Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი მკვლევარი: „უკანონობაა“ ფსიქიატრიულ კლინიკაში ქალის მოთავსება, რომელმაც პროტესტის ნიშნად გაიხადა


2 ნოემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანდა, როგორ დადიოდა ირანის, თეირანის ერთ-ერთი უნივერსიტეტის წინ ახალგაზრდა ქალი საცვლებში.
2 ნოემბერს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანდა, როგორ დადიოდა ირანის, თეირანის ერთ-ერთი უნივერსიტეტის წინ ახალგაზრდა ქალი საცვლებში.

ირანელი რელიგიური მკვლევარი და უფლებადამცველი, სადიღე ვასმაღი ამბობს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ახალგაზრდა ქალის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოსათავსებლად იმისთვის, რომ თეირანის უნივერსიტეტში შევიწროების ან დევნის მიმართ პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა. 

„მაშინაც კი, თუ ადამიანს აქვს ფსიქიკური დარღვევა, ამის დიაგნოზის დასმა არ შედის სასამართლო ორგანოების ან პოლიციის კომპეტენციაში, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვინმეს მოთავსება არ უნდა იყოს სასჯელი“, - უთხრა მკვლევარმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს, რადიო „ფარდას“, 5 ნოემბერს.

„დასჯა უნდა იყოს კანონიერი... ვინც ის [საავადმყოფოში მოათავსა], უკანონო ქმედება ჩაიდინა“, - ამბობს ვასმაღი, ირანში მცხოვრები მკვლევარი.

არ არის მთლიანად გარკვეული, რატომ გახდა იძულებული ახალგაზრდა ქალი, გაშიშვლებულიყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ მასზე ზეწოლა მოახდინეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა იმის გამო, თუ როგორ იყო შემოსილი. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე არ ჩანს, რომ მას ან რაიმე ლოზუნგი წამოეძახა, ან პლაკატი სჭეროდა ხელში.

ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერზე, ბოლო კადრებში ჩანს, როგორ სვამენ მას დაუდგენელი სამსახურის თანამშრომლები ძალით ავტომანქანაში.

მოგვიანებით ირანის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აქვს და, რომ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს.

უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა მის მიმართ მოპყრობა დაგმეს და მოითხოვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

Amnesty International-მა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მანამდე „ხელისუფლებამ უნდა დაიცვას წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან, მას ასევე უნდა ჰქონდეს ოჯახსა და ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა“, - აცხადებს Amnesty. „ცემისა და სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული“, - წერს უფლებადამცავი ორგანიზაცია.

სადიღე ვასმაღი
სადიღე ვასმაღი

ოსლოში დაფუძნებულმა ორგანიზაცია Iran Human Rights-მა 4 ნოემბერს დაგმო ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ, როგორც მან უწოდა, „ფსიქიატრიული საავადმყოფოების რეპრესიის იარაღად გამოყენება, რათა ლეგიტიმურობა წაართვას საპროტესტო გამოსვლებს და დაადუმოს სხვაგვარად მოაზროვნეები“.

ამ განცხადებას გამოეხმაურა ვასმაღი, რომელიც ამბობს, რომ ირანის ხელისუფლებამ არაერთხელ მოათავსა ძალით საპროტესტო აქციების მონაწილეები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, რათა „დაამციროს და დასაჯოს ისინი“.

„ქალებმა მიიღეს გადაწყვეტილება და უკან არ დაიხევენ“ თავიანთი მოთხოვნიდან, თვითონ აირჩიოს ტანსაცმელი, თქვა ვასმაღიმ, რომელიც თვლის, რომ „ხელისუფლებამ ეს უნდა შეიგნოს და შეწყვიტოს ქმედება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობას ზრდის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG