწარმოებელ უმსხვილეს ქვეყნებს შორის არიან.
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გასულ კვირას კატარში მოგზაურობისას, შეხვდა სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ცდილობდნენ ირანის დარწმუნებას, რომ თეირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტში მათ ნეიტრალური პოზიცია უჭირავთ.
საბეთი მოელის, რომ ირანის ნებისმიერი შურისძიება ისრაელის თავდასხმაზე, რომელიც გავლენას მოახდენს ენერგიის მსოფლიო ფასებსა და ვაჭრობაზე, განხილული იქნება, როგორც აგრესიის აქტი და მას მოჰყვება შემდგომი ზეწოლა ირანზე“.
ქილიამი ფიქრობს, რომ ისრაელის სამიზნე, სავარაუდოდ, იქნება ის ობიექტები, რომლებზე დარტყმაც „ზიანს მიაყენებს ირანის რეჟიმს და გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე“ და არა ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე.
„ხალხი ფასების ზრდას იგრძნობს“
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ენერგომატარებლები გაძვირდა არაბეთის 1973 წლის ემბარგოსა და ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
ამ მოვლენებმა ზოგიერთ ქვეყანაში საწვავის დიდი დეფიციტი და მასზე დაუსრულებელი რიგები გამოიწვია.
მაგრამ, ამასთან, ექსპერტები მოელიან, რომ ისრაელსა და ირანს შორის ფართო კონფლიქტის შედეგად, ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი შეფერხების გამოც კი ვერ გახდება მსოფლიო ეკონომიკა უკონტროლო. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ გაიზარდა შეერთებული შტატების როლი, როგორც ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მიმწოდებლისა, და შემცირდა მსოფლიო დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე.
„დასავლელი მომხმარებელი იგრძნობს ფასების ზრდას ბენზინგასამართ სადგურებზე, - თქვა საბეთმა, - [მაგრამ ზრდა] ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა”.
ის აღნიშნავს, რომ წითელ ზღვაში იემენელი ჰუთიტების (მათ ირანი უმაგრებს ზურგს) მიერ საერთაშორისო სავაჭრო ტრანსპორტის შეფერხების შესახებ გაფრთხილებებს დასავლეთში ფასებზე ზემოქმედება არ ჰქონია.
მაგრამ, საბეთის თქმით, ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობისა და გაზის ნაკადის მნიშვნელოვანი შეფერხება „უზარმაზარ გავლენას“ მოახდენს ჩინეთის ეკონომიკაზე.