Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუვალკის დერეფნისკენ 100-ზე მეტი „ვაგნერელი“ გადაისროლეს - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი


მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი
მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

ბელარუსში მყოფი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" 100-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვარზე მდებარე ე.წ. სუვალკის დერეფნის ტერიტორიაზე გადაისროლეს, - ამის შესახებ შაბათს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მონაცემებით, დაქირავებულები ბელარუსის ქალაქ გროდნოს მიდამოებში არიან განლაგებულნი. მორავიეცკიმ ამას უწოდა "ნაბიჯი პოლონეთის ტერიტორიაზე ახალი ჰიბრიდული თავდასხმისკენ".

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ბელარუსის ტერიტორიიდან აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან, პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობების შემთხვევები. პოლონეთის ხელისუფლება მინსკსა და მოსკოვს ადანაშაულებს ამ მცდელობების ორგანიზებაში პოლონეთსა და ევროკავშირში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. მორავიეცკის თქმით, კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულებს შეუძლიათ დაეხმარონ მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში, ან როგორც მიგრანტებმა, თავად შეეცადონ საზღვრის გადაკვეთას. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ასევე ვარაუდობს, რომ დაქირავებულებს შეუძლიათ ბელარუსის მესაზღვრეთა ფორმები გადაიცვან.

100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს (სუვალკის ყელს) ექსპერტები ნატოსთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. ეს დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან ყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.

მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ სუვალკის დერეფანი არის პოტენციური სამიზნე და ნატოს "აქილევსის ქუსლი" რუსეთის ფედერაციის მხრიდან სავარაუდო თავდასხმის შემთხვევაში.

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი თითქმის გააორმაგებს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას 172 000-დან თითქმის 300 000-მდე. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია. ამის შესახებ BBC იუწყება.

XS
SM
MD
LG