პოლონეთის თანახმად, მიგრანტთა ჯგუფმა სცადა, უკანონოდ გადმოეკვეთა საზღვარი ბელარუსის მხრიდან. ვარშავის თქმით, მინსკის უკანასკნელი განცხადება, რომ ის მიგრანტების რეპატრიაციას ახდენს, არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის დეესკალაცია.
პოლონეთის ხელისუფლებამ ეს გაფრთხილება 23 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამასობაში ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბლოკი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტს ამზადებს. ბრიუსელის თქმით, მინსკს სანქციები უწესდება ევროკავშირზე „ჰიბრიდული თავდასხმისთვის“ - ახლო აღმოსავლეთიდან ათასობით მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ჩამოყვანისა და პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საზღვრებისკენ მათი მიყვანისთვის.
ბელარუსს ბრალად ედება ევროკავშირის დესტაბილიზაცია პასუხად ევროკავშირის მიერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმისთვის დაწესებულ სანქციებზე, რაც ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების სასტიკად ჩახშობას მოჰყვა. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას ბრალად სდებენ 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას.
გასულ კვირაში ბელარუსის ხელისუფლებამ დაცალა მიგრანტთა ბანაკები და რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად დაუშვა მიგრანტთა რეპატრიაცია ერაყში.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 22 ნოემბერს ქვეყანა დატოვა 118-მა მიგრანტმა და განაცხადა, რომ 23-ში მეტი გაფრინდებოდა.
მაგრამ პოლონეთის ხელისუფლებით თქმით, ბელარუსის საზღვარზე ახალი ინციდენტები იმას მეტყველებს, რომ ლუკაშენკას არ დაუთმია თავისი გეგმა, მიგრანტები იარაღად გამოიყენოს ევროკავშირთან დაპირისპირებაში.