Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს უფრო მეტად უნდა ვადევნოთ თვალყური - პეტრ პაველი


ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინაში. 14 ივნისი, 2023 წ.
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინაში. 14 ივნისი, 2023 წ.
  • როგორია უკრაინის კონტრშეტევის პირველი ნაბიჯები?
  • შესაძლებელია თუ არა უკრაინის კონფლიქტში ნატოს ცალკეული ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის სამხედროების მონაწილეობა?
  • პასუხისმგებელია თუ არა კრემლის მიერ გაჩაღებული ომზე რუსეთის ყველა, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე?

ამ და სხვა საკითხებზე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა რადიო თავისუფლების ექსკლუზიური ინტერვიუში ისაუბრა.

ჩეხეთის პრეზიდენტი, გადამდგარი გენერალი, პეტრ პაველი 61 წლისაა. მან 27-28 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 58,24%-ით გაიმარჯვა. ამ შედეგს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში "რეკორდულ მაჩვენებელს" უწოდებენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 70,31%-მა მიიღო.
სხვადასხვა დროს პეტრ პაველს ეკავა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები. პეტრ პაველმა არაერთხელ განაცხადა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას და ნატოში მის მიღებას.

„ნატოს ომი რუსეთთან არავის სურს“

პეტრ პაველი: „ჩვენ ვხედავთ [კონტრიერიშის] დასაწყისს, იგი, ვთქვათ ასე, ზომიერია. მიმაჩნია, რომ რეალური კონტრშეტევა ჯერ არ გვინახავს. ის მომავალში იქნება. რასაც ახლა ვხედავთ, ჩემი გარკვეული საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვუწოდებდი “ფორმირების ოპერაციებს” (Shaping operations - სამხედროები უწოდებენ ისეთ ოპერაციას, რომელიც მომავალი წარმატებული ოპერაციის ჩასატარებლად ქმნის და ინარჩუნებს საჭირო პირობებს. ამის მაგალითად გამოდგებოდა, შეტევის წინ მოწინააღმდეგის მარაგების განადგურება ან ხიდების აფეთქება, რათა მან ვერ შეძლოს უკანდახევა - რ.თ.).

ასე ვიტყოდი: ამ წელს ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობის ფანჯარას [კიევისთვის]. შემდეგ კი, რაც უნდა მოხდეს, დაგვჭირდება სამი-ოთხი თვე, ვიდრე შესაძლებელი იქნება გარკვეული აქტიური მოქმედებების დაწყება...

რასაც დღეს ვხედავთ - ისაა, რომ უკრაინის კონტრშეტევისთვის მომზადებას თვეები დასჭირდა. და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედროების მომზადებას, მათ აღჭურვას, წვრთნას, ყველა სახის საკმარისი რაოდენობის რესურსების მიღებას - დიდი დრო სჭირდება. მომზადება უამრავ რესურსსა და მასში ჩართული ყველა ადამიანის დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ასე რომ, ტექნიკური თვალსაზრისით, ახალი შეტევისათვის სამზადისს, ისევ და ისევ, ხანგრძლივი დრო დასჭირდება. ასევე თუ გავითვალისწინებთ ზამთრის არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებს, შეიძლება დავასკვნათ: მოგვიწევს მინიმუმ მომავალი წლის გაზაფხულამდე გადავდოთ ბრძოლით იმის დაბრუნება, რასაც წელს ვერ შევძლებთ... ასე ვიტყოდი: ამ წელს ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობის ფანჯარას [კიევისთვის]. შემდეგ კი, რაც უნდა მოხდეს, დაგვჭირდება სამი-ოთხი თვე, ვიდრე შესაძლებელი იქნება გარკვეული აქტიური მოქმედებების დაწყება“.

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტში ნატოს ცალკეული ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის სამხედროების მონაწილეობა, რუსეთთან ომში ალიანსის ჩართვა იქნებოდა.

„ვფიქრობ, რომ ასეთი ომი არავის სურს, რადგან, მიუხედავად რუსეთის არმიისა და რუსეთის სახელმწიფოს მთელი სისუსტისა, ასეთი სცენარის შემთხვევაში, ძალიან სავარაუდოა, რომ ისინი (რუსები) ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას მიმართავენ. მოსკოვმა ამაზე არაერთხელ მიანიშნა. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ თითოეული გონიერი პოლიტიკოსი, ჩემი აზრით, გამორიცხავდა ასეთ ვარიანტს [ნატოს ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში]“, - თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი და ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, 14 ივნისი, 2023 წ.
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი და ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, 14 ივნისი, 2023 წ.

პეტრ პაველმა, რომელიც 2015-2018 წლებში ნატოს სამხედრო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ალიანსის მომდევნო სამიტზე იგი მოელის „უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების შესახებ მძლავრი ფორმულირებების მიღებას“. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზე ასევე მოსალოდნელია, რომ ამჟამინდელი ნატო-უკრაინის კომისიის სტატუსი ნატო-უკრაინის საბჭოს დონემდე ამაღლდება.

„ჩვენ ამას უნდა ვუწოდოთ „რუსეთის ომი“

ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებისთვის პასუხისმგებლობა, პუტინის და კრემლის გარდა, რუსეთის საზოგადოებასაც ეკისრება.

პეტრ პაველი: „მე ძალიან ხშირად მესმის არგუმენტი, რომ ჩვენ უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა აღვიქვათ, როგორც მხოლოდ „პუტინის ომი“, და არა როგორც „რუსეთის ომი“. ეს უხეირო არგუმენტია. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლითაც პუტინი სარგებლობს. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენი ადამიანი უჭერს ომს მხარს, მეტიც, რამდენი ადამიანი მოუწოდებს სხვა ქვეყნებზე ომის გავრცელებისკენ. ამიტომ ჩვენ ამას უნდა ვუწოდოთ „რუსეთის ომი“ [Russian war - ომი, რომელსაც რუსეთი ეწევა - რთ]“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა. ამასთან, პეტრ პაველი დარწმუნებულია, რომ ყოველთვის არის შანსი რუსეთში ისეთი ადამიანების პოვნისა, რომლებთანაც შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა და რომლებიც იმედს აჩენენ, რომ რუსეთი შეიცვლება.

დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ რუსეთის ყველა მოქალაქეს უფრო გულდასმით უნდა ვუთვალთვალოთ, ვიდრე ადრე. ვინაიდან ისინი არიან იმ ნაციის მოქალაქეები, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს...

„თუ ჩვენ დღევანდელ რუსეთს შევხედავთ, ყველა ადამიანი როდია რეჟიმით კმაყოფილი. მაშინაც, თუ პუტინისა და ომის მხარდაჭერა 75-80%-ს შეადგენს, რა ვუყოთ დანარჩენ 20 და მეტ პროცენტს? დარწმუნებული ვარ, რომ ყველა რუსი არ არის კმაყოფილი დანაკარგებით, თავიანთი ცხოვრების დონის დაქვეითებით, მთელი რიგის საქონლის არარსებობით, მოგზაურობის შესაძლებლობის არქონით და ასევე, იმით, რომ ამიერიდან რუსების რამდენიმე თაობას ჩათვლიან ბარბაროსებად იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს“, - აცხადებს პეტრ პაველი.

ჩეხეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის სხვადასხვა კონფერენციებზე შეხვედრია რუსეთის ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს, რომლებსაც მნიშვნელოვან პიროვნებებად მიიჩნევს იმისდა მიუხედავად, რომ ისინი არ სარგებლობენ ფართო მხარდაჭერით რუსეთში.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მოსმენა, რადგან ისინი ფლობენ რუსეთის შესახებ ღრმა შინაგან ცოდნას; მათ შეუძლიათ ჩვენ ეს გვიამბონ, რადგან არცთუ ისე ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ესმის, თუ როგორ ფიქრობენ რუსები“, - ამბობს პაველი. ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტი ალბათ პირველი ლიდერია დასავლეთში, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ომის გამო ევროპაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს.

„მე ვთვლი, რომ, როგორც წარსულში რიგი მსოფლიო კონფლიქტების შემთხვევაში, ამ გაჭიანურებული ომის დროსაც რუსეთის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების ზომები უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე მშვიდობის დროს. ასე რომ, დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ რუსეთის ყველა მოქალაქეს უფრო გულდასმით უნდა ვადევნოთ თვალყური ვიდრე ადრე. ვინაიდან ისინი არიან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებს. მე, შესაძლოა, მეცოდებოდეს ეს ადამიანები, მაგრამ, თუ ჩვენ იმ დროს გავიხსენებთ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა, მაშინ ასეთი მკაცრი დაკვირვების რეჟიმის ქვეშ იმყოფებოდა აშშ-ში მცხოვრები მთელი იაპონური მოსახლეობა. ასეთია უბრალოდ ომის ფასი“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, რომელმაც იქვე დააზუსტა, თუ რას გულისხმობდა „მონიტორინგში" - „მხედველობაში მაქვს სპეცსამსახურების მხრიდან მეთვალყურეობა“, - თქვა პეტრ პაველმა.

მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის ხელისუფლებამ 125 ათასი იაპონური წარმოშობის პირი, მათ შორის ათობით ათასი ამერიკის მოქალაქე, იძულებით მოათავსა „გადაადგილების სამხედრო ცენტრებში“, რომლებსაც დღეს ბევრი უწოდებს საკონცენტრაციო ბანაკებს. 1948 წლიდან აშშ კომპენსაციას უხდიდა ამ ბანაკების ცოცხლად დარჩენილ პატიმრებს, ხოლო 1980-იანი წლების ბოლოს ხელისუფლებამ მათ ოფიციალური ბოდიში მოუხადა.
XS
SM
MD
LG