Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრუზ სამადოვი: ვინ არის აქტივისტი, რომელიც ბაქოში „ღალატის“ ბრალდებით დააკავეს


ოჯახის განახლებული ინფორმაციით, აქტივისტი ბაჰრუზ სამადოვი „სახელმწიფო ღალატის“ ბრალდებით დააკავეს.
ოჯახის განახლებული ინფორმაციით, აქტივისტი ბაჰრუზ სამადოვი „სახელმწიფო ღალატის“ ბრალდებით დააკავეს.

მეგობრებისა და ოჯახის ცნობით, აზერბაიჯანში დაკავებულ აქტივისტ ბაჰრუზ სამადოვს „სახელმწიფოს ღალატში“ სდებენ ბრალს. ის წლებია, აკრიტიკებს აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას. მხარს უჭერდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

ოჯახი, მეგობრები და კოლეგები დარწმუნებული არიან, რომ ბაჰრუზ სამადოვი სინამდვილეში თავისი პოლიტიკური შეხედულებებისათვის და აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ავტორიტარული მმართველობის კრიტიკისათვის დააკავეს.

„გაუჩინარდა“

ბაჰრუზ სამადოვი ბაქოში მეგობარს ოთხშაბათს, 17:00 საათისთვის, უნდა შეხვედროდა. დათქმულ ადგილას რომ არ გამოჩნდა და არც ტელეფონს არ უპასუხა მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში, მეგობარმა განგაში ატეხა.

ბაჰრუზ სამადოვი, რომელიც წლებია, პრაღაში ცხოვრობს, ბაქოში ოთხშაბათს დააკავეს. იგი პარასკევს ჩეხეთში დაბრუნებას გეგმავდა.
ბაჰრუზ სამადოვი, რომელიც წლებია, პრაღაში ცხოვრობს, ბაქოში ოთხშაბათს დააკავეს. იგი პარასკევს ჩეხეთში დაბრუნებას გეგმავდა.

მათმა საერთო მეგობარმა, ჟურნალისტმა ნურლან გარამანლიმ ნაშუაღამევს ტვიტერზე დაწერა: „საღამოს ხუთი საათის შემდეგ ბაჰრუზთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. ვინმეს ხომ არ გინახავთ?“

აღმოჩნდა, რომ ბაჰრუზი კიდევ ერთ მეგობარს, აიხან ზაიეძადეს უნდა შეხვედროდა ოთხშაბათს საღამოს. ზაიეძადე რადიო თავისუფლებას უამბობს:

„ბოლოს ტელეგრამზე 16:25 საათზე მომწერა… ყოველთვის ხუმრობდა ხოლმე, რომ შეიძლება დაეჭირათ, მაგრამ ამ ჯერზე ის დეტალი მოაყოლა, რომ ღალატისთვის დაიჭერდნენ. „ბატონი სამადოვის დაცემაო“, ასე მომწერა. მაინც მეგონა ხუმრობდა“.

„ტელეგრამზე“ „აქტიური“ 19:27 საათისთვის იყოო, ამბობს ზაიეძადე, მაგრამ ჯერჯერობით რაც ვიცით, ბოლო, ვისაც დაკავებამდე სწერდა, მე ვიყავიო.

გარამანლი და ზაიეძადე გვიან ღამით უკვე ერთად იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ ბაჰრუზი, სავარაუდოდ, დაკავებული ჰყავდათ.

„ბაჰრუზის ბებიას ვესაუბრეთ. გვითხრა, რომ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ბებიამ თქვა, პოლიციელებმა მითხრეს, რომ ბაჰრუზი ჩვენ გვყავსო. თქვეს, ნარკოტიკებთან დაკავშირებით ვართო“, - ეუბნება კიდევ ერთი მეგობარი სამად სიხი რადიო თავისუფლებას.

ამ ინტერაქციაზე დაყრდნობით, თავდაპირველად იფიქრეს, რომ სამადოვი „ნარკოტიკების ფლობის“ ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული, - რაც ხელისუფლების ოპონენტების მიმართ დევნის ერთ-ერთი ტრაფარეტული მუხლია.

თუმცა მოგვიანებით, ზაიეძადეს თანახმად, კვლავ ბებიას გააგებინეს, რომ ბაჰრუზ სამადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით.

ჯერჯერობით განცხადება ან ცნობა არც აზერბაიჯანის სამართალდამცავებს არ გაუვრცელებიათ და არც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს.

„ნარკოტიკები“ თუ „ღალატი“

აზერბაიჯანულ ოპოზიციურ გამოცემა Meydan TV-ს სამადოვის ბებია ზიბეიდა ოსმანოვა ეუბნება, რომ ბაჰრუზი სახლიდან ოთხშაბათს, დაახლოებით დღის ოთხ საათზე, გავიდა.

„დაახლოებით ნახევარ საათში ხუთი-ექვსი ადამიანი მოვიდა სახლში. თქვეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ და რომ საჩივარი იყო ნარკოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით“, - ამბობს ის.

„სახლი გაჩხრიკეს, წაიღეს ბაჰრუზის კომპიუტერი, პასპორტი, ორი დიპლომი - ორი უცხოური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, - და ინგლისური წიგნი, რომელშიც ბაჰრუზის სტატიაც არის გამოქვეყნებული. ნარკოტიკები არ უპოვიათ“, - ამბობს ბებია.

„მოგვიანებით დამირეკა ერთმა ადამიანმა, რომელიც გამეცნო, როგორც ადვოკატი, სახელად „ვაფა“, და მითხრა, რომ ბაჰრუზი ეჭვმიტანილია „სახელმწიფოს ღალატში“, რომ აღმოაჩინეს სომხებთან მისი მიმოწერები და რომ სტატიებს მათი დაკვეთით წერდა“, - ეუბნება გამოცემას ზიბეიდა ოსმანოვა.

ბაჰრუზ სამადოვი 2020 წლის 9 სექტემბერს პოლიციასთან დაპირისპირებისას, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის, ტოფიგ იაგუბლის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე
ბაჰრუზ სამადოვი 2020 წლის 9 სექტემბერს პოლიციასთან დაპირისპირებისას, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის, ტოფიგ იაგუბლის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე

მაგრამ იგი ბრალდებებს უარყოფს.

არც ოჯახმა და არც მეგობრებმა ამ დრომდე არ იციან, რომელ განყოფილებაში ჰყავთ აქტივისტი გადაყვანილი.

მას ჯერ არ ჰყავს ადვოკატი.

მკვლევარი, აქტივისტი, მესვეტე

ბაჰრუზ სამადოვი 2019 წლიდან ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტია. წლებია, ცხოვრობს პრაღაში, თუმცა შიგადაშიგ სახლში, ბაქოში ბრუნდება ხოლმე.

ბებიის ცნობით, ერთი თვის წინ ჩამოვიდა ბაქოში, საზაფხულო არდადეგებზე.

სამადოვის კიდევ ერთი მეგობრის, თურხან ქარიმოვის ცნობით, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა ამჟამად პრაღაში იმყოფება, სამადოვი პარასკევს პრაღაში დაბრუნებას გეგმავდა.

ქარიმოვის თქმით, 21 აგვისტოს, ნაშუადღევს, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ტელეფონით ესაუბრა სამადოვს.

„მწერდა, პრაღაში ვიქნები პარასკევს დაბრუნებული და რამე ხომ არ გინდა წამოგიღოო“, - ეუბნება ქარიმოვი რადიო თავისუფლებას.

ოჯახი და მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ ბაჰრუზ სამადოვი პოლიტიკური შეხედულებების გამო დააპატიმრეს და მისი დაკავება უკანონოა.

ბაჰრუზ სამადოვი კარგად ნაცნობი ფიგურაა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებზე მომუშავე კვლევითი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისათვის.

აქტივიზმთან ერთად, იგი შიგადაშიგ აქვეყნებს პუბლიკაციებს გამოცემა OC Media-ში, რომელიც კავკასიის საკითხებზე მუშაობს.

„ნათელია, რომ ბაჰრუზი პოლიტიკური მიზეზების გამო დააკავეს, იმის მიუხედავად, რეალურად რას წარუდგენენ ბრალად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე.

მარიამ ნიკურაძე, ჟურნალისტი, OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი
მარიამ ნიკურაძე, ჟურნალისტი, OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი

„თავდაპირველად საუბარი იყო ნარკოტიკებზე, ახლა თითქოს „ღალატზე“. ზუსტად ჯერ არ ვიცით. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს დაკავება მის აქტივიზმთან და მის პუბლიკაციებთან არის დაკავშირებული“, - ამბობს ის.

„მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პუბლიკაცია, რომელიც ჩვენთან გამოქვეყნდა, გამოქვეყნდა ომის დროს, სადაც ის მშვიდობაზე ლაპარაკობდა. ბაჰრუზს არასდროს ეშინია და ეშინოდა საკუთარი აზრის საჯაროდ თქმა რისკების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ მისი მოსაზრებები ხშირად არ არის პოპულარული, განსაკუთრებით კონფლიქტის, როცა კონფლიქტზე წერს“, - გვეუბნება მარიამ ნიკურაძე.

რას წერს ბაჰრუზ სამადოვი

პუბლიკაციებში, - ისევე, როგორც სოციალურ ქსელებში, - ბაჰრუზ სამადოვი მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლების ავტორიტარიზმს, ქვეყნის მილიტარისტულ რიტორიკასა და მიდგომებს და ეწინააღმდეგება ომს.

„აზერბაიჯანს სჭირდება ნაციონალისტური მილიტარიზმის ალტერნატივა“, - ასე ჰქვია მის ერთ-ერთ პუბლიკაციას, რომელიც 2023 წლის მარტში გამოქვეყნდა.

2023 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანმა საბოლოოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა კონტროლი მთიან ყარაბაღზე. ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა იძულებული გახდა, გაქცეულიყო.

ბაჰრუზ სამადოვი ერთ-ერთი იყო, რომელმაც ყარაბაღის 2020 წლის ომის მიმდინარეობისას ხელი მოაწერა მემარცხენე აქტივისტების განცხადებას, რომელიც ომს ეწინააღმდეგებოდა.

ის ერთ-ერთი იყო აქტივისტთა იმ მცირე ჯგუფიდან, რომელიც თან ეწინააღმდეგებოდა ეთნიკური სომხების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს და თან ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობდა.

ბოლო პერიოდში წერდა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაზეც.

27 ივლისს IPS-ზე გამოქვეყნდა მისი სტატია, რომელშიც აზერბაიჯანის „ბრიკსში“ გაწევრების სურვილზე წერს; საუბრობს აზერბაიჯანის მიერ ჩინეთთან დაახლოებაზე, ბაქოს და რუსეთის მიერ სომხეთის პროდასავლური შემობრუნების ერთ ხმაში კრიტიკაზე; ასევე წერს, რომ „აზერბაიჯანი ამჟამად ისეა დაშორებული ადამიანის უფლებებს, როგორც არასოდეს“.

2023 წლის დეკემბერში წერდა, როგორ იყენებს აზერბაიჯანი „ანტიკოლონიალისტურ რიტორიკას“ - ძირითადად, საფრანგეთის წინააღმდეგ - საკუთარი მზარდი ავტორიტარიზმის გასამართლებლად.

„ნაცნობი კონტექსტი“

აზერბაიჯანი პრესისა თუ სიტყვის თავისუფლების ინდექსებში მაჩვენებლებს წლიდან წლამდე აუარესებს.

ახლა იგი 180-დან 151-ე ადგილზეა ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF), პრესის თავისუფლების ინდექსში.

„არცერთი დამოუკიდებელი ტელევიზია ან რადიო არ მაუწყებლობს ქვეყნის შიგნიდან და ყველა კრიტიკული პოზიციის მქონე ბეჭდური გაზეთი დაიხურა“, - წერს RSF.

აზერბაიჯანის ხელისუფლება მუდმივად აახლებს დევნას დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე.

დაკავებების ტალღაში 2023 წელს 20-მდე ადამიანი მოჰყვა.

მორიგი ტალღა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP) ბაქოში ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე. COP 11-დან 22 ნოემბრამდე ტარდება.

აპრილის ბოლოს დააკავეს ანარ მამადლი, "არჩევნებზე დაკვირვების და დემოკრატიული განათლების ცენტრის" ხელმძღვანელი. დღესვე, 22 აგვისტოს, მისი წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივეს.

ანარ მამადლი
ანარ მამადლი

მამადლის ადვოკატმა ელჩინ სადიქოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამადლის დაკავება უკავშირდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაორგანიზაციის, Abzas Media-ს რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს.

ჟურნალისტები ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში არიან „უცხო ქვეყნის ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით - რომელსაც ჟურნალისტები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად აცხადებენ.

16 ივნისს დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ნიჯატ ამირასლანოვი, მოძრაობა NIDA-ს წევრი.

აგვისტოს დასაწყისში, აზერბაიჯანის ხელისუფლების თხოვნით თბილისში დააკავეს ჟურნალისტი, Azel TV-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვიც.

მას აზერბაიჯანში ექსტრადიცია ემუქრება. ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაშია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG