Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი დაძაბული მეორე ტურის წინ და სადავო რუკა


14 მაისს, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლმენტო არჩევნები გაიმართა.
14 მაისს, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლმენტო არჩევნები გაიმართა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, თურქეთში, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველობის დროს, ოპოზიციამ გამარჯვებასთან უპრეცედენტო მიახლოება, ძალების გაერთიანებით, პირველად შეძლო; თუმცა ეს ძალისხმევა ჯერჯერობით საკმარისი არ აღმოჩნდა  საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად. ახლა ყველა მეორე ტურის მოლოდინშია.

გაერთიანებული ოპოზიციის „ნაციონალური ალიანსის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, სეკულარულმა ლიდერმა - ქემალ ქილიჩდაროღლუმ მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში მოუგო. თუმცა საერთო მაჩვენებლით, ქილიჩდაროღლუ (44,96%) თითქმის 5%-ით ჩამორჩება ერდოანს (49,4%).

მეორე ტური 28 მაისს ჩატარდება.

6 პარტიის ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის საბოლოო გამარჯვება ბევრისთვის სათუო გახდა მას შემდეგ, რაც მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა ასევე 14 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში.

თურქეთის დაძაბულ საარჩევნო ორთაბრძოლას ექსპერტები იმთავითვე ხედავდნენ დაპირისპირებად ანტიდასავლურ და პროდასავლურ ძალებს შორის. წყალგამყოფი გამოიკვეთა საქართველოშიც - ანტიდასავლურმა და პრორუსულმა ძალებმა ანტიამერიკული განწყობებით გამორჩეულ რეჯეპ ტიპ ერდოანს ღიად დაუჭირეს მხარი.

საქართველოში ქილიჩდაროღლუმ მოიგო

თურქულ წყაროებში გავრცელებული, ჯერ არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში 63.58%-ით ქემალ ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვა, ხოლო რეჯეპ ტაიპ ერდოანი, 31.34%-იანი მაჩვენებლით, მეორე ადგილზე გავიდა.

ინფორმაცია თურქეთის მედიიდან
ინფორმაცია თურქეთის მედიიდან

თბილისში მცხოვრებმა ნური ანარიმ ხმა საქართველოში თურქეთის საელჩოში მისცა. თავის არჩევანს არ ამხელს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში „ნამდვილად მოქმედი პრეზიდენტი - ერდოანი გაიმარჯვებს“.

„გათენების 6 საათამდე ვადევნებდი თვალყურს არჩევნების შედეგების გამოცხადებას... პარლამენტში უმრავლესობა მმართველმა პარტიამ აიღო და ოპოზიციის კანდიდატმა [ქილიჩდაროღლუ] რომც გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მას საკუთარი ინიციატივების [მაგალითად - სირიაში ჯარის ყოფნა-არყოფნაზე] გატანა პარლამენტში გაუჭირდება და, როგორც თურქი ექსპერტები ამბობენ, 1-2 წელიწადში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საჭიროება გაჩნდება“, - ეუბნება ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნური ანარი რადიო თავისუფლებას, ის სტამბოლში მოქმედი „ქართული კულტურის სახლის“ დამფუძნებელია.

ანარი ამბობს, რომ საქართველოში მცხოვრებ თურქებს არჩევნების მიმართ "განსაკუთრებული ინტერესი არ ჰქონიათ" და როცა საელჩოში მივიდა, მის გარდა "მეტი არავინ იყო".

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა საქართველოში მიიღო 2306-მა ამომრჩეველმა.
საქართველოში არჩევნები ერთი კვირით ადრე, თბილისში მოქმედ საელჩოსა და ბათუმში მოქმედ საკონსულოში გაიმართა.
ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის მხარდაჭერა უფრო მაღალია თბილისში - 68.73%. ბათუმში, წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 57.75% მოიპოვა. თურქეთის საარჩევნო ადმინისტრაციას ოფიციალური საბოლოო მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ერდოანმა საქართველოში არჩევნები 2018 წელსაც წააგო, 36.2%-იანი მაჩვენებლით, მის მთავარ მაშინდელ მეტოქე მუჰარემ ინჯესთან 49.3%.

მეზობელ თურქეთში ჩატარებულ არჩევნებს თვალს ყურადღებით ადევნებენ საქართველოს მოქალაქეებიც. ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრე, ანტიდასავლური და პრორუსული ძალები უპირატესად მოქმედ პრეზიდენტს, რეჯებ ტაიპ ერდოანს გულშემატკივრობენ. მათი ლოგიკა ასეთია: თუკი თურქეთში დასავლეთის ინტერესები გაიმარჯვებს, „დაუძინებელი მეგობრები“ [როგორც ისინი ამერიკელებს უწოდებენ] შეძლებენ ომში გახვიონ მთელი რეგიონი; რომ დასავლეთი ატყუებს თურქეთს და სხვა.

ამ ყველაფერს სრულ აბსურდად მიიჩნევენ ოპოზიცია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები. პარალელურად, ბევრი ქართველი ექსპერტი თვლის, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთში მეტი დემოკრატიული რეფორმა გატარდება და მეტად დემოკრატიული თურქეთი, რომელიც განაახლებს სვლას ევროკავშირისკენ - უფრო სასარგებლო იქნება საქართველოსთვის.

როგორია მეორე ტურის პროგნოზი

ოპოზიციური „ნაციონალური ალიანსის“ კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუსთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება რომ იოლი არ იქნება, ამას დღეს ბევრი ექსპერტი მიუთითებს. ერთ-ერთი მთავარ ფაქტორი - პოლიტიკური ფონია: თურქეთის პრეზიდენტის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" უკვე გაიმარჯვა ასევე 14 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში და თურქეთის 600-წევრიან პარლამენტში ის, სავარაუდოდ, 322 მანდატს განკარგავს.

თუმცა ჯერ 100%-ით არაფერია გადაწყვეტილი. გადამწყვეტი იქნება, ვის მიემხრობიან მესამე საპრეზიდენტო კანდიდატის - სინან ოჰანის [5.21%] ამომრჩევლები.

თავად სინან ოჰანმა ღიად გამოაცხადა, რომ თავისი ამომრჩევლის ხმებს იმ კანდიდატს გადაულოცავს, ვინც მისი მოთხოვნების შესრულებას დაეთანხმება. ექსპერტები მნიშვნელოვან, მაგრამ არასაკმარის პირობად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სინან ოჰანი, ქემალ ქილიჩდაროღლუს მსგავსად, სეკულარული პრინციპების მიმდევარია.

ქემალ ქილიჩდაროღლუ
ქემალ ქილიჩდაროღლუ

დასავლეთისკენ, რუსეთის წინააღმდეგ?

დასავლეთის ქვეყნების ლიდერები საარჩევნო პროცესებს თავშეკავებულად აკვირდებოდნენ;

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ქილიჩდაროღლუს გამარჯვება „დასავლეთს შვებას მოჰგვრიდა“, ხოლო „რუსეთს ააფორიაქებდა“, რადგან ევროპელი ლიდერებისთვის ქილიჩდაროღლუს თურქეთი „უფრო იოლი“ პარტნიორი გახდებოდა; ხოლო რუსეთს შესაძლოა დაეკარგა „მნიშვნელოვანი ეკონომიკური და დიპლომატიური“ პარტნიორი - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი.

74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და მისი კოალიცია დასავლეთთან კიდევ უფრო მჭიდროდ დაახლოებისა და ნატოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრენი არიან. ისინი აპირებენ გამოაცოცხლონ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და იმოქმედონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად.

ქილიჩდაროღლუს რუსეთში „დასავლეთის პროექტად“ მოიხსენიებენ. ასევე ხშირად ისმის კრემლის რიტორიკა, რომ ერდოანის ოპოზიცია „თურქულ ოჯახებში ქალის ქალთან და კაცის კაცთან ქორწინების“ პროპაგანდას ეწევა.

რუსი ექსპერტები და სახელმწიფო მედია შიშობენ, რომ პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტის გამარჯვების პირობებში, ისინი დაკარგავენ თურქეთს - რომელთანაც, ერდოანის პირობებში, იმავე ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობის კუთხით, ბევრი საერთო გამონახეს.

თურქეთის საკითხების სპეციალისტი ქამრან მამედოვი რეჯეპ ტაიპ ერდოანის პოლიტიკას „პრორუსულად“ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ამჟამინდელი თურქეთის პოზიცია „პროუკრაინული ნეიტრალიტეტია“.

ქამრან მამედოვის განმარტებით, ერდოანის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთვის საზიანოდ ვერ ჩაითვლება, რადგან ანკარა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ქილიჩდაროღლუს არასოდეს უთქვამს, რომ ის ანტირუსულ პოლიტიკას გაატარებს, თუმცა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, განაცხადა, რომ რუსეთი პროცესში თავისი დეზინფორმაციული მექანიზმებით ერევა.
„თუ გინდა მეგობრობის გაგრძელება, ხელები შორს წაიღე თურქეთის სახელმწიფოსგან. ჩვენ ისევ თანამშრომლობისა და მეგობრობის მომხრე ვართ”, - თქვა ქემალ ქილიჩდაროღლუმ რამდენიმე დღის წინ.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი მკაფიოდ ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩევა და მთავარ მეტოქე ქილიჩდაროღლუს, „დასავლეთის ინსტრუქციებით“ მოქმედს უწოდებს. ერდოანი თვლის, რომ ამჟამად თურქეთის ინტერესებს არა რუსეთი, არამედ - დასავლეთი უპირისპირდება. მის განცხადებებს შორის ხშირად არის - ანტიდასავლური და პრორუსული ძალებისთვის დამახასიათებელი მესიჯები - რომ თითქოს დასავლეთი ოჯახის სიწმინდესა და მშვიდობას ებრძვის.

  • „ოჯახის ინტერესების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ არ დავუშვებთ გარყვნილი ცხოვრების წესის თავს მოხვევას, როგორც ლგბტ თემს უნდა, თავისუფლების სახელით“, - ამბობდა ერდოანი სხვადასხვა დროს.
  • „ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“, - ესეც ერდოანის სიტყვებია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ომში ჩათრევასთან დაკავშირებით ერდოანის განცხადება კვლავ „გლობალური ომის პარტიას“ დაუკავშირა და მარტის მიწურულს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „გლობალური ომის პარტიას“„აქვს ინტერესი მაქსიმალურად გახანგრძლივდეს, მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი“ და „სამხედრო კონფლიქტი შეიძლება, მათი სურვილის, მიხედვით გადავიდეს სხვა ქვეყნებში“.

საერთაშორისო ექსპერტები შიშობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, რეჯეპ ტაიპ ერდოანი კიდევ უფრო განიმტკიცებს ძალაუფლებას და თურქეთში შესაძლოა დიქტატურა ჩამოყალიბდეს, რაც ცუდი იქნება მთელი რეგიონისთვის.

სადავო რუკა

ქამრან მამედოვისთვის სრულიად გაუგებარი იყო ქემალ ქილიჩდაროღლუს მიერ 7 მაისს, ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში [1:20 წუთიდან] ნაჩვენები რუკა, რომლის მიხედვითაც თურქეთის ჩინეთთან დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფანი „აზერბაიჯანზე აღარ გადის“ და „შესაბამისად - ვერც საქართველოზე გაივლის“.

„მგონია, რომ ეს რუკა მას რაღაცნაირად, უხეშად რომ ვთქვა - ჩაუდეს, თითქოს... რადგან ასეთ პროექტებში, „შუა დერეფანი“ რომ ავიღოთ, სწორედ აზერბაიჯანი და საქართველოა ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი... არ ვიცი, შეიძლება შეცდომა მოუვიდათ, აღარ გაუკეთებიათ განმარტება. ტვიტერზე ამას ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა და ჩემი მოსაზრება მეც დავწერე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მამედოვი. ამ რუკის გამოჩენამ ექსპერტი გააკვირვა, რადგან ქილიჩდაროღლუს ოპოზიციურ კოალიციაში აზერბაიჯანთან მტკიცე მოკავშირეობის მომხრეც ბევრი ეგულება.

მამედოვი მოელის, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, განმარტებები ამ რუკაზეც უნდა გაკეთდეს.

სააგენტო ანადოლუს ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა მალევე დაურეკა თურქ კოლეგას და მის პარტიას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

„რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველობის დროს თურქეთმა დიდ პროგრესს მიაღწია და ამის გამოვლინებაა, რომ მოძმე თურქმა ხალხმა თავის ლიდერს ნდობა ამ არჩევნებზეც გამოუცხადა“, - განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ „ერდოანის ლიდერობა ასევე ძალიან ფასეულია თურქული სამყაროსთვის“.

რაც შეეხება არჩევნების მიმართ ნდობას, ექსპერტები აცხადებენ, რომ ავტოკრატიული მმართველობის მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტს არა აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენა თურქეთის ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, თურქეთის რესპუბლიკაში არსებობს ამ უწყების მიმართ ნდობა და, შესაბამისად, ნაკლებად მოელიან, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას თურქეთში არეულობა მოჰყვება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. თბილისში მცხოვრები ნური ანარი ხმის მისაცემად მისვლას კვლავ გეგმავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG