იცით, რამდენი სიღრმისეული გამოკვლევა არსებობს საქართველოში NATO-ს შესახებ? „არც ერთი!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა. მისი შეფასებით, გამოკვლევის არარსებობა არის ჩავარდნა და ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებაში მუდმივად უნდა მუშაობდნენ; თუ მასში სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტული წრეები მიიღებენ მონაწილეობას, უკეთესია, ხოლო თუ ასე არაა, ვაკუუმს სხვა შეავსებს.
პაატა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში - „Now What?“
10 სექტემბერს სასტუმრო „რუმსში“ მშვიდ ვითარებაში მიმდინარე კონფერენციაში დისონანსი შეიტანა ირმა ინაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პატრიოტთა ალიანსიდან“.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე კონფერენციაზე ირმა ინაშვილის და მასთან ერთად, მედიაკავშირ „ობიექტივის“ თანამშრომლის გამოჩენას წინ უძღოდა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის კომენტარის გამოქვეყნება IPN-ზე, რომელსაც არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს: „თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მე-5 მუხლი, რომელიც NATO-სგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია - როგორ შეიძლება ამის მოგვარება?
ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. NATO-ში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იმავე კითხვას“.
მოგვიანებით ირმა ინაშვილმაც აღნიშნა, რომ რასმუსენის განცხადების შეფასებისგან თავს შეიკავებდა, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ისაუბრა „ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლუკ კოფის 2018 წლის მოხსენების შესახებ.
ირმა ინაშვილმა სრულიად დამახინჯებულად გადმოსცა ლუკ კოფის მოსაზრება.
„იყო ასეთი ექსპერტი ლუკ კოფი, რომელიც ყველას გახსოვთ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, ზუსტად იგივე პლატფორმაზე ლაპარაკობდა - შევიდეთ NATO-ში სოხუმის და ცხინვალის გარეშე“, - თქვა 10 სექტემბერს ირმა ინაშვილმა.
ლუკ კოფის ხედვა
საპირისპიროს საუბრობდა 2018 წლის 8 თებერვალს თბილისში ღონისძიებაზე მყოფი ლუკ კოფი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის რეკომენდაციებზე კულუარებში უნდა იმუშაონ საქართველოს მთავრობამ, დიპლომატებმა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. „მინდა კარგად გასაგები იყოს, რომ ჩემს მოხსენებაში არ ვამბობ, რომ საქართველომ, NATO-მ, აშშ-მა უარი უნდა თქვან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ამას სულაც არ ვამბობ“, - აღნიშნავდა ლუკ კოფი.
ლუკ კოფის წინადადება ასეთია: ვინაიდან საქართველოს გაცხადებული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოუყენებლობის შესახებ, აღარ არის საჭირო ამ ორ რეგიონზე [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე] ალიანსის წესდებით გათვალისწინებული მე-5 მუხლის [მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა NATO-ს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას] გავრცელება. ასე რომ, ლუკ კოფის შემოთავაზებით, საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მიიღონ NATO-ში, მაგრამ მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია არ უნდა გავრცელდეს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვიდრე კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო NATO-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად. როგორც სესიაშვილი ამბობს, ქვეყნის გაცხადებული ამოცანაა, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოხდეს.
პაატა გაფრინდაშვილის თქმით, ხელისუფლება, რომელსაც აქვს ამბიცია და გაცხადებული მიზანი, რომ NATO-ს წევრი გახდეს, მუდმივად უნდა მუშაობდეს სხვადასხვა სცენარზე. ეს არის ჩვეულებრივი დისკუსიის საგანი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის მთავრობის შიგნით, თუმცა უსაფრთხოების საბჭოს შექმნის დღიდან ჯერ არც ერთი საკითხის შესახებ სხდომა არ ჩაუტარებია.
რაც შეეხება ლუკ კოფის წინადადებას, როგორც გაფრინდაშვილი ამბობს, სხვადასხვა პრეცედენტი არსებობს, როდესაც მე-5 მუხლს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ავრცელებენ.
როგორც გაფრინდაშვილი აღნიშნავს, თუ ასეთ შემთხვევაში საქართველო NATO-ს წევრი გახდება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე გახდება ალიანსის წევრი, არამედ, უბრალოდ, დათქმა იქნება, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიებზე ერთი კონკრეტული მუხლი დროებით არ გავრცელდება.
„უკრაინისგან განსხვავებით საქართველოს უკვე გამოცხადებული აქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს ძალის გამოყენებით არ დაიბრუნებს და ეს იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული პოზიცია“, - ამბობს ის.
როგორც გაფრინდაშვილი აღნიშნავს, ეს არათუ ხელისშემშლელი, არამედ ხელშემწყობია. „მაგალითად, დასავლეთი გერმანია სწორედ, ასე გახდა NATO-ს წევრი, რამაც სხვა მოვლენებთან ერთად, საბოლოოდ ხელი შეუწყო გერმანიის გაერთიანებას“, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
გაფრინდაშვილის შეფასებით, ინაშვილის განცხადება არის მტკნარი სიცრუე და იაფფასიანი პროპაგანდა. თუმცა მისი თქმით, საფრთხეს წარმოადგენს რუსული ნარატივის გაგრძელება, რითაც საქართველოს მოსახლეობის მოწყვლად ნაწილზე მანიპულირებას ცდილობდნენ.
„ინაშვილი, რომელიც პროპუტინისტურ ძალას წარმოდგენს, ცდილობს ბოსებს აჩვენოს: „აქ ვარ და ვმუშაობ“, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი. მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან, რაციონალური, სწორი მიდგომის შემთხვევაში ასეთმა გამოხდომებმა მეტი ბიძგი უნდა მისცეს რაციონალურ დისკუსიას ქვეყნის შიგნით და საქართველოს მოქალაქეებისადმი პოზიციის სწორ მიწოდებას.
„ლუკ კოფის მხრიდან შემოთავაზებულია, რომ, ხალხო, ცივილიზებულად დასხედით და სერიოზულ თემაზე სერიოზულად ისაუბრეთ და თუკი შეთანხმდებით, ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი ხელშემწყობი NATO-ში ჩვენი გაწევრების გზაზე“, - თქვა გაფრინდაშვილმა.
ირმა ინაშვილი ბოკერიას წინააღმდეგ
„არ ვიცოდი, ვინ იყო ეს ხალხი. ვიღაცამ, ვისაც მიკროფონი ეჭირა, უხეშად შეუშალა ხელი კონფერენციის მსვლელობას. ვიფიქრე, თუ ვითარებას არ დავაშოშმინებდი, კონფერენცია ვერ გაგრძელდებოდა“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა. მას მწვავე რეაქცია ჰქონდა "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა" და „მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილის შესვლით გამოწვეულ ჩოჩქოლზე.
ინაშვილი უკმაყოფილი იყო იმით, რომ კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ საუბრობდნენ და როგორც თავად აღნიშნა, პარტიის წარმომადგენელთა ციტატები დამახინჯებულად წარმოადგინეს. „ბატონ ბოკერიას ვუწოდებ მატყუარას და ცილის მწამებელს“, - თქვა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილს პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია გამოეხმაურა. „რაც შეეხება ირმა ინაშვილის საქციელს, ასეთი პოლიტიკური ველურები, როგორიც ქალბატონი ირმა და მისი გუნდი არიან, ყველა ნორმალურ ქვეყანაშიც არსებობენ. ჩვენი პრობლემაა არა ის, რომ ირმა ინაშვილი ასეთია, არამედ ის, რომ ის დღეს ღიად წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმს. "ქართული ოცნების" სპიკერია, ამას ყველა ვხედავთ არჩევნებზეც, მოსმენაზეც. ანუ, ეს არის ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი სახე გიორგი გახარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად“, - ამბობს ბოკერია „ინტერპრესნიუსთან” საუბარში. მისი შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები პუტინის კლასიკურ პროპაგანდას ეწევიან, რომ თითქოს NATO-ში საქართველოს გაწევრება ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე უარის თქმას.
საბოლოოდ, ირმა ინაშვილი კონფერენციაზე დაესწრო NATO-ს გაფართოების თემაზე გამართულ დისკუსიასაც და კითხვაც დასვა. ამასთან, ინაშვილმა დევიდ კრამერს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.