Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ - ვის უშვებენ?

თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ - ვის უშვებენ?


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 23-24 თებერვალს, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, სულ ცოტა, ათამდე ადამიანს აცნობეს - სხვადასხვა დეპარტამენტიდან.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 23-24 თებერვალს, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, სულ ცოტა, ათამდე ადამიანს აცნობეს - სხვადასხვა დეპარტამენტიდან.

თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებენ, რეორგანიზაციის საფუძვლით. როგორც ირკვევა, 11 მარტიდან გათავისუფლებულთა დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ პეტიციაზე. მათ უმრავლესობას ცოდნა მიღებული აქვს აშშ-ისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში.

სამსახურიდან გათავისუფლება რამდენიმე თანამშრომელმა უკვე საჯაროდაც დაადასტურა. დანარჩენები ჯერჯერობით თავს იკავებენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 23-24 თებერვალს, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, სულ ცოტა, ათამდე ადამიანს აცნობეს - სხვადასხვა დეპარტამენტიდან. მოელიან პროცესის გაგრძელებას.

თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ იანვარში გახდა ცნობილი. მანამდე, თანამშრომლები არაერთი სხვა უწყებიდან გაათავისუფლეს.

ვის უშვებენ?

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების მთავარ სპეციალისტს, ანანო გორგოძეს, სისტემაში 7-წლიანი მუშაობის შემდეგ, უკვე გამოუცხადეს, რომ 11 მარტიდან სამსახური უნდა დატოვოს. ოპტიმიზაციის საფუძვლით დაწყებული რეორგანიზაცია შეეხო მთელ მის განყოფილებას.

„პერსონალურ მონაცემთა განყოფილება მთლიანად გაუქმდა. დარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი - ოფიცრად. კანონის მოთხოვნაა, რომ საჯარო დაწესებულებას ოფიცერი უნდა ჰყავდეს; მაგრამ გამოდის, რომ ერთმა ადამიანმა უნდა შეითავსოს მთელი სამინისტროსა და სიპების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. პრაქტიკულად შეუძლებელი მგონია”, - ანანოს ეჭვი არ ეპარება, რომ სამსახურიდან მისი გაშვების რეალური მიზეზი პეტიციაზე ხელმოწერაა და სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყების დღიდან სწორედ ასეთ შედეგს მოელოდა.

„როგორც პეტიციის ხელმომწერი, ცოტა შეურაცხყოფილადაც ვიგრძნობდი თავს, რომ დავეტოვებინე”, - ესეც მისი სიტყვებია.

ანანო გორგოძეს სამინისტროში წარმატებულ თანამშრომლად იცნობენ, რომლის ძალისხმევითაც პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის სტანდარტებზე აწყობილი სისტემა დაინერგა და გამოცდილება სასარგებლო აღმოჩნდა სხვა უწყებებისთვისაც.

აპირებს, რომ სამსახურიდან გაშვების უსამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივროს, მაგრამ არა ახლა, არამედ სამართლიან გარემოში - „როცა შეიცვლება საერთოდ სისტემა და ასეთი დამოკიდებულებები [დასაქმებულებთან]”.

სამსახურიდან გაშვებას იმავე პეტიციის ხელმოწერას უკავშირებს მიხეილ რამაზაშვილიც - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ნატოსთან თანამშრომლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. რამაზაშვილმა ეს რადიო თავისუფლებასაც დაუდასტურა, თუმცა დამატებითი განმარტებებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მიხეილ რამაზაშვილი 9 წელზე მეტხანს მუშაობდა.

გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში რამაზაშვილი ადასტურებს ერთგულებას ევროატლანტიკური გზისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ. ის ასევე აღნიშნავს, რომ - „სამშობლოს ცნება მეტია ვიდრე ხელფასი”.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია კიდევ არაერთი ადამიანი, რომლებსაც თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან უშვებენ, თუმცა ისინი კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

თავდაცვის უწყებიდან გათავისუფლება სოციალურ ქელებში დაადასტურეს მაკა კევლიშვილმა და მარიამ ობოლაშვილმა. ორივე მათგანი პეტიციის ხელმომწერია.

„ვრჩები ქართველი ხალხის, ევროპული ღირებულებების და საქართველოს საუკეთესო ეროვნული ინტერესების ერთგული“, - წერს მარიამ ობოლაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

რადიო თავისუფლების შეკითხვებს არ პასუხობენ თავდაცვის სამინისტროში. კომუნიკაციის დამყარება ვერც პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან შევძელით.

„გარკვეული ოპტიმიზაცია მოხდა, შესაბამისად - გარკვეული ადამიანები დათხოვნილ იქნენ, კანონის მოთხოვნების ყველა ნორმის დაცვით. ნაწილს, შეიძლება, ვიღაცას [პეტიციაზე] ხელი ჰქონდეს მოწერილი, ვიღაცას შეიძლება არ ჰქონდეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების” თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, 25 თებერვალს, კოჯორში ყოფნის დროს, მედიის შეკითხვებზე საპასუხოდ. მან „არასწორი” უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სისტემიდან გათავისუფლებულ ყველა თანამშრომელს ხელი აქვს მოწერილი პროდასავლური შინაარსის პეტიციაზე.

რა პეტიციას მოაწერეს ხელი თანამშრომლებმა?

თავდაცვის სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა პეტიციას 2024 წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში მოაწერა ხელი, მას შემდეგ - რაც „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება - ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი ეტაპის [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის] 4 წლით გადავადების შესახებ.

სწორედ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა უწყვეტი საპროტესტო აქციების მასშტაბური ტალღა, რომელიც უკვე თითქმის 3 თვეა გრძელდება და ყოველ საღამოს იკეტება რუსთაველის გამზირი.

  • თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა პეტიციაში არავინ არის დადანაშაულებული და ტექსტი არ არის მიმართული „ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ.
  • მასში გამოხატულია ერთგულება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ და ხაზგასმულია კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვის აუცილებლობა.

„სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით”, - წერია პეტიციის ტექსტში

ბოლო დღეებში თავდაცვის სისტემიდან გათავისუფლებულ ათამდე ადამიანს პირადად იცნობს გიორგი შაიშმელაშვილი - პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლების მოედნის” წარმომადგენელი, რომელიც თავდაცვის უწყებიდან 2023 წელს გაათავისუფლეს - „აგენტების კანონთან” დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს.

„რასაც ახლა ვხედავთ, ძირითადად ის ადამიანები რჩებიან სამსახურის გარეშე, რომლებმაც ხელი მოაწერეს იმ უწყინარი შინაარსის პეტიციას, რის შემდეგაც სწრაფად დაიწყო სამინისტროში რეორგანიზაცია. ეს არის ვითარება, როდესაც ხდება ამ ადამიანების მასობრივი დასჯა - ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისთვის”, - გიორგი შაიშმელაშვილი ასევე გვეუბნება, რომ სამინისტროდან ათავისუფლებენ საუკეთესო პროფესიონალებს, ძალიან საჭირო თანამშრომლებს, რომლებსაც „განათლება მიღებული აქვთ აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში” და ამ სწავლის დაფინანსება ხდებოდა „უსაფრთხოების სფეროში საგარეო დახმარების ფარგლებში, რათა თავდაცვის სამინისტროში ემუშავათ ადამიანებს, რომლებიც ერთ ენაზე ილაპარაკებდნენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან”.

„ეს [თანამშრომლების საუკეთესო ნაწილის გათავისუფლება] არის რაღაცნაირი დემარში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართაც”, - ეუბნება შაიშმელაშვილი რადიო თავისუფლებას.

გიორგი შაიშმელაშვილი თვლის, რომ თავიანთ მიდგომებს საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადახედონ და რამდენადაც მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის ფორმატების შენარჩუნება, ამდენადვე აუცილებელია - რომ დასავლეთის ქვეყნების დახმარებების პროგრამებს მუდმივად ახლდეს ქართული მხარისთვის კონკრეტული პირობების შესრულების ვალდებულება.

  • 11 მარტიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში მთელი რიგი, მათ შორის - სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და ამაზე „ქართული ოცნების” თავდაცვის მინისტრის ორი ახალი ბრძანება მიუთითებს.
  • ორივე ბრძანება 20 თებერვლით თარიღდება და უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.
  • #20 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.

თავდაცვის უწყების თანამშრომელთა პეტიციის ხელმომწერთა შორის მრავლად არიან თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

გიორგი შაიშმელაშვილისთვის ღიმილისმომგვრელია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მომავალი თანამშრომლებისთვის თავდაცვის სამინისტრო დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აწესებს, მაშინ, როდესაც ყოველმხრივ მომზადებულ, პროფესიონალ და კვალიფიციურ კადრებს სამსახურიდან მასობრივად უშვებენ.

თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლებამდე დაწყებული იყო საჯარო მოხელეთა გათავისუფლების პროცესი სხვა არაერთ უწყებაში. ტენდენციები მსგავსია - სამსახურიდან გათავისუფლებულთა დიდი ნაწილი, საზოგადოების პროტესტის ფონზე, თავ-თავიანთ უწყებებში პროდასავლური შინაარსის პეტიციებს აწერდა ხელს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG