Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლატვიელი მზად უნდა იყოს, დაიცვას ქვეყანა და ოჯახი ნებისმიერი გზით“. ინტერვიუ ლატვიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან


ლეონიდს კალნინში - ლატვიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი
ლეონიდს კალნინში - ლატვიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი

ლატვიის შეიარაღებული ძალების სარდალი ლეონიდს კალნინში რადიო თავისუფლების პროექტის, The Current Time-ის ჟურნალისტს ელაპარაკა ჯარში გაწვევის, სახალხო ლაშქრისა და ევროპაში სამხედრო ინდუსტრიის განვითარების შესახებ და იმაზეც, ემუქრება თუ არა სუვალკის დერეფანი ლატვიისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას.

ლატვია NATO-ს წევრი ქვეყანაა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა იცავს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური რიგა და ლატვიელი სამხედროები მხოლოდ სხვის იმედად არიან.

ლეონიდს კალნინში ასევე საუბრობს უკრაინაში მიმდინარე ომზე. მისი თქმით, „ამჟამად არც რუსეთისთვის და არც უკრაინისთვის არ არის მომგებიანი ომის დროებით შეჩერება. რუსეთს სჭირდება თუნდაც მინიმალური გამარჯვება, თუმცა ჯერჯერობით მას ასეთი გამარჯვება არ აქვს“.

- ლატვიამ ხელი მოაწერა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების Naval Strike Missile-ისა და IrisT სისტემების შესყიდვის შეთანხმებებს. ეს სისტემები გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას და საშუალებას მისცემს მის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს, უპასუხოს შესაძლო საფრთხეებს. როგორ აფასებთ საფრთხის დონეს ბალტიის რეგიონში?

- უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა ახლა საკმაოდ სტაბილურია. პირველ რიგში, ლატვიის ნატოში, მძლავრ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების წყალობით. მივაღწიეთ იმას, რომ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა.

უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში მაქსიმალურად გვყავს ჩართული საზოგადოება. ჩვენ ძალიან ღიად და გულწრფელად ვატყობინებთ საზოგადოებას, თუ რამდენად მზად ვართ დავიცვათ ქვეყანა და რა მთავარი საფრთხეების წინაშე ვდგავართ ახლა. ეს ყველაფერი კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში ხდება. მე შემიძლია განვუცხადო ლატვიის საზოგადოებას და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოკავშირეებს, რომ ლატვია ახლა უსაფრთხოდაა.

- ლატვია ნატოს ქვეყანაა, ვიცით, თავდაცვის როგორი მექანიზმი მოქმედებს ამ ორგანიზაციაში. მაგრამ ფიზიკურად რამდენად არის მზად ლატვია შესაძლო თავდასხმისთვის? მაგალითად, თუ რუკას დავაკვირდებით, რუსეთის საზღვრიდან რიგამდე მხოლოდ 250 კილომეტრია. შეუძლია კი ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს ამ მარშრუტზე წინააღმდეგობის გაწევა?

- ჩემი მხრიდან და თავდაცვის სამინისტროსა და ლატვიის მთავრობის მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო იქნებოდა, მხოლოდ ჩვენი მოკავშირეების იმედად რომ ვყოფილიყავით. ამიტომ, თავიდანვე, როგორც კი ლატვიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დავიწყეთ თავდაცვის სისტემის მშენებლობა და დღემდე ვაგრძელებთ მის მშენებლობას.

ნატოს ხელშეკრულებაში არის სხვა მუხლები, რომლებიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობებს გვაკისრებენ ვალდებულებებს, შევქმნათ ძლიერი ეროვნული თავდაცვის სისტემები.

მანძილი რიგამდე მართლაც მცირეა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვითვალისწინებთ სხვადასხვა სამხედრო დანაყოფისა და საბრძოლო ტექნიკის განაწილების დროს. მაგალითად, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ თქვენ მიერ ნახსენები საჰაერო თავდაცვის სისტემები. ჩვენ ვქმნით ყოვლისმომცველ ეროვნულ თავდაცვის სისტემას და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ შეიარაღებული ძალები და სახალხო ლაშქარი როდი არიან. ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და მთლიანად მთელი საზოგადოება. ეს ის ძალაა, რომელიც გვისახავს თავდაჯერებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ადეკვატურად ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს მოკლე დროში.

- ყოველწლიურად ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალები მოკავშირე ძალებთან ერთად ატარებენ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებს. წელს სწავლება კონცენტრირებული იყო აღმოსავლეთ ლატვიაში. ამასთან, აღინიშნა, რომ წვრთნების ერთ-ერთი მიზანია არმიასა და პოლიციას, მესაზღვრეებსა და შინაგან საქმეთა სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის შემუშავება. რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ წვრთნებიდან?

- არ მინდა შეიარაღებული ძალების ზედმეტად ქება, მაგრამ ამ წვრთნების დროს ჩვენ გავითამაშეთ მოულოდნელი თავდასხმის სცენარები. დანაყოფებს უწევდათ დასახული ამოცანების შესრულება უჩვეულო გარემოში, მათ შორის, გეოგრაფიულ გარემოში. მათ წარმატებით გაართვეს თავი დავალებას. სწავლების მონაწილეებმა გამოავლინეს მოქნილად აზროვნების, მობილურობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. ჩვენ ეს ყველამ ერთად ვნახეთ. საზოგადოებამაც კარგად მიიღო ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და მოკავშირეთა ქვედანაყოფები, რომელთა გამოჩენას სხვადასხვა ლოკაციაზე ძალიან დადებითად ხვდებოდნენ.

- თუმცა მთელი საზოგადოება არ ყოფილა დადებითად განწყობილი. ჩვენ ვნახეთ განსხვავებული კომენტარები სოციალურ ქსელებში და ზოგჯერ ეს კომენტარები არალოიალური იყო. როგორ შეაფასებთ ამას? გაგიკვირდათ?

- არა, არ გამკვირვებია. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება არასოდეს იქნება მონოლითური თავისი აზროვნებითა და აღქმებით. ეს ალბათ ნორმალურია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ჩვენ არ ვართ ავტორიტარული ქვეყანა. საზოგადოება არც სხვა ქვეყნებშია მონოლითური, მაგალითად, თუ გადავხედავთ დასავლეთ ევროპას ან ცენტრალურ აზიას.

ნორმალურია განსხვავებული აღქმა. სხვა საქმეა, რომ მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავარწმუნოთ ჩვენი მოქმედებების სისწორეში საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ეჭვი ეპარება ან განსხვავებული აზრი აქვს, ან იმყოფება მტრული პროპაგანდის გავლენის ქვეშ.

ჩვენი ამოცანაა ვიმუშაოთ საზოგადოების ამ ნაწილთან, ვიპოვოთ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს მათი წარმოდგენა იმაზე, რაც ხდება. ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ლატვიის სახელმწიფო მნიშვნელოვანი, ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ცხოვრობენ ისინი ლატვიაში, მაგრამ ფიქრობენ ლატვიის საზოგადოების უმრავლესობისგან განსხვავებულად. რატომ უჭერენ მხარს თავიანთი ნარატივებით ლატვიის მიმართ მტრულად განწყობილ ძალებს.

- ასევე მინდა გკითხოთ ეროვნულ შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის შესახებ. ერთი მხრივ, ვსაუბრობთ შიდა და გარე უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ახლა შინაგან საქმეთა სტრუქტურებში მძიმე მდგომარეობაა, რადგან შეინიშნება კადრებისა და დაფინანსების ნაკლებობა, მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტროს გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტად არის გამოცხადებული. თქვენ როგორ ხედავთ სიტუაციას?

- მე უკვე ვახსენე ისეთი ცნება, როგორიც არის ქვეყნის საყოველთაო უსაფრთხოება. თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ შინაგან საქმეთა სტრუქტურებთან - პოლიციასთან, საზღვრის დაცვის სამსახურთან, მაშინ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა ძალიან სუსტი იქნება. სხვადასხვა სტრუქტურას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ თანამშრომლობას მრავალი წელია ვაძლიერებთ და მომავალშიც გავაძლიერებთ.

შიდა უსაფრთხოება და საგარეო თავდაცვა - ერთი მთლიანობის ნაწილებია. მხარს ვუჭერ შინაგან საქმეთა სტრუქტურების თანამშრომლებისთვის სოციალური გარანტიების გაზრდას და მათ გათანაბრებას შეიარაღებული ძალების მებრძოლთა სოციალურ დაცვასთან. ხელფასები თანაბარი უნდა იყოს, რათა სტრუქტურებმა პერსონალს შესთავაზონ კონკურენტული პირობები. ეს პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვცდილობთ ამ საკითხის მოგვარებას, მათ შორის, სახელმწიფო თავდაცვის სამსახურის შექმნით, რაც გაწვევითი ჯარის დაბრუნებასაც გულისხმობს.

- გაწვევის აღდგენაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით, ახლა კი მინდა გკითხოთ ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე შექმნილი ვითარების შესახებ. ვგულისხმობ სიტუაციას მიგრანტებთან დაკავშირებით, რაც აქტუალურია არა მხოლოდ ლატვიაში, არამედ ესტონეთსა და ფინეთშიც. ერთი კვირა გავატარე ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე. ვნახე, როგორ მუშაობს იქ საზღვრის დაცვის სამსახური და როგორ ხდება თანამშრომლობა სხვადასხვა სტრუქტურას შორის. რა ვითარებაა ახლა ლატვიის საზღვარზე? ცნობილია, რომ ეროვნული შეიარაღებული ძალები ეხმარებიან მესაზღვრეებს საზღვრის პატრულირებაში.

- ზამთრის დადგომასთან ერთად შემცირდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის როგორც მცდელობები, ასევე მიგრანტების რაოდენობა. თუმცა, ამის მიუხედავად, უწყვეტად მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი, ჩვენ არ ვაპირებთ საზღვრიდან არსად წასვლას - განვაგრძობთ ჩვენი ფუნქციის შესრულებას საზღვრის დაცვის სამსახურის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

საზღვრის უსაფრთხოება ეროვნული შეიარაღებული ძალების პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვიცავთ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ახლა ზამთარში, ალბათ, სიცივის გამო, მიგრანტების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ არ მგონია, რომ ბელარუსში რაიმე შეიცვალა და ბელარუსის ხელისუფლება აღარ გამოიყენებს ამ უბედურ ხალხს ლატვიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად.

- ბოლო ორი წელია, უსაფრთხოებაზე საუბრისას საკითხს განვიხილავთ უკრაინის ომის კონტექსტში. არსებობს მოსაზრება, რომ თუ რუსეთი დაამარცხებს უკრაინას, მაშინ შემდეგი შეტევა შეიძლება განხორციელდეს ნატოს ქვეყნებზე და ბალტიისპირეთი ამ თვალსაზრისით შეიძლება იყოს თავდასხმის ერთ-ერთი მიმართულება. ასეთ დაშვებას აკეთებენ ექსპერტები. თქვენ როგორ აფასებთ ამგვარ სცენარს?

- ბალტიის ქვეყნები იქნებიან სამიზნე თუ სხვები - ეს ყველაფერი სპეკულაციაა. მაგრამ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში, ნებისმიერი წარმატება, რუსეთს მისცემს შემდგომი მოქმედების ფსიქოლოგიურ საფუძველს. არა ლეგიტიმურ, არამედ ფსიქოლოგიურ საფუძველს. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ მათ შეუძლიათ განახორციელონ ნებისმიერი აგრესიული ქმედება, რომელიც შეესაბამება მათ იმპერიალისტურ ინტერესებს. ისინი აღარ დაგიდევენ არანაირ საერთაშორისო იურისდიქციას. სწორედ ამაზეა ახლა საუბარი.

არ მინდა აქცენტის იმაზე გაკეთება, თუ ვინ იქნება რუსეთის მომავალი სამიზნე - ბალტიის ქვეყნები თუ ნატოს რომელიმე სხვა ქვეყანა. ასეთივე წარმატებით ეს შეიძლება იყოს მოლდოვა ან ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყანა. ამ შემთხვევაში უფრო მეტად გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, რომ უკრაინის ფრონტზე ნებისმიერ გამარჯვებას რუსეთი გამოიყენებს მორიგი აგრესიის საფუძვლად.

- თუ გეოგრაფიული თვალსაზრისით ვისაუბრებთ, მაშინ ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნატოს აღმოსავლეთი საზღვარი, არამედ ეგრეთ წოდებული სუვალკის დერეფანი, ტერიტორია კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს შორის. პოლონეთი ძალ-ღონეს არ იშურებს ამ ვიწრო ყელის გასამაგრებლად. როგორ ფიქრობთ, ეს დერეფანი ნამდვილად სუსტი რგოლია ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ჯაჭვში?

- სუვალკის დერეფანი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ დიდად იმოქმედოს ბალტიის რეგიონის უსაფრთხოებაზე. არ მსურს თავდაცვის ახალი გეგმების დეტალებში შესვლა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ნატოს მთელი გუნდის ფარგლებში, შევძლოთ სათანადო რესურსების უზრუნველყოფა და დანაყოფების გაძლიერება ალიანსის მთელ ტერიტორიაზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვა საქმეა, რომ სუვალკის დერეფანი მნიშვნელოვანია ტაქტიკურ დონეზე. შესაბამისად, სწორია, როცა ეს საკითხი პოლონეთის და ლიტვის მხარეებს აშფოთებთ.

- კიდევ ერთი შეკითხვა ბალტიის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით: მინდა გკითხოთ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ. ეს ასევე იწვევს გარკვეულ შეშფოთებას, ჩვენ ვხედავთ ცნობებს ბალტიის ზღვაში გაზსადენებისა და კაბელების დაზიანების შესახებ. რა ყურადღება ექცევა ამჟამად ლატვიაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას? იცავს თუ არა ჯარი ინჩუკალნსის გაზსაცავს?

- ეს არის ეროვნული შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ამოცანა. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი წესრიგშია. დიდი ყურადღება ეთმობა საკომუნიკაციო ხაზებს და ენერგომომარაგების სისტემებს. ჩვენს რესურსებს მივმართავთ ამ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე. ყველაფერს ვაკვირდებით, ამიტომ ამ თვალსაზრისით ლატვიას სანერვიულო არაფერი აქვს.

- ჩავუღრმავდეთ უკრაინის ომის თემას. ზოგადად, როგორ აფასებთ იმას, რაც ახლა ფრონტზე ხდება? როგორი შეიძლება იყოს პერსპექტივები მომდევნო თვეებისთვის?

- მე არ ვარ გენერალი ზალუჟნი და არ შემიძლია ყოვლისმომცველი შეფასების გაკეთება. მაგრამ, ჩემი აზრით, შესაძლებელია ელემენტარული ანალიზის გაკეთება და იმაში დარწმუნება, რომ ოპერაციის შედეგი ყოველთვის დამოკიდებულია არსებულ რესურსებზე. დამოკიდებულია მეთაურის ნიჭზე, გამოიყენოს სიტუაცია თავის სასარგებლოდ და იმაზეც თუ რამდენად დასუსტებულია მოწინააღმდეგე. ამიტომ, თუ დღეს ვინმე ამბობს, რომ უკრაინა წარუმატებლობას განიცდის ან არ მიმდინარეობს ფართოდ რეკლმირებული კონტრშეტევა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინული ძალები მარცხდებიან.

უკრაინამ არ დათმო თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისინი აკავებენ აღმატებულ ძალებს - ახლა მტრის ძალები ორჯერ ან სამჯერ აღემატება უკრაინის არმიის შეიარაღებულ ძალებს როგორც ადამიანური რესურსის, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ფაქტობრივად, დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ნებისყოფის წყალობით მოახერხეს ფრონტის გამართვა ძალიან რთულ პირობებში. უნდა გვახსოვდეს, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან მათ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიების 40%-ის დაბრუნება. სამომავლო პერსპექტივები კი დამოკიდებულია როგორც თავად უკრაინელების უნარზე, მოახდინონ საკუთარი რესურსების მობილიზება, ასევე იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და შეერთებული შტატებიდან.

- ამ დამატებითი მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გაიმარჯვებს?

- მხარდაჭერა უნდა იყოს ყველა სფეროში. ვერ იტყვი, ავიაცია რომ იყოს, ყველაფერი კარგად იქნება. ყველა სფეროში საჭიროა რესურსები: მრავალნაირი ამუნიცია, პერსონალის გაწვრთნა და საკუთრივ თავად პერსონალიც, რადგან ნატოს ქვეყნებიდან იქ არავინ იბრძოლებს, მხოლოდ თავად უკრაინელები თუ იომებენ.

- გაქვთ ინფორმაცია ლატვიელ სამხედროებზე, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იბრძვიან?

- აქ არანაირი საიდუმლო არ არის: ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო მათთან, ვინც უკრაინაში იბრძვის. ლატვიის ის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ჩვენგან მხარდაჭერას არ იღებენ. ჩვენ არ ვამარაგებთ მათ აღჭურვილობით, არავის ვაგზავნით იქ. მათ არანაირი ვალდებულება არ აქვთ, აცნობონ ლატვიის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო ზონაში გამგზავრების შესახებ.

- მაგრამ თქვენ ხომ თანამშრომლობთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, ალბათ ეს ინფორმაციაც გაქვთ?

- ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, უკრაინაში მყოფი ლატვიელები კი ამ ტიპის ინფორმაციას დიდი ხალისით არ გვიზიარებენ. ჩვენთვის, ისევე როგორც თქვენთვის, მხოლოდ სოციალური ქსელებიდანაა ცნობილი რამდენიმე სახელი, ასევე ვიცით ომში დაღუპული ლატვიელის შესახებ. ჩვენ არასდროს დაგვისახავს მიზნად ამ ინფორმაციის მოპოვება.

ამას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობაც: უცხოური ლეგიონის ეს ჯარისკაცები ყოველთვის არ იმყოფებიან უკრაინაში. ოთხი თვის სამსახურის შემდეგ, მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ ლატვიაში ან წავიდნენ სადმე სხვაგან. ამიტომ უკრაინული მხარე მსგავს სტატისტიკას არ გვაწვდის. შესაძლოა მერე შევიტყოთ, როცა ომი დასრულდება.

- სულ უფრო მეტი ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინაში ომი გაჭიანურდება. არადა, სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უკვე თითქმის ორი წელი გავიდა. არსებობს შეშფოთება, რომ აქტიური საომარი მოქმედებების დროებით შეჩერებით, რუსეთს ძალების მოკრებისა და ომის გაგრძელების საშუალება მიეცემა. ეთანხმებით ამას?

- ჯერჯერობით არც რუსეთისთვის და არც უკრაინისთვის არ არის მომგებიანი ომის შეჩერება, პაუზის გაკეთება. რუსეთს სჭირდება თუნდაც მინიმალური გამარჯვება. ჯერჯერობით მას ასეთი გამარჯვება არ აქვს. ეს სურვილი დაკავშირებულია როგორც მოახლოებულ არჩევნებთან, ასევე მოსახლეობის მოტივაციასთან.

გადაუმოწმებელი, მაგრამ მრავალი წყაროს ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 70% მხარს უჭერს ომს. ამის გამო, ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში საომარი მოქმედებების გაყინვას არ უნდა ველოდეთ. ვიდრე რუსეთი შეძლებს მოსახლეობის მობილიზებას ფრონტზე გასაგზავნად და სამხედრო ინდუსტრიის შენახვას, ის არ შეცვლის თავის გეგმებს.

- მთლიანობაში უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეფასებისას, რა დასკვნების გამოტანა შეიძლება? ეს არის ომი, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რა დიდ როლს თამაშობენ დრონები; ალბათ ღირს ამ სფეროს განვითარება. Სხვა კიდევ რის თქმა შეიძლება?

- სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ომი ძალიან არაჰუმანური საშუალებაა იმ ტაქტიკური უნარებისა და ტექნოლოგიების შესამოწმებლად, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის განვითარებისთვის. თქვენ მიერ ნახსენები დრონები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იღებენ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს არა სამხედრო თეორეტიკოსები, არამედ ჩვეულებრივი სამხედროები სანგრებში.

რაც ძალიან გამიკვირდა, იყო ე.წ. ელექტრონული ომი - ელექტრონული საბრძოლო მოქმედებები. ეს არის კომუნიკაციის დაზიანება, ცრუ მანევრები კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებით. ამ ყველაფერმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში ამ სფეროს, კიბერუსაფრთხოების განვითარება. ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს სხვადასხვა დონესა და სხვადასხვა ტერიტორიებზე არა მარტო უკრაინასა და რუსეთში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც.

ამას უკვე ვხედავთ ბალტიის ქვეყნებში: დაწყებული საზღვარზე მიგრანტების კრიზისიდან, დამთავრებული სკოლებსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებზე კიბერთავდასხმებით.

- ახლა ჩნდება ინფორმაცია ევროპის ბაზარზე იარაღის შესაძლო დეფიციტის შესახებ. ეს დეფიციტი უკვე იგრძნობა?

- გვაქვს ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, რომ მოვასწარით შეიარაღების სისტემების შესყიდვაზე კონტრაქტების გაფორმება, სულ მალე საარტილერიო რაკეტების შესყიდვის თაობაზე კიდევ ერთ შეთანხმებას მოეწერება ხელი. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ახლა თითოეულმა ქვეყანამ უნდა განავითაროს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამ მხრივ ჩვენ საკმაოდ წარმატებულები ვართ.

არცთუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლებიც საკუთარ ჯავშანტექნიკას აწარმოებენ. მაგალითად, მანქანები Patria მთლიანად ეწყობა აქ, ლატვიაში. ახლა სწორედ ამ მიმართულებას ვავითარებთ, დაარსდა სამხედრო კორპორაცია. თუ ლატვიის ფარგლებს გარეთ საბრძოლო მასალის დეფიციტი შეიქმნება, დანაკლისს საკუთარი წარმოებით შევავსებთ. თუმცა აბსოლუტურად მართალი ხართ, მატარებელი სახელად „ევროპის სამხედრო ინფრასტრუქტურა“ ძალიან ნელა ზრდის სიჩქარეს. არადა, ახლა მოთხოვნა ძალიან მაღალია.

- თქვენ ახსენეთ, რომ ლატვია მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, საკუთარ ჯავშანტექნიკას აწარმოებს. მთლიანობაში როგორ ვითარდება ეროვნული შეიარაღებული ძალები ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში? გასაგებია, რომ არის თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნები, რომ ესაა ერთიანი რეგიონი მსგავსი პრობლემებით. მაგრამ რამდენად ხდება ეს განვითარება თანაბრად და სინქრონულად?

- სწორად თქვით: სინქრონულად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი თანამშრომლობა დაიწყო მაშინვე, როგორც კი ბალტიის სამივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას შემდეგ ეს თანამშრომლობა მხოლოდ ვითარდება და ღრმავდება. მაშინაც კი, თუ ოდნავ განსხვავებულ იარაღს ვყიდულობთ, მთლიანობაში, ბალტიის ქვეყნებს აქვთ თავდაცვის ერთიანი სისტემა. ჩვენ სინქრონიზებული გვაქვს ჩვენი მოქმედებები.

- ლატვიაში, ფაქტობორივად, აღადგინეთ სამხედრო სავალდებულო გაწვევა, თუმცა თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არ შეიძლება არსებული სისტემის საბჭოთა წლებში არსებულ გაწვევის სისტემასთან შედარება. გავიდა ერთი წელი ამ სიახლის დანერგვიდან: როგორია პირველი დასკვნები?

- პირველი დასკვნა არის ის, რომ ნებისმიერ პროექტში წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია ყველა საჭირო რესურსის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია ნორმალური ინფრასტრუქტურა, პროფესიონალი ინსტრუქტორების საკმარისი რაოდენობა, კარგი აღჭურვილობა, ეკიპირება და ფორმები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წვევამდელი ყოველდღე იყოს დაკავებული კონკრეტული ამოცანებითა და წვრთნებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წვევამდელი თავს გრძნობდეს იმ სამხედრო მოსამსახურეების ტოლად და სწორად, რომლებსაც პროფესიული კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. ჩვენ ეს ყველაფერი მოვახერხეთ.

ეს არაა ის სამხედრო სამსახური, რომელიც ადრე იყო. ეს არის სახელმწიფო თავდაცვის ახალი სამსახური, რომელიც პროფესიონალური არმიისგან მხოლოდ ვადით განსხვავდება: გაწვევა ხდება მხოლოდ 11 თვით. სხვა ყველაფრით პროფესიონალურ არმიას ჰგავს: წვრთნა, დავალებების შესრულება, ვარჯიში, მათ შორის საზღვარგარეთ. მაგალითად, ლატვიელი წვევამდელები ახლა ავსტრიაში გადიან მომზადებას.

წვევამდელებს ზუსტად პროფესიონალი სამხედროების მსგავსი ფორმა და იარაღი აქვთ. თუ მეცადინეობები არ აქვთ, შაბათ-კვირაობით მათაც შეუძლიათ სახლში წასვლა. ეს ციხე აღარ არის, როცა წვევამდელი ყაზარმიდან ვერ გამოდიოდა და ღობეებზე ძვრებოდა, რათა სახლში გაქცეულიყო. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. ამიტომ მჯერა, რომ თუ ასეთი სულისკვეთებით გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენს ჯარში მხოლოდ მოხალისეები იმსახურებენ. ამ ეტაპზე გაწვევა ხდება შემთხვევითობის პრინციპით. რეესტრიდან კომპიუტერში შეტანილია 18 წელზე უფროსი ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების მონაცემები. კომპიუტერი, გარკვეული ალგორითმის გათვალისწინებით, აკეთებს არჩევანს. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს პროპორცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კონკრეტულ რეგიონში ან კონკრეტულ ქალაქში.

- გამოდის, რომ ლატვიაში არის პროფესიონალი ჯარი, სახელმწიფო თავდაცვის სამსახური და კიდევ უფრო დიდი სტრუქტურა - სახალხო ლაშქარი. როგორ ხედავთ სახალხო ლაშქრის როლს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში? მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში უნდა აიღოს თუ არა ქვეყნის ყველა მცხოვრებმა იარაღი? თუ სხვა რამე იგულისხმება?

- ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო ლაშქრის როლი სახელმწიფო თავდაცვის სისტემაში. ჩვენ კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ამ სტრუქტურას ტექნიკური აღჭურვილობითა და სათანადო წვრთნებით. ვეცდებით მოტივაციის ამაღლებით რაც შეიძლება მეტი ლატვიელი შევიდეს სახალხო ლაშქრის რიგებში. როგორი წარმომიდგენია ლატვიის მოქალაქე? უპირველეს ყოვლისა, ადამიანი მზად უნდა იყოს ლატვიის დასაცავად. ნებისმიერი საშუალებით. ადამიანი მზად უნდა იყოს, დაიცვას თავისი ოჯახი კრიზისულ სიტუაციაში. ეს შეიძლება სულაც არ იყოს დაკავშირებული სამხედრო მოქმედებებთან. ადამიანს, რომელიც მზად არის აქტიურად იმოქმედოს, აქვს არჩევანი: გაწევრიანდეს სახალხო ლაშქარში, ან წავიდეს ჯარში, ან, მაგალითად, გაიაროს რეზერვისტების მომზადების კურსი. მე ვხედავ ლატვიის საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ლატვიის ორმაგი ოკუპაცია (1)
please wait

No media source currently available

0:00 0:25:46 0:00
გადმოწერა

- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ლატვიამ უნდა ისწავლოს თავისი სამხედრო ისტორიიდან?

- ყველაზე დიდი ზიანი მივიღეთ მაშინ, როცა ჩვენ, როგორც ერმა, ორი უცხო არმიის ფორმა ჩავიცვით. ერთი ოთხი წელი ვატარეთ, მეორე - ორმოცდაათი წელი. ასეთი რამ აბსოლუტურად მიუღებელია. ლატვიის შეიარაღებულ ძალებს 1940 წელს უნდა დაეცვა ქვეყანა იარაღით ხელში. არ მინდა ეს შეცდომა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ არც ახლა და არც მომავალში. მინდა, ჩვენ, ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა, შევძლოთ ჩვენი მთავარი ამოცანის შესრულება - დავიცვათ ლატვიელი ერი, მისი თითოეული წევრი, ცალკე აღებული ადამიანი, როგორც სახელმწიფოს მთავარი ღირებულება.

XS
SM
MD
LG