Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე


ბორის კოლარი, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე
ბორის კოლარი, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე

თბილისში ვიზიტით მყოფმა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ბორის კოლარმა ავსტრიელ, ჩეხ და ქართველ კოლეგებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "უარი უნდა ვთქვათ" ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამო ნაბიჯების გადადგმაზე.

მისივე თქმით, ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველოს შესაძლოა, ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"ევროკავშირში გაწევრიანება არაა მარტივი პროცესი, მაგრამ მთლიანი გზა, მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი. უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე.

ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავიხადეთ ევროინტეგრაცია და საქართველოშიც ეს აუცილებლობაა, რომ ყველა - პოზიცია, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი - იყოს ერთიანი ევროკავშირის მისწრაფებებში. მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება. ნორმალურია ყველა ქვეყანაში ეს განსხვავებები, მაგრამ თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, ამით საზოგადოებას ვაყენებთ ზიანს, მათ მომავალ განვითარებას და ხდება დეზინფორმაცია. მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკოსმა შექმნას კონტაქტები, ერთიანობის ხიდები ააშენოს", - თქვა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ბორის კოლარმა ერთობლივ ბრიფინგზე.

დღეს თბილისში ვიზიტით მყოფი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარი, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სობოტკა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვა ადამოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სამივე სახელმწიფოსთან ხანგრძლივი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

სლავკომის სამეულს ორბელიანების სასახლეში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ილაპარაკეს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. უწყების ინფორმაციითვე, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და აღინიშნა, რომ ის ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური გამოწვევაა, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი კი - საერთაშორისო სოლიდარობა.

XS
SM
MD
LG