„როგორც აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი აქტიურად ცდილობს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.
„თუმცა, დიდი ალბათობით, „ბრიკსში“ გაწევრებაზე საუბრები არის დიპლომატიური თამაში, რომლის მიზანიც მაქსიმალური ბენეფიტების მოპოვებაა“, - ვარაუდობს ის.
აზერბაიჯანის განაცხადი
აზერბაიჯანმა 2024 წლის ზაფხულში გამოაცხადა, რომ „ბრიკსში“ გაწევრება სურს.
თავდაპირველად ეს მოხდა ივლისის დასაწყისში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე.
ამას წინ უძღოდა ასტანაში ილჰამ ალიევის შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება.
გასულ კვირას, 20 აგვისტოს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქვეყანამ „ბრიკსში“ გაწევრებაზე განაცხადი უკვე ოფიციალურად წარადგინა.
განაცხადს კი წინ უძღოდა ბაქოში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ორდღიანი ვიზიტი 18-19 აგვისტოს.
ჩინეთიც და რუსეთიც, - ინდოეთთან და ბრაზილიასთან ერთად, - ალიანსის დამფუძნებელი წევრები არიან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა დეტალები არ გამოუცხადებია.
თურქეთის განაცხადი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი 2024 წლის 3 ივნისს პეკინს ეწვია და განაცხადა, რომ თურქეთი დაინტერესებულია, შეუერთდეს „ბრიკსს“ (BRICS).
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამ ინიციატივას მიესალმა.
თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა - პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში გამოხატა ალიანსში გაწევრების სურვილი. ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც კი გაემგზავრა „ბრიკსის“ სამიტზე დასასწრებად.
თურქეთის განმეორებადი განცხადებები ამ საკითხზე უცნაური იმითაა, რომ იგი - დასავლეთთან ხშირი უთანხმოებების მიუხედავად, - ნატოს წევრი ქვეყანაა. „ნატო“ კი ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული მეტოქეა.
„ბრიკსიც“, - ცალკეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, - საკუთარ თავს მიიჩნევს „დასავლეთის დომინირებული საერთაშორისო წესრიგის“ ალტერნატივად. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაში კი ნატოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.
„ბრიკსი“ - მოკლედ
„ბრიკსი“ წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა. წლების განმავლობაში კლუბი აერთიანებდა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას:
- B: ბრაზილია - სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყანა;
- R: რუსეთი - ამ დრომდე ძირითადი მოთამაშე აზიასა და ევროპაში;
- I: ინდოეთი - მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, სწრაფად მზარდი ეკონომიკით;
- C: ჩინეთი - ახლა რიგით უკვე მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა მსოფლიოში, დიდი ამბიციებით;
- S: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე აფრიკის კონტინენტზე.
აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა, ალიანსში გაწევრება 20-ზე მეტ ქვეყანას სურს.
გაწევრება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც „ბრიკსი“ თავად მიიწვეს ამა თუ იმ ქვეყანას.
ალიანსი 2024 წლის იანვრიდან გაფართოვდა და დაემატა ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.
ვინ შეიძლება ახალი წევრი გახდეს, ჯერ უცნობია.
როგორც თურქეთის, ასევე აზერბაიჯანის შემთხვევაში, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ბრიკსში“ გაწევრება არარეალისტურია, თუმცა მათი განცხადებები „დამოუკიდებელი“ საგარეო პოლიტიკის წარმოების სურვილზე მიუთითებს, - ძირითადად, საკუთარი მზარდი ავტორიტარიზმის დასაცავად.
„საერთოდ გაწევრიანდებიან თუ არა, ეს ცალკე საკითხია - და, დიდი ალბათობით, ეს არის დიპლომატიური თამაში, რომლის მიზანიც მაქსიმალური ბენეფიტების მოპოვებაა“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი.
რა სურს თურქეთს?
რა დივიდენდების მიღება შეიძლება სურდეს თურქეთს?
„შეიძლება ეკონომიკური საკითხები იყოს ინტერესის საგანი, ვინაიდან მიუხედავად საჯაროდ გამოცხადებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა, თურქეთში კვლავ ვერ ხერხდება ეკონომიკური პრობლემების რეგულირება“, - ამბობს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე.
„არის ბიუჯეტის სერიოზული დეფიციტი, ჩრდილოვანი ეკონომიკა ძალიან არის გაზრდილი. ასე რომ, შეიძლება, [ეს განცხადებები] ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად დასავლური ინვესტიციების მოზიდვას ემსახურებოდეს, - თან ისე, რომ დასავლეთმა თურქეთს მეტი დემოკრატიზაცია, ლიბერალიზაცია, სირიაში ინტერვენციისგან თავის შეკავება არ მოსთხოვოს“, - ფიქრობს ის.
„თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, იუჯინ კოგანი, - „პრეზიდენტმა ერდოანმა 2016 წლიდან აქცია ზურგი დასავლურ სამყაროს და მისი რუსეთთან თუ „ბრიკსთან“ გადაკვეთა ახლა არ დაწყებულა. და დასავლეთიც აღარ უყურებს თურქეთს, როგორც სანდო პარტნიორს“.
ამის მიუხედავად, თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე არ ელის, რომ რაიმე სერიოზული გაგრძელება მოჰყვება თურქეთის განცხადებებს:
„თურქეთის დასავლეთის ეკონომიკურ სივრცეზე ძლიერი დამოკიდებულება არ შეცვლილა; არ შეცვლილა ქურთების საკითხი, სირიის საკითხი, ბევრი საკითხი, რაც დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებს ამწვავებდა. ერთი სიტყვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კიდევ ერთი ბლეფია, რათა დასავლეთისგან რაიმეს გამორჩნენ“.
რა სურს აზერბაიჯანს?
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა გაზის ალტერნატიული წყაროების ძიება დაიწყეს, - ერთ-ერთი ასეთი წყარო აზერბაიჯანი აღმოჩნდა. ამან ევროკავშირისათვის აზერბაიჯანის მნიშვნელობა ერთიორად გაზარდა.
თუმცა ევროკავშირის ქვეყნები - გამორჩეულად საფრანგეთი და გერმანია - კვლავ აკრიტიკებენ ხოლმე აზერბაიჯანს მზარდი შეიარაღებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო. მწვავე კრიტიკისგან თავს არ იკავებს არც შეერთებული შტატები.
2023 წლის შემოდგომაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია და რამდენიმე თვის განმავლობაში ალიევი უარს ამბობდა ამერიკელი დიპლომატების მიღებაზე.
„ალიანსის წევრობა ბაქოს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს წვდომა „ბრიკსის“ ქვეყნების დიდ და სწრაფად მზარდ ბაზრებზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლების ცენტრალურ სამსახურს ზაურ შირიევი, „კარნეგის ფონდის“ მკვლევარი.
ეს, მისი თქმით, „პოტენციურად გახსნის ახალ შესაძლებლობებს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისათვის და მოიტანს ინვესტიციებს აზერბაიჯანის ეკონომიკაში“.
ანალიტიკოსების ნაწილი, ეკონომიკური სარგებლის გარდა, პოლიტიკურ მიზნებს ხედავს.
ბაჰრუზ სამადოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, წერს, თუ რა იზიდავს აზერბაიჯანს „ბრიკსში“:
„ეწინააღმდეგება რა „დასავლურ ჰეგემონიას“, „ბრიკსი“ არადასავლურ ქვეყნებს წარმოაჩენს ფუნდამენტურად „განსხვავებულებად“, უარყოფს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უნივერსალურ კონცეფციებს, სანაცვლოდ კი სხვადასხვა ტიპის ავტორიტარიზმსა და ანტილიბერალიზმს ირჩევს“.
„აზერბაიჯანისთვის ასეთი იდეოლოგიური კომპონენტი მშვენივრად გაამართლებს მის მიერ კრიტიკოსთა მასობრივ დევნას“, - წერს სამადოვი 2024 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში.
23 აგვისტოს ბაჰრუზ სამადოვი თავადაც მოყვა ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ კრიტიკოსთა მასობრივ დევნაში - იგი „ღალატის“ მუხლით დააპატიმრეს.
„რომც დავუშვათ, რომ ასე მოხდეს“...
მართალია, ფიქრობს, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის „ბრიკსში“ ინტეგრაცია არარეალისტურია, გიორგი მელაშვილი ამბობს:
„რომც დავუშვათ, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ეს არ შეცვლის იმ სტატუს-კვოს, რაც კავკასიის რეგიონსა თუ გლობალურ პოლიტიკაში არსებობს“, - ამბობს იგი.
ეს იმიტომ, რომ, როგორც მელაშვილი განმარტავს, „ბრიკსის მთავარი იდეა ამ დრომდე მაინც არის ეკონომიკური თანამშრომლობა“.
„ეს არ არის მაინცდამაინც პოლიტიკური კლუბი, ეს არ არის ნატოს მსგავსი ალიანსი, მას არ ახლავს დასავლური ტიპის უსაფრთხოების გარანტიები ან რაიმე ტიპის პოლიტიკური თუ სამხედრო თანამშრომლობა“.
თუმცა ეს ამბავი მიანიშნებს იმაზე, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ცდილობენ, საკუთარი, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებასო, ამბობს მელაშვილი.
„როგორც თურქეთი, ასევე აზერბაიჯანი აქტიურად ცდილობს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას. ნაწილობრივ ეს ინტერესები დაკავშირებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, რასაც ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით როგორც თურქეთში, ასევე აზერბაიჯანში“, - ამბობს იგი.
„ბრიკსზე იმედები არასწორია“
თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე არათუ თურქეთისა და აზერბაიჯანის „ბრიკსთან“ შეერთებას, არამედ საერთოდ ალიანსის შემდგომ გაფართოებას უყურებს სკეპტიკურად:
„თვითონ მის ქვეყნებს შორისაც დიდი სხვაობებია. სინამდვილეში, მათ არანაირი იდეოლოგიური კავშირი, - გარდა ევროატლანტიკური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ დგომისა, - არ გააჩნიათ. მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე მან ნატოსა და ევროკავშირის რაიმე ტიპის ალტერნატივად შეძლოს ჩამოყალიბება“, - ამბობს ის.
ალიანსის ერთსულოვნების ერთ-ერთ ნათელ შემაფერხებელ ფაქტორად ჩინეთსა და ინდოეთს შორის სასაზღვრო დავა სახელდება, რის გამოც ინდოეთი „ბრიკსის“ გაფართოების თანმხლებ ჩინეთის გავლენის ზრდას დიდი ენთუზიაზმით არ უყურებს.
„მხოლოდ ანტიდასავლური იდეა არ კმარა. ჩინეთსა და ინდოეთს შორის სხვაობებია, რუსეთთან ურთიერთობაც დიდი უნდობლობითაა სავსე. ირანის ანტიდასავლური დგომა კონიუნქტურულია და ხვალ რა მოხდება, არავინ იცის. იმდენი ფაქტორია, რომ "ბრიკსზე" დიდი იმედების დამყარება სწორი არ მგონია“, - ამბობს სანდრო ბაკურაძე.
„დასავლეთში, შეიძლება ერთიანი ევროპის იდეას წყალი ჰქონდეს შემდგარი, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრად უკეთ იყო დამუშავებული და ბევრად მეტი „მყიდველი“ ჰყავდა, ვიდრე „ბრიკსის“ ანტიდასავლურ იდეებს. მით უმეტეს, რომ დღევანდელ რეალობაში, „ბრიკსის“ წევრ ქვეყნებშიც კი, დასავლური რბილი ძალა ძალიან ძლიერია. რამდენი ჩინელი ან რუსი მაღალჩინოსანი გვახსენდება, რომელიც დასავლეთში შვილებს იდეოლოგიური მოსაზრებების გამო სასწავლებლად არ გაგზავნის? მე მგონი, არცერთი. სანამ ეს რბილი ძალა „ბრიკსის“ წევრ ქვეყნებშიც არ შემცირდება და ანტიდასავლურობაზე მიმზიდველი, ერთობის გამამყარებელი იდეოლოგია არ გამოჩნდება, მანამდე, ვფიქრობ, „ბრიკსზე“ დიდი იმედის დამყარება სხვადასხვა ქვეყნის მიერ სწორი არ არის“, - მიიჩნევს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე.
ფორუმი