7 მაისის დილის მონაცემებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 11-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილემ, ანა გაგლოევამ, განუცხადა. მისი სიტყვებით, უკანასკნელი ტესტირების შემდეგ 8 ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
„ამგვარად, უკვე 11 პაციენტია. ერთი მათგანი კაცია, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოვიდა. არიან, ასევე, სტუდენტები, რომლებიც ამ კვირაში რუსეთის რეგიონებიდან ჩამოვიდნენ“, - განაცხადა მან.
მისი სიტყვებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში 160 სტუდენტი დაბრუნდა, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. ყველა კარანტინსა და სამხრეთ ოსეთის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ამასთან, სასტუმრო „ალანის“ საკარანტინო სივრცეშია 9 მძღოლი.
10 მაისიდან 17 მაისამდე რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი ჩაიკეტება. საზღვრის გადაკვეთაზე დროებითი შეზღუდვა შეეხება ყველა მოქალაქეს გამონაკლისის გარეშე.ანა გაგლოევა
ანა გაგლოევას განცხადებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და სთხოვა პანიკაში ნუ ჩაცვივდებიან.
სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ანატოლი ბიბილოვი წერს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას COVID-19-ის შემდგომი გავრცელება. დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიულ შტაბში კი მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვარი სრულიად ჩაკეტონ.
„10 მაისიდან 17 მაისამდე რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი ჩაიკეტება. საზღვრის გადაკვეთაზე დროებითი შეზღუდვა შეეხება ყველა მოქალაქეს გამონაკლისის გარეშე. შეზღუდვები სატვირთო ავტომანქანებსაც შეეხებათ“, წერია ცხინვალის სააგენტო „რესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ 6 მაისს განაცხადა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 11 პირიდან 2 ახალგორელი დედა-შვილია. ბავშვი 6 წლისაა. ვირუსი დაუდასტურდა ასევე სუვოროვის სახელობის სასწავლებლის 14 წლის კურსანტს.
ცხინვალელი პოლიტოლოგი, დინა ალბოროვა, აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება ადგილობრივ მოსახლეობაში დიდ შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან საბრძოლველად მზად არ არის...
7 მაისს, დილით, ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარა მეარაყიშვილმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალგორელ ქალს განმეორებითი ტესტირების შემდეგ კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
მისი ინფორმაციით, მოგვიანებით რუსეთის ლაბორატორიიდან ცხინვალში ამ ქალის 6 წლის შვილის განმეორებითი ტესტირების შედეგსაც ელოდებიან.
სოციალურ ქსელში კი ცხინვალელები სულ უფრო მეტს წერენ ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე და ნაკლებად ენდობიან ექიმების პროფესიონალიზმს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, როლანდ ქელეხსაევი, რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ცხინვალის საავადმყოფოს ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფი აქვს და ისიც გაფუჭებულია. გარდა ამისა, კორონავირუსის გამოსავლენი ტესტსისტემა, რომელიც ნოვოსიბირსკშია დამზადებული, 60-პროცენტიანი ცდომილებით ხასიათდება.
ცხინვალელი პოლიტოლოგი, დინა ალბოროვა, აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაავადებულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება ადგილობრივ მოსახლეობაში დიდ შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან საბრძოლველად მზად არ არის, ამიტომ მოქალაქეებმა საკუთარი თავის დაცვაზე თვითონვე უნდა იზრუნონ. ალბოროვას ინფორმაციით, ესეც გართულდება, რადგან ცხინვალში პირბადეები არ იშოვება.
ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ბიბილოვის მიერ გამოცხადებულ მკაცრ საკარანტინო ზომებს უბრალო ფორმალობად მიიჩნევენ, რადგან ცხინვალში მოქალაქეები პირბადეების გარეშე დადიან, იკრიბებიან გასვენებებში და თავდაცვის უწყებას პირადი შემადგენლობა, სულაც, ქუჩაში აღლუმებზე გამოჰყავს. სააგენტო „რესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სახლებთან დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო სახელობით სამხედრო აღლუმებს აწყობს.